fbpx

ეკრანზე ნაპოვნი იდენტობა – ჩვენ მაინც ვიცეკვეთ


გააზიარე სტატია

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

„კინო დროის მუმიფიცირებაა”, ვამბობთ ხშირად და დარწმუნებული ვართ, რომ ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამ ყველაფრის დასადასტურებლად კი (თუ მაინც დაგვჭირდა) ვეძებთ ისტორიებსა და ამბებსა იმის შესახებ, თუ როგორ ასახა და მიკროსკოპივით „ხელის გულზე გადაგვიშალა“ კინემატოგრაფმა ეპოქების თავისებურებები და მანკიერებები. „მუმიფიცირება“ კი თავის არსში საჭიროებს დროს,  რომელიც აუცილებლად უნდა გავიდეს, ამიტომ იშვიათად თუ შეიძლება მისცე თავს უფლება, რომ ახლად გამოსული ფილმის შესახებ თქვა, ეს „კინომუმიებს“ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მუმია იქნებაო.

სწორედ ამ გაბედულებით, ამბიციითა და სინამდვილით გაჩნდა ჩვენს რეალობაში ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის სინოფსის საკვანძო ფრაზა – „ფილმი ორი ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლის წევრი ბიჭის სიყვარულზე მოგვითხრობს“ – იმთავითვე იწვევს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რომლის მიზეზიც, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური სტერეოტიპებია. 

თუმცაღა, ფილმის პირველივე სცენებიდან ხვდები, რომ რეჟისორს არავის გაღიზიანება არ აქვს გადაწყვეტილი, ის უბრალოდ ამბავს გიყვება, რომელსაც ბევრი გამოკვეთილი, გასაგები მხარე აქვს, სიუჟეტს მიდევნებულმა, თავად უნდა გადაწყვიტო, „შენ რომელი ხარ“, ანუ ვის გულშემატკივრობ.

სინამდვილის ასახვასა და გაპრიალებაზე უარის თქმა ფილმის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მაშინ როცა  საშიშროებაა იმისა, რომ სცენები, რომლებსაც მძაფრი ემოციის გამოწვევა შეუძლია, პათეტიკური გახდეს. ლევან აკინი კი დოზირებული ირონიით უღიმის მაყურებელს. 

ნათლად რჩება გონებაში ჯვრისწერის სცენა, რომელიც თვალის ჩაკვრას ჰგავს რელიგიურ შეხედულებასა და იდენტობას შორის – ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის პერსონაჟების უტყვი, მინიმალისტური დიალოგი მოძღვრის მიერ წარმოთქმული სიტყვების ფონზე – „ადამითგან და ევათგან ღმერთმა დაადგინა  ქალი ქალად და კაცი კაცად და მას შემდეგ ქალი ქალი უნდა იყოს და კაცი კაცი“.

ფილმს განსაკუთრებულ ხიბლსა და დინამიკას სძენს ლისაბი ფრიდელის ოპერატორული ნამუშევარი. ცეკვის სცენების ექსპრესიას, როგორც წესი, სწორედ ოპერატორის მიერ ზუსტად დასმული აქცენტები იწვევს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია სცენა, როდესაც პირველი სექსის შემდეგ თენდება და ერთად, თუმცა ცალ-ცალკე მდგომი პერსონაჟები ქართულ ხალხურ სიმღერას უსმენენ. 

კადრირება ნელი, დეტალებზე ორიენტირებული სვლით განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მშობლებისა და შვილების, მეგობრებისა და შეყვარებულების, პოტენციური წყვილების სახეების, თითების, გამომეტყველების ყურებისას მახსენდება გიორგი შენგელაიას მიერ 1969 წელს გადაღებული „ფიროსმანიდან“ ქორწილის სცენა, ახლო ხედები, რომლებიც ფოტოსურათის შთაბეჭდილებასაც კი აჩენს ერთგვარად და ამ ახლო ხედებით აშიშვლებს პერსონაჟებს რეჟისორი, მსგავსი ეფექტი აქვს ოპერატორულ გადაწყვეტას აკინთანაც.

ორივე მათგანი უსიტყვოდ გაჩვენებს პერსონაჟების განზრახვასა თუ არ აღიარებულ სურვილებს. რაც მთავარია ორივეგანაა სუფრა, ღია ცის ქვეშ გაშლილი, ცეკვა და მოჩვენებითი მხიარულება.

აღსანიშნავია მთავარი როლის შემსრულებლის, ლევან გელბახიანის განსაკუთრებული გულწრფელობით შექმნილი სახე, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მისი პროფესიული განაცხადიცაა.

ამ ფილმით მან ერთგვარად საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაცია გააკეთა, რომელსაც ჩემი მოკრძალებული აზრით, რთულია გაუტოლდნენ მისი თაობის სხვა კინომსახიობები. 

უბრალოდ, ქართული კინოს სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაკუთრებით ნიჭიერი მსახიობები თითო როლით გაიბრწყინებენ ხოლმე, მერე კი ძნელია მათთვის შესაფერისი პერსონაჟების მონახვა და ისინი თითო ან ორ-ორი როლის ამარა რჩებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა იმედი გამოვთქვა, რომ, როგორც ფილმი იქნება გარდამტეხი მნიშვნელობის ჩვენს ცნობიერებაში, ისევე წარმატებით გაგრძელდება მსახიობის ფილმოგრაფიაც.

სეანსის დასრულებისას, როცა „ამირანის“ დარბაზიდან გასვლა მაყურებელმა პოლიციის მიერ მოწყობილი დერეფნის დახმარებით შეძლო, გაისმა ადგილზე მობილიზებული, სეანსის ჩაშლის მცდელობით ანთებული რადიკალური ჯგუფების შეძახილი: „სახეები დამალეთ“.

პასუხის დაბრუნება რიგში მიმავალ არცერთ მაყურებელს არ უფიქრია, რადგან ნათელი გახდა, რომ სახეების გამოჩენისა და ერთმანეთის მიღების გზაზე ქართულმა კინომ რუბიკონი გადალახა და კონკრეტულმა თაობამაც თავისი მანიფესტი გააკეთა – ისეთივე მძლავრი, როგორიც დიდხნიანი დუმილის შემდეგაა ხოლმე. 

ტატო კოტეტიშვილის „ანემიის“ შემდეგ ქართული კინო ბევრმა პრობლემამ მოიცვა და რამდენიმე ტაბუდადებული თემაც გაიხსნა, თუმცა სიმძაფრისა და შეუპოვრობის მაგალითს 1987 წლის შემდეგ ველოდებოდით, ველოდებოდით და მოვიდა. რადიკალურ ჯგუფებს კი ავიწყდებათ, რომ საეტაპო ფილმები, როგორც წესი, დიდი ხმაურით მოდიან და შემდეგ თაობათა ცნობიერებაში სამუდამოდ იდებენ ბინას.

 

7,555 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.