როგორ შევანელოთ დაბერება: მეცნიერებმა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა 24%-ით გაზარდეს
სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად მეცნიერები ყველა სახის ექსპერიმენტს მიმართავენ. თაგვებზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ კი დამაინტრიგებელი შედეგი გამოიღო: ჰიპერგრძელი ტელომერების წყალობით სიცოცხლე გახანგრძლივდა.
ტელომერები ქრომოსომათა ბოლოებზე მდებარე უბნებია, რომლებიც ეუკარიოტთა მრავალ სახეობაში გვხვდება. მათში ასეულობით ან ათასეულობითაა გამეორებული ერთი და იგივე, მოკლე დნმ-თანამიმდევრობა. დნმ-ის რეპლიკაციისას, მაგალითად, უჯრედის გაყოფის დროს, ტელომერები სულ უფრო და უფრო მოკლდება იმ დრომდე, სანამ რეპლიკაცია არ მიაღწევს ქრომოსომის უკიდურეს დაბოლოებას.
ტელომერები, გარკვეულწილად, ბუფერის როლს ასრულებენ, იცავენ ჩვენს ქრომოსომებში გენეტიკურ მასალას. ტელომერების დამოკლება კი უჯრედის დაბერების ინდიკატორია. ფაქტობრივად, ტელომერების სიგრძის შემცირებასთან ერთად ჩვენც ვბერდებით. სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ არსებული მრავალი კვლევის მიზანი ტელომერების სიჯანსაღის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება იყო.
ამ დრომდე ექსპერიმენტები გულისხმობდა გენების ექსპრესიის შეცვლას, მაგრამ ახალი კვლევა არ გულისხმობს სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით განხორციელებულ გენეტიკურ მოდიფიკაციას.
ნაშრომი ეფუძნება წინა კვლევას, რომელშიც ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ პეტრის ჯამზე გასაყოფად მოთავსებულ პლურიპოტენციურ ღეროვან უჯრედებს ჩვეულებრივზე ორჯერ გრძელი ტელომერები რჩებათ.
ტელომერები გრძელდება ამავე გზით დამუშავებულ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებშიც. შესაბამისად, მეცნიერებმა გენეტიკური მოდიფიცირების გარეშე, გაორმაგებული სიგრძის ღეროვანი უჯრედებით გამოიყვანეს ქიმერული თაგვები.
ესპანეთის კიბოს კვლევის ცენტრის (CNIO) წარმომადგენლის, მოლეკულური ბიოლოგის, მარია ბლასკოს დასკვნის მიხედვით, გენები არ არის ერთადერთი, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ. არსებობს სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სხვა გზებიც, რომლებიც არ გულისხმობს გენურ მოდიფიკაციას.
ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა: გრძელი ტელომერების მქონე თაგვებმა საშუალოდ 24%-ით დიდხანს იცოცხლეს, იყვნენ შედარებით უფრო გამხდრები და აღენიშნებოდათ კიბოს განვითარების ბევრად დაბალი რისკი. მკვლევართა მიხედვით, შემცირებული იყო მეტაბოლური დაბერების სხვადასხვა მაჩვენებელიც.
ამ თაგვების სხეულში “ცუდი” ქოლესტერინის ბევრად დაბალი დონე აღმოჩნდა, მათი დნმ კი არ იყო იმგვარად დაზიანებული, როგორც ეს ცხოველებში დაბერებისას ხდება. უფრო მეტიც, თაგვების მიტოქონდრიები ბევრად უკეთ ფუნქციონირებდა.
ექსპერიმენტი ეთანხმება იმავე გუნდის მიერ ჩატარებულ ადრინდელ კვლევას, რომლის მიხედვითაც, თაგვების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საკმარისი იყო ტელომერაზას – ტელომერის დამაგრძელებელი ფერმენტის აქტივაცია.
აუცილებელია გვახსოვდეს: ექსპერიმენტი თაგვებს ეხება და ეს იმას სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდით ადამიანთა სიცოცხლის განგრძლივობა ასეთივე წარმატებით გაიზრდება.
თუმცა, კვლევის შედეგებმა ცხადყო ტელომერების სიგრძესა და ცხოველებში სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირის არსებობა, რის გამოც შეგვიძლია ვიფიქროთ ახალი გზების გახსნაზეც.
სამყაროში, სადაც ჩვენს უჯრედებს ყველაფერი სიბერით ემუქრება, კარგი იქნებოდა იმ ხერხის პოვნა, რომელიც ამ პროცესს ოდნავ მაინც დაამუხრუჭებს.
“ნორმალურზე უფრო გრძელი ტელომერები იწვევს სასარგებლო ეფექტებს თაგვებში, ანელებს მეტაბოლურ დაბერებას, აქვეითებს კიბოს გაჩენის ალბათობას და მატებს სიცოცხლის ხანგრძლივობას”, – აღნიშნავენ მკვლევრები.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications.
ორიგინალი: https://www.sciencealert.com/