fbpx

მერლინ მონრო 8 ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში


გააზიარე სტატია



მერლინ მონრო, იგივე ნორმა ჯინ მორტენსონი, მსოფლიო მასშტაბის სექს-სიმბოლო 1960-იან წლებში გახდა. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა და დღემდე განხილვის თემაა.

მონროს ფოტოები ცნობილი გამოცემების გარეკანზეც ხშირად ხვდებოდა, სწორედ ამიტომ წარმატებული მსახიობის გადაღება არაერთ ფოტოგრაფს სურდა.

წარმოგიდგენთ 8 ფოტოგრაფის ნამუშევრებს, რომლებმაც მერლინ მონროს მომხიბვლელობისა და შინაგანი სამყაროს გადმოცემა შეძლეს.

 

ფილიპ ჰოლსმანი


ფილიპ ჰოლსმანის წინაშე სელებრითები არასდროს სხდებოდნენ, ისინი ძირითადად ჰაერში დახტოდნენ. ფოტოგრაფი ყოველთვის სთხოვდა მათ ჰაერში ამხტარიყვნენ და შემდეგ ცდილობდა საინტერესო კადრების დაფიქსირებას. ფოტოგრაფმა და მსახიობმა ერთმანეთი ჟურნალ Life-ის გადაღებაზე, 1952 წელს გაიცნეს. ამ დროს მონრო ჯერ კიდევ იბრძოდა ჰოლივუდში დამკვიდრებისთვის. 

 

ჰარი ვინოგრანდი

მსოფლიოში ცნობილია ფოტო, სადაც მერლინ მონრო თავისი თეთრი კაბის დაჭერას ცდილობს, თავი უკან აქვს გადახრილი და იცინის. ყველამ ვიცით მერლინ მონროს ცნობილი ფოტო, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცით მისი ავტორის შესახებ. 

ჰარი ვინოგრანდი ამერიკაში აღიარებულია როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ფოტოგრაფი. მისი შემოქმედება დახასიათებულია შემდეგი სიტყვებით – ყველაფრის გადაღება შესაძლებელია, არ არის აუცილებელი ეძებო შესაბამისი მომენტი, თითოეული მომენტი თავად უნდა გარდაქმნა მნიშვნელოვნად. 

ფოტოგრაფი იღებდა ნიუ-იორკის ქუჩებს და სხვადასხვა დეტალის დახმარებით ომის შემდგომი ქვეყნის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. თუმცა  ფოტოგრაფმა სწორედ მერლინ მონროს ფოტოთი დაამახსოვრა მსოფლიოს თავი. ნამუშევარი მალევე გახდა თანამედროვე პოპ-კულტურის შემადგენელი ნაწილი.

 

რიჩარდ ავედონი

ავედონი  Harper’s Bazaar-ის ფოტოგრაფების ჯგუფის წევრი იყო. მის მიერ გადაღებული მონროს ფოტო მალევე გახდა ცნობილი, რადგან მასში კარგად ჩანს მსახიობის ემოციები. “ოთხი საათის განმავლობაში ის ცეკვავდა და ერთობოდა. როდესაც საღამო დამთავრდა და ღვინოც აღარ დარჩა,  კუთხეში დაჯდა ბავშვივით იმედგაცრუებული სახით, და რადგან წინააღმდეგობა არ გაუწევია, მალევე გადავიღე ფოტო”, – იხსენებს ფოტოგრაფი.

ფოტოში მონრო ეშხიანად გამოიყურება, მისთვის დამახასიათებელი თმის ვარცხნილობითა და მაკიაჟით. “ტელეგრაფმა” ამ ნამუშევარს “ყველაზე გულწრფელი ფოტო” უწოდა. მოგვიანებით კი ნამუშევარი £77,500 ფუნტად გაიყიდა სოტბის აუქციონზე.

 

ივ არნოლდი

ივ არნოლდი ერთადერთი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც მონრო კამერაზე აღბეჭდა. ივმა და მერლინმა  1950-იანი წლებიდან მოყოლებული ერთად ბევრჯერ იმუშავეს. ფოტოგრაფი ესწრებოდა მსახიობის ბოლო ფილმის გადაღებასაც. ფილმ The mistfits-ში მთავარ როლს მერლინ მონრო, კლარკ გეიბლი და მონტგომერ კლიფტი ასრულებდნენ. სამივე მსახიობი ფილმის გადაღებიდან  6 წლის განმავლობაში გარდაიცვალა.

ფოტოსესიაში სხვა ცნობილი ფოტოგრაფებიც  მონაწილეობდნენ, მათ შორის – ანრი-კარტიე ბრენსონი და ელიოტ ერვიტი. როგორც  ამბობენ, მონრო ყველაზე მეტად ივ არნოლდს დაუახლოვდა.

The mistfits-ის გადაღებებზე შესრულებულ არნოლდის ფოტოებზე  განსხვავებული თვალით დანახული მონრო ჩანს. ივი არ იყო დაინტერესებული  მისი სექსუალობის წარმოჩენით, შედეგად კი სხვა ნიუანსები წამოსწია წინ.

 

დუგლას კირკლანდი

დუგლას კირკლანდის მიერ გადაღებული ფოტოები მოგვაგონებს ფოტოგრაფის მიერ ფანტაზიებში დანახულ მერლინს.

ცნობილია, რომ ფოტოსესიის მეორე დღეს, როდესაც დუგლასი კვლავ ესტუმრა მსახიობს, ის დეპრესიულ ხასიათზე დახვდა,  ფოტოების ნეგატივების უმეტესობა კი განადგურებული იყო.

 

ბეტ სტერნი

სიკვდილამდე სულ რაღაც 6 კვირით ადრე მერლინს გადაღება ბეტ სტერნმა მოუწყო. ფოტოგრაფი იმ დროისთვის ჟურნალ “ვოგის’’ თანამშრომელი იყო. 

ფოტოებზე მერლინს სიშიშვლეს მხოლოდ ვარდისფერი გამჭვირვალე შარფი უფარავს. შემდეგ ფოტოებზე კი დიორის ელეგანტური კაბით არის წარმოდგენილი. ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტოგადაღება აღმოჩნდა. სტერნის ფოტოებმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც პოპ-კულტურის მნიშვნელოვანმა ნაწილმა.

 

მილტონ გრინი

მილტონ გრინი მონროს მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. გრინმა ფოტოები გადაუღო იმდროინდელი ყველა დიდი გამოცემისთვის (Life, Harper’s Bazaar, Vogue). მის ნამუშევრებში შედარებით ბუნებრივ მონროს ვხვდებით.

სტუდიის ნაცვლად, მილტონ გრინი გარე გადაღებებს ამჯობინებდა – მსახიობს საძინებელში, აუზში და სახლის გარემოში იღებდა. მის ფოტოებში მონრო ყველგან თვალწარმტაცად გამოიყურება.

 

ლოურენს შილერი

1962 წელს ფილმ Something’s Got to Give-ის დაუსრულებელი გადაღება მიმდინარეობდა. მსახიობი მალევე გაათავისუფლეს შერჩეული როლიდან. შილერის ფოტოები  მონროს დაღმავლობისკენ მიმავალ კარიერაში გამოსამშვიდობებელ ოდასავით ისმოდა.

შილერმა და ბილი ვუდფილდმა მოგვიანებით  საკუთარი ნამუშევრები გააერთიანეს და მერლინის თანხმობით ჟურნალ Life-ს მიჰყიდეს. მას შემდეგ, რაც მსახიობი როლიდან მოხსნეს, ფოტოები განსაკუთრებით პოპულარული გახდა.  

 

ორიგინალი: https://www.artsy.net/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.