fbpx

ბოსხის ,,ტკბობის ბაღი” – უცნობი ფაქტები და დეტალები


გააზიარე სტატია

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

 

ჰიერონიმუს ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ,,ტკბობის ბაღი” არაერთი ხელოვნებათმცოდნისა თუ მკვლევრის მსჯელობის საგანია. ბევრი იწერებოდა და იწერება იმის შესახებ, თუ რა მიზნით  შექმნა ჰოლანდიელმა მხატვარმა ეს გრანდიოზული ტრიპტიქი. 

დღემდე არსებობს ბევრი კითხვა იმის თაობაზეც, თუ ვისთვის შეიქმნა ნამუშევარი. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ტრიპტიქი მიუხედავად მისი რელიგიური დატვირთვისა,  ეკლესიისთვის არ შექმნილა. ცენტრალურ პანელზე ასახული ადამიანის შიშველი ფიგურები და ეროტიკული შინაარსის სცენები იმთავითვე მიუღებელი იქნებოდა იმდროინდელი სასულიერო პირებისთვის.

მსჯელობის საგანია ტრიპტიქის შექმნის თარიღიც. ავტორი იშვიათად ტოვებდა ხელმოწერასა და თარიღებს ნამუშევრებზე, ამ დროისთვის მხოლოდ 25 ნამუშევარია  შემორჩენილი, რომელზეც ბოსხის ხელმოწერაა ასახული. ბევრი დეტალი არც მხატვრის ცხოვრებიდანაა ცნობილი, ვიცით მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 1450-1500 წლებში ცხოვრობდა  მშობლიურ ქალაქ ჰერტოგენსბოსში, სადაც გარდაიცვალა კიდევაც. მისი ოჯახის წევრები (ბაბუა, მამა, ძმა და ბიძა) მხატვრები იყვნენ. 

სავარაუდოდ, ბოსხს ტრიპტიქი 1490-1500 წლებში უნდა შეექმნა. მისი სიგანე მთლიანობაში ოთხ, ხოლო სიმაღლე ორ მეტრს შეადგენს. შესრულებულია მუხის ხისგან დამზადებულ მასალაზე ზეთის საღებავების გამოყენებით.

ნამუშევარი სამი პანელისგან შედგება და აქვს გარე დარაბებიც,  რომლებზეც ასახულია სამყაროს შექმნის მხატვრისეული ვერსია, აქ ღმერთი და უკვე შექმნილი ცა და დედამიწაა გამოსახული.

დარაბების გახსნისას ვხედავთ სამ განსხვავებულ პანელს, განსხვავებული სიუჟეტებით. პირველი მათგანი ედემის ბაღის სცენას ეთმობა, სადაც ადამის და ევას გაცნობაა ასახული. აქ ღმერთი ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უკვე სხვა სახით არის წარმოდგენილი. შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს აქ გამეფებული სიმშვიდე და ატმოსფერო. სახასიათოა პერსონაჟების გამომეტყველება და მიმიკა. ირგვლივ არსებული სივრცე სხვადასხვა სიმბოლოთი არის დატვირთული. 

ედემის ბაღში ვხედავთ ბევრ ცხოველს და მცენარეს, მათ შორის ზოგიერთი მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია. ვხედავთ კურდღელს – როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს, ხეს, რომელიც უკვდავებას განასახიერებს… თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ადამიანებს და ღმერთს ეთმობა. 

მხატვრის მიერ მთავარი ფიგურების ცენტრალურ ნაწილში წამოწევა მიანიშნებს ღმერთის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. ადამიანი მთავარი არსებაა, ღვთის მსგავსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ნების მიხედვით იცხოვროს. გარკვეულწილად ამ სცენას აგრძელებს მეორე, ანუ ცენტრალური პანელი, სადაც ადამიანების სურვილების და ლტოლვის გაგრძელებას ვხედავთ. 

ტრიპტიქის სახელწოდებაც – ,,ტკბობის ბაღი” სწორედ აქედან იღებს სათავეს. აქ ადამის და ევას შთამომავლების ცხოვრებაა ასახული. 

ისინი საკუთარ ნებაზე არიან მიშვებულნი, ცხოვრობენ ისე, როგორც უნდათ და ამით სიამოვნებას იღებენ. ვხედავთ ძირითადად შიშველ ფიგურებს, რომლებიც სხვადასხვა ამქვეყნიური ტკბობით არიან გატაცებულნი. 

ბევრი მათგანი ხილს მიირთმევს ჰალუცინაციების გამოწვევის მიზნით, რაც იმდროინდელ ეპოქაში საკმაოდ გავრცელებული იყო.

ცენტრალურ პანელზე ასახული სცენებით ავტორი შემდეგ საკითხს წამოჭრის  – ხომ არ იყო ადამიანის შექმნა და მისთვის თავისუფალი ნების მინიჭება ღვთის მიერ დაშვებული შეცდომა. 

სწორედ ამ აზრის გაგრძელებაა მესამე – ჯოჯოხეთის ამსახველი პანელი.

ცეცხლის ალში გახვეული შენობები, ფანტასტიკური არსებები და უცნაური, ვილი ვონკას მსგავსი მოწყობილობები… 

ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – დასაჯოს ადამიანთა მოდგმა ჩადენილი ცოდვების გამო. 

ყველაზე საინტერესო დეტალი აქ ცენტრალური ფიგურაა, რომელიც ხის ტოტებზეა განთავსებული და აქვს ადამიანის სახე. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს მხატვრის ავტოპორტრეტია, რაც ბევრ კითხვას იწვევს იმის შესახებ, თუ რატომ გამოსახა თავისი თავი ავტორმა ჯოჯოხეთში.

მესამე პანელზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მუსიკას. სექსისადმი ლტოლვა სიმბოლიზებულია სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტით, რადგან იმ პერიოდში მუსიკა ეროტიკასთან იგივდებოდა. გარდა იმისა, რომ მხატვარმა ვიზუალურად წარმოგვიჩინა ჯოჯოხეთის სამყარო, მან მუსიკალური გაფორმებაც შემოგვთავაზა. 

ერთ-ერთი ცოდვილის უკანალზე ნოტები გამოსახა, რომელიც უკვე ოცდამეერთე საუკუნეში აშშ-ის ოკლაჰომის უნივერსიტეტის სტუდენტმა ამალიამ დაამუშავა და დღეს ცნობილია როგორც ,,Butt Song”. მუსიკა, რა თქმა უნდა, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა –  მისი მოსმენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია

 მისი მოსმენით გარკვეულწილად შეიძლება გაიგოთ, როგორი ხმა სუფევს ჯოჯოხეთში ჰიერონიმუს ბოსხის წარმოდგენით. 

მთლიანობაში ნამუშევარი შეიძლება შეფასდეს როგორც ადამიანის შექმნის, აღმავლობის, დაცემის და დასჯის გამოსახულება. ბოსხმა საკმაოდ საინტერესო გამოცანები დაუტოვა აუდიტორიას,  ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ მკვლევრები თუ უბრალოდ მოყვარულები “ტკბობის ბაღში” აქამდე შეუმჩნეველ დეტალებს აღმოაჩენენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.