fbpx

სად ვჭამოთ თელავში? – მწერალი Torresa Mossy კულინარიული გიდის როლში


გააზიარე სტატია


ავტორი: თამარ ჭინჭარაული 

 

თელავი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს  მასპინძლობს. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგიყვეთ იმ ადგილებზე, სადაც ჭამა განსაკუთრებით სასიამოვნოა. 

ჯერ ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებში მოვძებნეთ, რომელ  ადგილებს უწევდნენ მომხმარებლები რეკომენდაციას, საბოლოოდ საუკეთესო ექვსეული შევადგინეთ და ამ რესტორნების დახასიათება მწერალ Toresa Mossy-ს ვთხოვეთ, რომელიც თელაველია და საუკეთესო კულინარიულ გიდობას გაგვიწევს.

 

ბატონთან

რესტორანი “ბატონთან” ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც უგემრიელესი კახური და ევროპული კერძების გასინჯვა შეგიძლიათ. რესტორანი ერეკლე მეორის ძეგლის გადასწვრივ მდებარეობს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” პირველ სართულზე. 

ამ ადგილს მდიდარი წარსული აქვს: შენობაში საბჭოთა პერიოდში სასტუმრო „თელავი“ იყო განთავსებული, 90-იან წლებში კი ზუსტად ამ ადგილას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო სასადილო – „სათნოების სახლი“ ფუნქციონირებდა. რესტორნის ინტერიერი სადაა და  კახეთისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელემენტები კარგად ერწყმის თანამედროვეობას. მენიუ მრავალფეროვანია და პასუხობს როგორც ქართული ტრადიციული, ისე თანამედროვე ევროპული სამზარეულოების მოყვარული გურმანების მოთხოვნებს. 

 

კაპილონი

“კაპილონი” ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარედ შეგიძლიათ იპოვოთ. “კაპილონი” გემრიელი საჭმლითა და კარგი მომსახურებით ერთ-ერთი ლიდერია თელავში. მენიუ კი მოიცავს როგორც ტრადიციულ ქართულ საჭმელს, ისე ევროპულ სამზარეულოსაც. 

“კაპილონი” თელავისთვის დამახასიათებელ ბელეტაჟის ტიპის სახლშია განთავსებული, რაც თბილ დახვედრასთან ერთად ისეთ განწყობას გიქმნის, თითქოს  ოჯახში ხარ სტუმრად.

 

ჭადართან

რესტორანი “ჭადართან” ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, 900 წლის ჭადრის ხის ჩრდილში მდებარეობს. გამორჩეული კერძებით, თელავური გაუფილტრავი ცოცხალი ლუდითა და ალაზნის ველის  ხედით. ეს ის ადგილია, რომელიც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

 

ბადია

რესტორანი “ბადია” გურმანებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილია. “ბადიამდე” აქ კაფე „მარლეტა“ იყო განთავსებული. ტრადიციული ორსართულიანი სახლი, დიდი და სიმწვანით გამორჩეული ეზოთი, საიდანაც კარგად მოჩანს კავკასიონის მთათა სისტემის მწვერვალები, იდეალური ადგილია დროის მშვიდ გარემოში გასატარებლად და უგემრიელესი კერძებისა და მრავალფეროვანი ქართული ღვინის  გასაცნობად.

 

ღვინის ქარხანა

რესტორანი “ღვინის ქარხანა” თავისი ინტერიერით გამოირჩევა. კახური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები შესვლისთანავე გიქმნით განწყობას, რომ თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობი კახური სამყარო  გაიცნოთ, რაც მართლაც მოხდება, თუ  კახური ღვინისა და საჭმლის მრავალფეროვნებას არ მოერიდებით. 

 

ზოდიაქო

თელავში თუ იკითხავთ –  სად შეიძლება საუკეთესო ხინკლის ჭამა, აუცილებლად გიპასუხებენ:  “ზოდიაქოში”. “ზოდიაქო” ქალაქის ყველაზე მაღალ  წერტილშია, ყოფილი ტურბაზის მოპირდაპირე მხარეს “ზოდიაქოში” ხინკალთან ერთად გაგიმასპინძლდებიან არაჩვეულებრივი ქაბაბით, კახურად მომზადებული კიტრისა და პომიდვრის სალათითა და ქართული სამზარეულოს სხვა ბრწყინვალე კერძებით. 

“ზოდიაქო” ამ ადგილს 90-იანებში დაერქვა, როდესაც შენობაში ამ სახელწოდების კაფე გაიხსნა. სახინკლე კი აქ რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა  და ახალმა მფლობელმა ერთგვარად ტრადიცია გააგრძელა – სახელი შეინარჩუნა. “ზოდიაქო” განთქმული თელავური ხინკლის გასასინჯად მართლაც იდეალური ადგილია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.