fbpx

თანამედროვე კერამიკოსები, რომლებიც კერამიკის შესახებ წარმოდგენას შეგიცვლიან


გააზიარე სტატია

უძველესი დროიდან დღემდე ადამიანი იყენებს თიხას ყოველდღიური საჭიროების მქონე ნივთების და დეკორაციების დასამზადებლად.

დროთა განმავლობაში დარგი განვითარდა და დღეს ხელოვანებსა და დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებულ არტისტს, რომლებიც თანამედროვე კერამიკის შესახებ წარმოდგენას შეგიცვლიან.

 

ნორიკო კურესუმი (Noriko Kuresumi)

იაპონელი არტისტი ნორიკო კურესუმი ოკეანის ჰარმონიისა და ბალანსის გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს. როგორც თავად ამბობს, მისი შთაგონების წყარო ოკეანის უსასრულო სამყაროა. არტისტი არასდროს ქმნის რაიმე სკეტჩს, ის მუდამ იმპროვიზაციის დახმარებით მუშაობს და ცდილობს ნამუშევრებში თავისი ემოციები და განწყობები გადმოსცეს.

მისი ნაკეთობები ფაიფურის გამოყენებით იქმნება. თეთრი, უცნაური ნივთები დამთვალიერებელს პატარა ობიექტში ჩატეულ დიდ სამყაროს მოაგონებს.

არტისტს მიაჩნია, რომ დედამიწას ოკეანე კვებავს, წყალი და მიწა ერთმანეთს აბალანსებს  და ერთ-ერთის გაქრობით მეორეს საფრთხე ექმნება. მისი ნამუშევრები გარკვეულწილად აუდიტორიას შეახსენებს დედამიწისა  და ოკეანის მიმართ პასუხისმგებლობას. 

 

ლინდა ლოპეზი (Linda Lopez)

ამერიკელი კერამიკოსი ლინდა ლოპეზი ცოცხალი ორგანიზმების მსგავს ნამუშევრებს თიხის გამოყენებით ქმნის. ერთი შეხედვით ფუმფულა და რბილი ნამუშევრები რეალურად კერამიკის მყარი ნაკეთობებია.

ხელოვანს გააჩნია თავისი უნიკალური ხელწერა, მისი ნამუშევრები ერთი დეტალის განმეორებას ექვემდებარება. 

 

ჰონორ ფრიმენი (Honor Freeman)

ავსტრალიელი არტისტის, ჰონორ ფრიმენის შთაგონება  ყოველდღიური საგნებია. . მისი თითოეული ნამუშევარი დეტალური დაკვირვებისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.
დაჭრილი ლიმონი, დახეხილი ყველი, გამოყენებული  საპნები და სხვა უმნიშვნელო ნივთების შექმნა კერამიკოსის მთავარი საქმიანობაა. შეიძლება ითქვას, რომ ის იმ საგნების არტისტულ მხარეს გვიჩვენებს, რომლებიც ყოველდღიური ყოფაში  ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.
არტისტის ნამუშევრები არაერთ კერძო კოლექციას ამდიდრებს.

 

ემრე კანი (Emre Can)

თანამედროვე ხელოვანებისთვის 3D პრინტერი სულ მალე ისეთივე სამუშაო იარაღი გახდება, როგორიც ფუნჯი და სხვა ტრადიციული ინსტრუმენტია. სულ უფრო მეტი არტისტი იყენებს მას, როგორც დამხმარე საშუალებას. ერთ-ერთი მათ შორის თურქი კერამიკოსი ემრე კანი გახლავთ.
ხელოვანი ერთმანეთში აერთიანებს 3D  ტექნოლოგიასა და კერამიკას. თიხის მსგავსი თვისებების მქონე მასალისგან ის შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის.
როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანია ხელოვნური საგნები ორგანულად გარდაქმნას.

ორიგინალი: https://theartofeducation.edu/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.