პრემიერის ღამე
ავტორი: ანა ძიაპშიპა
რთულია დაწერო ფილმზე, რომლის კინოთეატრებში გამოსვლა ადამიანების უსაფრთხოებას ეხება. თუმცა, არ შეიძლება არ დაწერო ფილმზე, რომელიც ისტორიაში არა მხატვრული ღირებულების გამო, არამედ, მხოლოდ იმისთვის შევა, რომ მის არსებობას ამხელა წინააღმდეგობა შეხვდა.
ამ დღეებში, ფეისბუქზე, რამდენჯერმე თენგიზ აბულაძის ასევე საკულტო ფილმი “მონანიება” ახსენეს. ჩემი აზრით, მონანიება არ არის კარგი ფილმი, თუმცა არ მახსოვს, როდესმე ბოლომდე არ მენახოს ის სხვადასხვა გარემოებებში – სახლში, საჯარო სივრცეებში ჩართულ ტელევიზორებში, სტუმრად; სრულიად მაზოხისტური სიამოვნება მიმიღია იმის ბოლომდე ყურებისას, რაც საშინლად არ მომწონს.
აქამდე ვფიქრობდი, რომ სიმბოლოებით და ნიშნებით გადატვირთული ფილმი, რაღაც “მესამე მნიშვნელობას” ატარებს, რომლის გამო ესე ვეჯაჭვები მას.
დღეს მივხვდი, რომ თურმე ის რაც ყველაზე მეტად მიზიდავს ამ ფილმში არის ისტორია, ბევრი ამბავი მის გარშემო. პროტესტის, წინააღმდეგობის და (ჩემი აზრით) დაბალი მხატვრული ღირებულების მიუხედავად ის მაინც იმ პერიოდზე გადაღებულ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად რჩება.
ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საერთაშორისო წარმატება და ადგილობრივი პროტესტი გავს “მონანიების” ამბავს. უბრალოდ სხვა დროა და სხვა კონტექსტი, მაგრამ კინოთეატრ ამირანთან მოწყობილი ისტერიის მერე, როდესაც ფილმის საჯარო პრემიერა მაინც შედგა გამარჯვების განცდა მქონდა.
ფილმი დახურული ჩვენების დროს ვნახე. ყველაზე ამაღელვებელი, სეანსის ბოლოს უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე გადამღები ჯგუფის და მათი მხარდამჭერების სცენაზე დანახვა იყო.
ეს ტაში ზუსტად იმ სითამამეს ეძღვნებოდა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ შემოქმედებით ჯგუფს და თემის წევრებს აქვთ, განსაკუთრებით 2013 წლის 17 მაისის შემდეგ.
რა თქმა უნდა ფილმზეც მაქვს აზრი, თუმცა ის გარემოებები რაც ამ ფილმის არსებობას ახლავს თან, არ მაძლევს საშუალებას ჩემი აზრი ღიად და თამამად გამოვხატო. არსებული ცენზურა არა მარტო მაყურებელს უშლის ხელს დაესწროს ფილმის პრემიერას, არამედ მაფერხებს მეც კრიტიკული აზრი მქონდეს ფილმზე, როგორც მხატვრულ ნამუშევარზე.
არ მგონია 17 მაისის კონტექსტში, სექსუალური უმცირესობის დევნის პირობებში ამ ფილმის შინაარსზე და მხატვრულ ღირებულებაზე ლაპარაკის დრო იყოს. სინამდვილეში, ეს უთქმელობა, შეფერხებაა, გამოუთქმელი ენერგია, რომელიც ჩვენს განვითარებას აფერხებს. ჩვენ ყველგან მუდმივ თავდაცვაზე გვიწევს ფიქრი, ამ თავდაცვის გამო კი ზოგჯერ რაღაცების უთქმელობა, განხილვის გარეშე დატოვება, გადადება.
ალბათ რაღაც დროს, ფილმებზე ლაპარაკის სივრცეც იქნება, მაგრამ დღეს, ზუსტად ამ პროტესტის გამო რაც ამ ფილმს შეხვდა, ის ისტორიაში შევა.
მომავალში, მას ზუსტად ისე შეხედავენ როგორც გარდამტეხ ნამუშევარს, რომლის მიღმა ძალიან მნიშვნელოვან დევნის და ცენზურის და იმედია გამარჯვების ამბავსაც დაინახავენ. მანამდე, დარწმუნებული ვარ ფილმი ცენზურის დამწესებლების ჯინაზე, ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს.