fbpx

Magnum-ის ფოტოგრაფის დაკარგული და ნაპოვნი ნიუ-იორკი – ბრიუს გილდენის ახალი ფოტოწიგნიდან


გააზიარე სტატია

საერთაშორისო ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ წევრი ბრიუს გილდენი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ხელოვნური განათების – ე.წ. flashgun-ის გამოყენება მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. გილდენმა სწორედ ამ ხერხით გადაღებული გამოსახულებებით გაითქვა სახელი. თვლიდა, რომ ეს მეთოდი ფოტოს მეტ დრამატიზმს მატებდა. 

7 ნოემბერს კი გამოიცა ფოტოწიგნი „დაკარგული და ნაპოვნი“. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, კრებულში შევიდა გამოსახულებები, რომლებიც გილდენმა შემთხვევით, ახალ სახლში გადაბარგებისას, ძველ ყუთებში შენახულ ათასობით ფირზე აღმოაჩინა და დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ეგონა. აღმოჩნდა, რომ მასალა 1978-1984 წლებშია გადაღებული, ანუ იმ პერიოდში, როცა ფოტოგრაფი ნიუ-იორკის ქუჩის ფოტოგრაფიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა და მის ცნობილ მეთოდს –  ე.წ. flashgun-ს ჯერ არ იყენებდა. 

„წიგნში ჯერ კიდევ უცნობი ბრიუს გილდენია, როცა ხეირიანად არც კი  ესმოდა ფოტოგრაფიის ტექნიკა, კომპოზიციის წესები“, – განმარტავს ფოტოგრაფი. 

ბრიუს გილდენის წიგნში შესულ გამოსახულებებს ახლავს განმარტებებიც – ავტორი ფოტოებს მის მიერვე გამოგონილ ამბებს, სიუჟეტებს ურთავს.

კრებულის მეშვეობით საუბრობს მისი განვითარებისა და ინდივიდუალური ხელწერის ჩამოყალიბების პროცესზე. 

ნახეთ რამდენიმე ფოტო და მათზე დართული კომენტარი წიგნიდან „დაკარგული და ნაპოვნი“.

  • „ეს არ არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფოტო, თუმცა მაინც მომწონს. წარმატებულ ფოტოდ იმას ვთვლი, რომელზეც თავისუფლად შეიძლება რაიმე ისტორიის შეთხზვა. ამ შემთხვევაში კი მგონია, რომ კაცი ისე გამოიყურება, თითქოს ამერიკის შუაგულში, სადღაც გადასაკარგავში მდებარე აფთიაქის მფლობელია.  სავარაუდოდ, ცოლს უყურებს. ნიუ-იორკში თავს დაკარგულად, უცხოდ გრძნობს. დადის ჰალსტუხითა და ულვაშით. გარემოსთან მიმართებაში არაადეკვატურად გამოიყურება“.

 

  • „ბრაიტონ-ბიჩზე გადაღებული ეს ფოტო კი ძალიან  მიყვარს. ვფიქრობ, რომ დედა-შვილი არიან. ქალი მე მიყურებს, ხოლო ვაჟი  საერთოდ ვერ მამჩნევს. მომწონს მათი ხასიათების განსხვავებულობა. ქალი, რომელიც ჯუჯას ჰგავს, მიზანდასახულია, ვაჟი – მომავალი თაობაა. ამ ქალის სიმკაცრესა და დაუნდობელ ხასიათზეც შემიძლია, მთელი დღე ვისაუბრო“.

 

  • „ამ ფოტოზე ორი ლოთია. გეგონება,  ჩხუბობენ. ერთი მეორეს ყელში სწვდა. ისინი 15 წუთის განმავლობაში ასე იდგნენ და მეგონა, რომ თეატრში ვიყავი და ეს ყველაფერი სცენაზე ხდებოდა. თუმცა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეგობრები უბრალოდ დათვრნენ და ასე ერთობოდნენ. ეს წყვილი ფილმს – Midnight Cowboy-ს მახსენებს“.

 

  • „ეს ორი ბიჭი ერთმანეთს ისე ჰგავს, იფიქრებ, რომ ერთის ფოტოა და სარკეში მისი ანარეკლია. არ მახსოვს, რამ გაამხიარულათ. ალბათ, გამომელაპარაკნენ და მეც რამე სასაცილო ვუპასუხე. მსგავს ფოტოებში ფონი მიყვარს – ძველი ნიუ-იორკის ვიტრინები, შენობების ფასადზე გამოკრული წარწერები, ნიშნები: „peep show“, „Burger King“, „25 cents, adults 18 and over“… ასეთი ნიუ-იორკი აღარ არსებობს, ეს შენობებიც დაინგრა და ახალი აშენდა. ეს სერია დროის მანქანაა, რომელიც წარსულს აცოცხლებს. მაშინ ქალაქის, მოგვიანებით კი – ადამიანების გულისცემის გადაღება დავიწყე.“

 

  • „ჩემი ვარაუდით, ფოტოზე დედა და მისი სამი შვილია. ქალი შესაძლოა,  პუერტორიკოელი იყოს. მარჯვნივ მდგომი ბიჭი სხვებისგან გამოირჩევა. შესაძლოა, გეიც იყოს. აგრესიულად მიყურებს, თითქოს მზადაა, რომ მაგრად მცემოს კიდეც. მარცხნივ მდგომი კარგად გამოიყურება. ალბათ, წარმატებული იურისტია და კმაყოფილია ცხოვრებით. ქალის უკან, შუაში მდგომს, ბევრი პრობლემები აქვს. ძმებთან შედარებით, ყველაზე მასიური და ფიზიკურად ძლიერია. სავარაუდოდ, ბევრი იბრძოლა, რომ ის გამხდარიყო, რასაც დღეს წარმოადგენს.“

 

  • „ეს ფოტო კინოსცენას ჰგავს, იტალიელ მაფიოზებზე გადაღებული ფილმიდან. თუმცა, დიდი ალბათობით ტანსაცმლის მკერავები არიან, რადგან ფოტო თერძების, ტანსაცმლის ატელიეების ქუჩაზე გადავიღე. ერთს სახეზე ხელი ისე აქვს აფარებული, იფიქრებ, რომ ძალიან ცუდი ამბავი გაიგო. მეორე კი მიყურებს და თითქოს მეუბნება: რა ჯანდაბას აკეთებ, იდიოტო? სიგარიანი პერსონაჟი მათი ბოსია“.

 

  • „ამ ფოტოს საინტერესო ისტორია აქვს. მის გადასაღებად შემეძლო,  ფოტოზე მხოლოდ ერთი გმირი, მწოლიარე ქალი ყოფილიყო და თანაც მთავარი პერსონაჟი. თუმცა, ვეცადე, რომ გამოსახულება უფრო საინტერესო გამოსულიყო. ლაბადიანმა კაცმა ფოტოს მეტი დატვირთვა და შინაარსი შესძინა.“

 

სხვა ნამუშევრები ბრიუს გილდენის ფოტოწიგნიდან „დაკარგული და ნაპოვნი“:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.