fbpx

ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის შთამბეჭდავი სასიყვარულო მიმოწერა


გააზიარე სტატია

“რატომ არის სიყვარული ყველაზე მდიდარი ადამიანურ განცდებს შორის და ტკბილი ტვირთი მათთვის, ვინც მას ზიდავს? იმიტომ,  რომ ჩვენ ვხდებით ის, რაც გვიყვარს და ამით ვინარჩუნებთ საკუთარ თავსაც”.

გერმანელი მწერალი და პოლიტიკის თეორეტიკოსი ჰანა არენდტი (1906-1975)  მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მოწინავე ინტელექტუალი და  პირველი ქალი იყო, რომელიც გიფორდის ლექციებს კითხულობდა   – წყარო  პრინციპული განსხვავების დადგენისა სიმართლესა და  ჭეშმარიტებას, დროს, სივრცესა და ადგილს შორის, რომელშიც იმყოფება მოაზროვნე “ego”. არენდტიც კი არ ყოფილა დაცული ახალგაზრდული იმპულსისგან – გათავისუფლებულიყო საკუთარი კონტროვერსიულობისგან.

19 წლის სტუდენტს შეუყვარდა დაქორწინებული 36 წლის პროფესორი მარტინ ჰაიდეგერი (1889–1976), რომელმაც უზარმაზარი როლი შეასრულა ფენომენოლოგიასა და ეგზისტენციალიზმში. ამ წლებში ჰაიდეგერი შეუერთდა ნაცისტურ პარტიას და მათი წყალობით მიიღო კიდეც აკადემიური თანამდებობა.   ჰაიდეგერმა თანამდებობა და ნაცისტური პარტია ერთი წლის შემდეგ დატოვა, მოგვიანებით კი სტუდენტს უთხრა, რომ ამ პოზიციის დაკავება მისი მხრიდან ცხოვრებაში ჩადენილი ყველაზე დიდი სისულელე იყო, თუმცა ფილოსოფოსმა  ვერ შეძლო ამის საჯაროდ მონანიება.

იმ ფაქტში, რომ ჰაიდეგერმა შეიყვარა ებრაელი, არენდტმა დაინახა ძალა და პრივილეგია,   განდევნილობა კი,   მან თავისი იდენტობის განმსაზღვრელად აქცია.  

მარტინ ჰაიდეგერი აღწერდა მათ რომანს, როგორც ყველაზე ამაღელვებელს, კონცენტრირებულსა და ბობოქარს, მათმა შემოქმედებითმა ცხოვრებამ კი  გამოკვება ჰაიდეგერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი “ყოფიერება და დრო”.  “ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მომხდარა”, – წერს ჰაიდეგერი თავის ერთ-ერთ პირველ სასიყვარულო წერილში. წერილები – 1925-1975, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება, შექმნილია პირველ რიგში – როგორც შეყვარებულების, შემდეგ – როგორც  მეგობრებისა და ინტელექტუალი მეწყვილეების სტატუსით.

1925 წლის თებერვალში არენდტისადმი მიწერილ პირველ წერილში ჰაიდეგერი აღნიშნავს:

“ძვირფასო მის არენდტ,

უნდა მოვიდე ამაღამ და თქვენს  გულს გავესაუბრო.

ჩვენს შორის ყველაფერი ნათელი  და ცხადი უნდა გახდეს. მხოლოდ ამის შემდეგ  ვიქნებით უფლებამოსილნი, რომ ერთმანეთს შევხვდეთ.  თქვენ ჩემი სტუდენტი ხართ, მე კი თქვენი მასწავლებელი.  მაგრამ ეს არის ერთადერთი დაბრკოლება, რაც ჩვენს შორის არსებობს.
მე არასდროს მექნება საშუალება გიწოდოთ  “ჩემი”, მაგრამ ამიერიდან ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ  და ის ისაზრდოებს თქვენთან ერთად.

ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რად შეიძლება იქცეს  სხვებისთვის ჩვენი არსებობა.” 

ჰაიდეგერი თავიდანვე მიზნად ისახავს, შეათანხმოს თავისი გრძნობების ინტენსივობა იმასთან, რაც არენდტის რაციონალურ ინტერესებს უპასუხებს:

“კვალი, რომელსაც შენი ნორჩი სიცოცხლე დატოვებს, ამოუცნობია.    ჩვენ ამას უნდა შევურიგდეთ. და ჩემი თქვენდამი ერთგულება მხოლოდ დაგეხმარებათ,  შეინარჩუნოთ საკუთარი თვითმყოფადობა.
[…]

იყავით ბედნიერი – მხოლოდ ესაა ჩემი სურვილი. 

როცა თავს ბედნიერად იგრძნობთ, მხოლოდ მაშინ გახდებით ქალი, რომელსაც შეუძლია ასხივებდეს ბედნიერებას, იყოს მტკიცე, თავდაჯერებული და მადლიერი ცხოვრების მიმართ.

მხოლოდ ამ გზით შეძლებთ, მოემზადოთ სათანადოდ იმ ცოდნისთვის, რითაც უნივერსიტეტმა მომავალში უნდა უზრუნველგყოთ. 

ჩვენ მოგვეცა ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა და ეს უნდა მივიღოთ, როგორც საჩუქარი. ამიტომ უნდა შევეცადოთ, არ გაცვდეს ეს გრძნობა ჩვენივე წარმოსახვით ყოფიერების სისპეტაკეში. 

ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ერთმანეთი მონათესავე სულებად, რადგან ასეთი რამ არავის გამოუცდია. ეს ყველაფერი ჩვენს მეგობრობას გადააქცევს ვალდებულებად, რომელთან ერთადაც უნდა გავიზარდოთ.

მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვისურვებდი, სრულყოფილ შუბლზე ამბორით პატივი მიმეგო თქვენი დამსახურებებისთვის ჩემს ნაშრომში. “

11 დღის შემდეგ ჰაიდეგერის ვნება იძენს უზარმაზარ სიმძლავრეს და ფეთქდება ფილოსოფიურ ნააზრევში:

“ძვირფასო ჰანა, 

რატომ არის სიყვარული ყველა სხვა ადამიანურ განცდაზე მდიდარი  და ტკბილი ტვირთი მათთვის, ვინც მას ზიდავს? იმიტომ, რომ ჩვენ ვხდებით ის, რაც  გვიყვარს და ამით ვინარჩუნებთ საკუთარ თავსაც. გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ საყვარელი ადამიანის მიმართ, მაგრამ ვერ ვპოულობთ შესაბამის სიტყვებს.

ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ საკუთარი თავების მიმართ ვიყოთ მადლიერნი.  სიყვარული გარდასახავს მადლიერებას საკუთარი თავისადმი ერთგულებასა და სხვისადმი უპირობო რწმენაში. სწორედ ამგვარად აძლიერებს სიყვარული საკუთარ უშინაგანეს საიდუმლოს. 

აქ სიახლოვე გულისხმობს ყველაზე დიდი მანძილით დაშორებას. დისტანცია, რომელიც არაფერს აბუნდოვნებს, გათავსებს უბრალო აწმყოში, გამჭვირვალე, მაგრამ შეუმეცნებელ გამოცხადებაში. სხვისი ყოფნა მოულოდნელად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში – ამასთან გამკლავება არც ერთ სულიერს არ შეუძლია. ერთის  ბედი ერწყმის მეორის ბედს, ხოლო სიყვარულის დანიშნულება გულისხმობს შეინარჩუნოს ეს პროცესი, ისეთივე ცოცხლად, როგორიც იყო პირველივე დღეებში.”

რომანის ერთი წლის თავზე,  არენდტმა მოულოდნელად შეცვალა სიტუაცია, რადგან სურდა, სრულიად ფოკუსირებულიყო ფილოსოფიაში აკადემიურ  საქმიანობაზე.

1926 წლის იანვარში ჰაიდეგერი  იკრებს ძალისხმევას, თავს უყრის  თავის კონტრვერსიულ შეგრძნებებს – გულისტკივილსა და გულწრფელობას, და არენდტს წარმატებას უსურვებს. 

“ჩემო ძვირფასო ჰანა!
მესმის შენი, მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობას არ ამსუბუქებს.” 

არენდტის წერილი დაშორების თაობაზე არ არის შემორჩენილი, მაგრამ საფიქრებელია, რომ მან ეს გადაწყვეტილება საქმეზე ორიენტირებით გაამართლა.     ეს იყო პარადოქსული საქციელი კმაყოფილებისკენ მსწრაფველი ადამიანისა, რასაც ჰაიდეგერი საპასუხო წერილში განმარტავს:

“შემოქმედებითი მოღვაწეობის მსხვერპლად ყოველივე ყოფითისგან გარიდება,  ნებისმიერი კავშირისგან თავის არიდება არის ყველაზე დიადი ადამიანური გამოცდილება. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციებს, ეს არის ყველაზე საძაგელი გამოცდილება, რომელსაც შეიძლება ადამიანი შეეჯახოს. ადამიანის გული გაპობილია  მისივე სხეულით.

ყველაზე რთული კი არის ის, რომ ამგვარი იზოლაცია  არ გაძლევს გარანტირებული შედეგის იმედს, რადგან არ არსებობს იმის საზომი, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი ეს გადაწყვეტილება. ადამიანური ურთიერთობების აკრძალვა არ არის პანაცეა  წარმატების მისაღწევად. აუცილებელ იზოლაციაში მე ვგულისხმობ არა ახალი ფარული ურთიერთობების დაწყებას, არამედ აბსოლუტურ გამიჯვნას და იმ ძალის შენარჩუნებას, რომ იყო მუდმივად დისტანცირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში   არის გამართლებული ასეთი მსხვერპლის გაღება.

მაგრამ ეს მტანჯველი სურვილი არის არა მხოლოდ მიუღწეველი, არამედ დავიწყებულიც კი, იმდენად, რამდენადაც  ცხოვრებისეულად ყველაზე საჭირო ადამიანური ურთიერთობები ისევ ცოცხლდება და იკრებს ძალებს, რომლებიც კიდევ ერთხელ იზოლაციისკენ უბიძგებენ.   ასეთი სიცოცხლე მომავალში ხდება აუცილებლობის საკითხი, რასაც არ აქვს გამართლება. ამ ყველაფერთან შერიგება პოზიტიური გზით – არ შეაფასო ეს მდგომარეობა გაქცევად, აი, რას ნიშნავს იყო ფილოსოფოსი.”

რამდენად რთულიც  უნდა იყოს ფილოსოფოსობა, ჰაიდეგერი არენდტს მაინც ამხნევებს და საკუთარი გზით წასვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ამასთანავე გამოხატავს სურვილს, რომ მათი სიყვარული  შეინარჩუნოს.

“ნათელია, რომ მე და შენ ახლა ურთიერთობის საბოლოო წერტილში ვართ, მაგრამ, არ ხარ ვალდებული, რომ სწავლის მიღების ცხოვრებისეულ ეტაპზე თავი მე მომიძღვნა. ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდებს არ შესწევთ იმის უნარი, რომ საკუთარი გზით წავიდნენ. ეს იმის ნიშანია, რომ თავისუფლების ნიშნები მათში მკვდარია და შედეგად, როდესაც ისინი ერთ ადგილას რჩებიან, დადებითად  ვერ ვითარდებიან.

ალბათ, შენი გადაწყვეტილება მაგალითიც გახდება. თუ ამას კარგი შედეგი ექნება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ორივესგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

ამ საღამომ და შენმა წერილებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენ, თუნდაც ამ სიტუაციაში, ბედნიერი უნდა იყო, რადგან მხოლოდ ისინი დაინახავენ სამყაროს სხვანაირად, ვისაც ახალგაზრდა გული, ძლიერი მოლოდინი და რწმენა აქვთ. შესაძლებელია, თითოეული ჩვენგანი ვიღაცისთვისაა “შექმნილი” , რწმენის თავისუფლებითა და შინაგანი ნდობით კი ჩვენ გვჯერა, რომ სიყვარული მაინც შენარჩუნდება.

ჩემი ცხოვრება გრძელდება და მჯერა, რომ ის სიცარიელე, რაც ახლა დამიტოვე შენი წასვლით, საჭიროა.”

მიუხედავად ჰანას წასვლისა, მათ კვლავ გააგრძელეს მიმოწერა და შეხვედრები შემდეგი  თვეების განმავლობაში, რადგან ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდათ.

1927 წლის ივლისისთვის, მათი ურთიერთობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ისინი კვლავ უზომოდ შეყვარებულები იყვნენ ერთმანეთზე.  არენდტის წერილის საპასუხოდ, რომელიც სამწუხაროდ დაიკარგა და როგორც ჩანს, საკმაოდ ემოციური იყო, ჰაიდეგერი წერს:

“ძვირფასო ჰანა,

მიუხედავად იმისა, რომ შენ პირველივე დღიდან ჩემთვის საჩუქარი ხარ და ახლაც ასეა, შენმა წერილმა უფრო დიდი სიახლოვე მაგრძნობინა. მე შენს მოსიყვარულე ხელებს ჩემი ხელით ვატარებ და შენთან ერთად ვილოცებ შენი ბედნიერებისთვის.

ჩემო ძვირფასო, შენ გაქვს “იმედი”, რომ მე შენ გენდობი? შენს გულს ჰკითხე, რომელიც ასე საოცრად მანათებდა შენი ღრმა თვალებიდან.  შენი გული გეტყვის, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს შორის არსებული ნდობით.

შენმა წერილმა გამაოცა და მასში არსებულმა სიტყვებმა, გასაოცარი ძალით, ჩვენი  დღეები გამახსენა.”

1928 წლის აპრილში არენდტი ეხმიანება ფროიდის ცნობილ მოსაზრებას, რომ სიყვარული და შრომა არის ადამიანის სულის ორი ქვაკუთხედი, საბოლოოდ კი ჰანამ ჰაიდეგერთან რომანს ფილოსოფიური მოღვაწეობა ამჯობინა. ის მარტინს წერს, რომ გააცნობიეროს ეს არჩევანი – ჰაიდეგერს უნდა გაეგო ჰანასთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ისიც  ფილოსოფოსი იყო, რომელმაც ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა.

“მე მიყვარხარ ისე, როგორც პირველ დღეს. შენ ეს იცი და მეც ყოველთვის ვიცოდი. გზა, რომელიც მაჩვენე, უფრო გრძელი და რთულია, ვიდრე მეგონა. ამ გზის მარტო გავლა ინდივიდუალური არჩევანია და მე მხოლოდ ასე ცხოვრება შემიძლია. მხოლოდ შენ გაქვს ამის გააზრების შესაძლებლობა, რადგან ეს ისედაც იცი. 

ვფიქრობ, მაშინაც, როდესაც ჩემს ცხოვრებაში  საბოლოოდ სიჩუმე დაისადგურებს, არასდროს ვიქნები მტყუანი. მე ყოველთვის იმდენს გავცემ, რამდენიც სჭირდებათ ჩემგან, ეს გზა კი სხვა არაფერია, ვიდრე ვალდებულება, რომლის პასუხისმგებლობის წინაშეც ჩვენი სიყვარული მაყენებს.  მე დავკარგავდი ცხოვრების უფლებას, თუკი მე დავკარგავდი შენს სიყვარულს, მაგრამ ამ სიყვარულსაც და მის “რეალობასაც” დავკარგავ, თუ იმ პასუხისმგებლობას ავირიდებ, რომელიც მაკისრია.”

მომდევნო წელს,  ჰაიდეგერის სემინარის დროს,  არენდტი ახალგაზრდა გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა და შემოდგომას  მასზე დაქორწინდა.

ქორწილის დღეს მან მარტინს უკანასკნელი რომანტიკული წერილი მისწერა, რომელიც სევდით იყო აღსავსე:

“არ დამივიწყო და ნურასდროს დაივიწყებ, რამდენად ღრმად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ  ჩვენი სიყვარული ცხოვრების საჩუქარია. ეს ცოდნა არ შეიძლება შეირყეს დღევანდელ დღესაც კი, როდესაც ვიპოვე ჩემი სახლი – ადამიანი, რომელთანაც მიკუთვნებულობას ვგრძნობ.

ვკოცნი შენს წარბებსა და თვალებს,

შენი ჰანა.”

ვირჯინია ვულფისა და ვიტა საქვილ-ვესთის მსგავსად, რომლებიც ერთდროულად იყვნენ შეყვარებულები და ცხოვრებისეული მეგობრები, არენტი და ჰაიდეგერი  ერთმანეთის ცხოვრებაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში დარჩნენ, ჰანას მოულოდნელად გარდაცვლებამდე.  

ჰაიდეგერი ამ ფაქტიდან 6 თვეში გარდაიცვალა. დღეს შემორჩენილია  1925–1975 წლების წერილები, რომლებშიც უკიდურესი სიბრძნეა ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ.

 

ორიგინალი: https://www.brainpickings.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.