fbpx

ჩემპიონთა ლიგის სიურპრიზები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ძვირფასი წუთები, რომელთაც ფეხბურთის მოყვარული ტელეეკრანებთან ატარებს, ყოველთვის არაა სიამოვნების მომგვრელი. მეტიც, რაც გასულ კვირას მილანის „ინტერის“ გულშემატკივარმა განიცადა, ალბათ სამუდამოდ ჩაიბეჭდება არა მარტო კლუბის დღევანდელ თაყვანისმცემელთა მეხსიერებაში, არამედ ზოგადად „ნერაძურის“ ისტორიაში. ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს კი კიდევ კარგა ხანს მიეცემათ ძველი მეტოქის მიმართ ირონიული დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება…

როგორ მოიქცეს შექმნილ სიტუაციაში „ინტერის“ თავკაცი ანტონიო კონტე, რომელზეც კლუბი სეზონის დასაწყისში დიდ იმედებს ამყარებდა, დაუნიშნა რა სერია A-ს მწვრთნელთაგან უდიდესი ანაზღაურება? მისი მოღვაწეობის სამი თვის თავზე კი „ინტერმა“ სამი უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო, რომელთაგან „იუვენტუსთან“ შინაური მარცხი სეზონის ბოლოს შეიძლება „სკუდეტოს“ დაკარგვად დაუჯდეს, ხოლო „ბარსელონასთან“ და „დორტმუნდთან“ ერთიმეორის მსგავსი წაგებები კი კლუბს დიდი ალბათობით ევროპის ლიგაზე გაამწესებს. 

ამ შემთხვევაში, მარტიდან მოყოლებული, კონტეს ახალი სატკივარი გაუჩნდება. მას ნაკლებად პრესტიჟული ტიტულის მოსაგებად ბრძოლა მოუწევს. ევროპის ლიგა ხომ ის ტურნირია, რომელსაც ტოპ გუნდები ერიდებიან და მის მოსაგებად მხოლოდ მაშინ იბრძვიან, როცა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურია მოსაპოვებელი. 

კონტე „დორტმუნდთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მარცხს მხოლოდ თავის ფეხბურთელებს აბრალებდა. ასეთმა დამოკიდებულებამ კი მას „ნერაძურის“ ვარსკვლავურ შემადგენლობასთან სერიოზული კონფლიქტი შეიძლება შეუქმნას. კონტეს რატომღაც სრულიად გადაავიწყდა ძველი საფეხბურთო სიბრძნე, რომლის თანახმადაც „კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებს“.

ამიტომ შეიძლება უსამართლოდაც გვეჩვენოს, რომ ტოპ კლუბების მწვრთნელთაგან თანამდებობიდან არა კონტე, არამედ „ბაიერნის“ დამრიგებელი ნიკო კოვაჩი გაათავისუფლეს. 

„რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა ვერ შეეგუა ბუნდესლიგის გათამაშებაში „აინტრახტთან“ 1:5 განადგურებას, თორემ კოვაჩმა მის შემცვლელ ჰანს დიტერ ფლიკს ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი მემკვიდრეობა დაუტოვა – სამი მოგებული მატჩი და ყველაზე მეტი გატანილი გოლი. 

თუმცა, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ „ბაიერნის“ კართან უკვე მეორე მატჩია, რაც მეტოქე საგოლე მომენტს ვერ ქმნის.

წლების მანძილზე გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი თომას მიულერი. 

აქედან გამომდინარე, „დაისვენა“ კოუტინიომ, რომელიც მინდორზე ბოლო წუთზე გამოჩნდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა პერიშიჩმა პირველივე შეხებით გოლი გაუტანა მეტოქეს და მატჩის საბოლოო შედეგი  2:0 დააფიქსირა.

მიულერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში შეუცვლელად თავისი მე-500 მატჩიც ჩაატარა ბუნდესლიგის განვლილ ტურში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.

„რეკორდმაისტერმა“ ანგარიშით  4:0 ისე გაანადგურა მეტოქე, რომ ამ უკანასკნელს მთელი შეხვედრის მანძილზე ერთხელაც არ შეუწუხებია „ბაიერნის“ და ბუნდესნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი. 

ამჯერად მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე წაუგებელი გუნდი ტურნირზე მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენია“.

თუკი ფრანგებმა გასვლაზე გააცამტვერეს „ბრიუგე“, შინაურ მატჩში მეტოქე მოკრძალებული ანგარიშით  1:0 დაამარცხეს. სამაგიეროდ მოწინააღმდეგის მიმართ დაუნდობელი აღმოჩნდა მადრიდის „რეალი“, რომელმაც ლა ლიგაზე „ბეტისთან“ უღიმღამო 0:0-ის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის განვლილ ტურში სასტიკი დღე აყარა „გალათასარაის“.

გარდა იმისა, რომ ანგარიში 6:0 „სამეფო კლუბის“ აშკარა გამოფხიზლებაზე მეტყველებს, საგულისხმოა ჩვენ მიერ წინა მიმოხილვაში ნახსენები როდრიგოს ჩინებული თამაში.

ბრაზილიელს უკვე მეშვიდე წუთისთვის ორი ბურთი ჰქონდა გატანილი, პირველი – ეფექტური ცრუმოძრაობის შედეგად, მეორე კი თავური დარტყმით. პირველი ტაიმის მიწურულს მან საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ჰეთ-თრიკი მატჩის უკანასკნელ წუთზე სოლო რეიდის მეშვეობით განახორციელა.

როდრიგო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რაულის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

მან ეს 18 წლისა და 301 დღისამ მოახერხა. ამ მაჩვენებლით ბრაზილიელი ფორვარდი მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს სულ რაღაც ორიოდე თვით ჩამორჩა. ხომ არ მიგვანიშნებს ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახალი რაულის დაბადების შესახებ? 

ეს მომავალში გაირკვევა, ამჟამად კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ბარსელონას“ ახალგაზრდა რჩეული ანსუ ფატი, როდრიგოს სათამაშო დონეს ვერ უჩვენებს. 

შემთხვევით კატალონიელთა მწვრთნელ ვალვერდეს მიერ მხოლოდ მესიზე აწყობილი, მაგრამ ყოვლად უსიცოცხლო სათამაშო სქემა ხომ არ აბრკოლებს ნიჭიერ ფორვარდს? „სლავიასთან“ შეხვედრაში მან დემბელე შეცვალა, მაგრამ „ბარსელონას“ უნიათო გარჯას ახალგაზრდა თავდამსხმელმა ვერც ვერაფერი შემატა და ვერც დააკლო. მიუხედავად ამისა, 0:0-მა შეიძლება სასიკეთოდაც იმოქმედოს და გამოაფხიზლოს „ბარსელონა“ „სიკვდილის ჯგუფიდან“ გასვლის პრეტენდენტ გუნდებთან მატჩების წინ.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენისგან“ განსხვავებით, უდანაკარგო სვლა შეწყვიტა „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც თავს უფლება მისცა მეორე ტაიმში დამშვიდებულიყო და ორი ქულა დაეკარგა „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩში, რისთვისაც დაისაჯა კიდეც. 

მიუხედავად ამისა, პეპ გვარდიოლას გუნდი სავარაუდოდ მთავარ როლს შეასრულებს მასთან ერთად ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ზაგრების „დინამომ“ და „შახტარმა“ განმეორებით მატჩშიც „დახოცეს ერთმანეთი“ და კვლავ ფრედ ითამაშეს, ურთიერთშეხვედრებში სტუმრად უფრო მეტი გატანილი გოლის წყალობით მეორე ადგილზე „შახტარი“ აღმოჩნდა.

თუმცა, განრიგიდან გამომდინარე, უპირატესობა ხორვატიის ჩემპიონს აქვს, რადგან ის ბოლო ტურში მასპინძლობს „მანჩესტერ სიტის“, რომელიც საკმაო ალბათობით სწორედ „შახტართან“ შინაურ მატჩში გაინაღდებს ჯგუფში პირველ ადგილს…

ჯგუფში პირველ ადგილს სავარაუდოდ ტურინის „იუვენტუსი“ დაიმკვიდრებს, რაშიც „ლოკომოტივთან“ გასვლაზე ბოლო წუთზე გატანილი გოლის გარდა,  განვლილ ტურში დამარცხებული მადრიდის „ატლეტიკოც“ დაეხმარება. „ლევერკუზენმა“ ეტყობა, ვალდებულება იგრძნო, რომ სამი წაგების შემდეგ, ახლა მაინც აღარ უნდა დაეკარგა ქულები. 

აღსანიშნავია, რომ განვლილ ტურში ოთხივე გერმანულმა კლუბმა გამარჯვება იზეიმა.

„ლაიპციგმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა „ზენიტთან“ გასვლით შეხვედრაში მოიპოვა, თუმცა, ჯგუფში ამჟამინდელი ლიდერობის მიუხედავად, „რედ ბულის“ პროექტს ჯერ არ აქვს განაღდებული მერვედფინალის საგზური.

მთავარი სასეირო ამბები კი „აიაქსისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში დატრიალდა.

ანგარიში 4:4 ნამდვილად ვერ აღწერს იმ ვნებათაღელვას, რასაც ეს დაპირისპირება მოიცავდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, იტალიელმა ჯანლუკა როკიმ „აიაქსის“ ორი ფეხბურთელი მინდვრიდან ერთ სათამაშო ეპიზოდში გააძევა და ზედ ჰოლანდიელთა კარში თერთმეტმეტრიანიც დაურთო. 

ცხრაკაციანი „აიაქსის“ წინააღმდეგ „ჩელსიმ“ მოწინააღმდეგე ფეხბურთელთა გაძევებიდან ხუთი წუთის განმავლობაში ორი გოლი გაიტანა, რითაც ქართველ გულშემატკივარს „შერიფთან“ მატჩში „საბურთალოს“ საწყისი ათი წუთის „გმირობა“ გაახსენა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. 

სამაგიეროდ უკვე მატჩის მიწურულს „აიაქსს“ ორჯერ(!) შეეძლო დაწინაურება.

გასაკვირი არც ესაა, რადგან ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისგან ხომ ყველაფერი მოსალოდნელია. „ჩელსის“ და „აიაქსის“ შეხვედრაში დაფიქსირებულმა ფრემ და „ვალენსიას“ „ლილთან“ მოგებამ ჯგუფში უკიდურესად დაძაბა ვითარება, რადგან ამჟამად სამ გუნდს 7-7 ქულა აქვს.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ლივერპული“ კი „გენკთან“ მინიმალური ანგარიშით მოგებას დასჯერდა. განა არ უნდა ეპატიოს ეს იურგენ კლოპის გუნდს, რომელიც ცალი თვალით „მანჩესტერ სიტისთან“ კარს მომდგარ პრემიერლიგურ დაპირისპირებას უცქერდა?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.