fbpx

როგორ გვიცავს ტვინი სიკვდილზე ფიქრისგან


გააზიარე სტატია

გაფრთხილება: ეს ამბავი სიკვდილზეა.
ნამდვილად გსურთ  კითხვის გაგრძელება?!


ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მკვლევართა აზრით, ჩვენი ტვინი ძალ-ღონეს არ იშურებს, რაც შეიძლება ნაკლებად ვამახვილებდეთ ყურადღებას გარდაუვალი სიკვდილის შესახებ ფიქრებზე.

კვლევის მიხედვით, ტვინი ეგზისტენციალური შიშისგან გვიცავს და სიკვდილს წარმოიდგენს, როგორც უბედურ შემთხვევას, რომელიც მხოლოდ სხვებს შეიძლება დაემართოთ.

“ტვინს არ სურს იმის დაშვება, რომ სიკვდილი ჩვენც გვემუქრება და როდესაც ამის შესახებ ინფორმაციას იღებს, მყისიერად რეაგირებს, განდევნის ფიქრებს ისე, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხებოდეს”, – ამბობს ნეირომეცნიერი იარ დორ-ზიდერმანი.

აწმყოში მშვიდად ცხოვრება რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია დაცული ვიყოთ მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრისგან. ადრეულ ასაკში, როცა ჩვენი ტვინი ვითარდება და ვაცნობიერებთ, რომ ოდესმე ყველანი დავიხოცებით, ყალიბდება თავდაცვითი მექანიზმიც.

საკუთარ მომავალზე ფიქრისას ვიაზრებთ, რომ შესაძლოა, რაღაც მომენტში  მოვკვდეთ, მაგრამ ამ ფაქტს ვერ შევცლით – სიკვდილთან ვერაფერს გავხდებით. ეს  ყველაფერი ეწინააღმდეგება მთელ ჩვენს ბიოლოგიას, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებაში გვეხმარება.

იმის დასადგენად, თუ როგორ უმკლავდება ტვინი სიკვდილის შესახებ ფიქრებს, დორ-ზიდერმანმა თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავა ტესტი, რომელიც გულისხმობდა ტვინში მოულოდნელი სიგნალების გამოწვევას.

მათ ცდისპირებს სთხოვეს, ეკრანზე მოულოდნელად გამოსახულ პორტრეტებს დაკვირვებოდნენ, რა დროსაც კონტროლდებოდა მათი ტვინის აქტივობა. ცდისპირები ეკრანზე მოულოდნელად მონაცვლეობით  საკუთარ და სხვების სახეებს ხედავდნენ. უკანასკნელი კადრის დანახვაზე ტვინი კრთებოდა, რადგან სახე არ აღმოჩნდა ის, რაც ტვინს უკვე წინასწარ ჰქონდა ნავარაუდები. ეკრანზე გამოსახული სახეების ქვეშ ჩნდებოდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა “დაკრძალვა” ან “დასაფლავება”.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ცდისპირი ხედავდა საკუთარ სახეს სიკვდილთან ასოცირებულ სიტყვებთან ერთად, ტვინი თიშავდა პროგნოზირების მექანიზმს. ის უარს ამბობდა  საკუთარი თავის სიკვდილთან დაკავშირებაზე და არც მოულოდნელ სიგნალებს აფიქსირებდა.

სტატიის ავტორის, ევი გოლდშტეინის თქმით, ჩვენ საკუთარ თავს ეგზისტენციალური შიშებისგან ვიცავთ ან შეგნებულად ვფიქრობთ სიკვდილზე, მაგრამ ეს ხდება სიკვდილის საკუთარ თავთან დაკავშირების გარეშე ან ინფორმაციას ვახარისხებთ იმგვარად, რომ ეს  სხვებს ეხებოდეთ და არა ჩვენ.

დორ-ზიდერმანი: “რაციონალურად არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ მოვკვდებით, მაგრამ უფრო ხშირად  ვფიქრობთ, რომ სიკვდილი სხვა ადამიანების ხვედრია და არა ჩვენი.”

არც ისე დიდი ხნის წინ დორ-ზიდერმანმა აღნიშნა, რომ სიკვდილის შესახებ ფიქრისგან თავდაცვა ჩვენ გარშემო არსებული სიკვდილიანობით ბალანსდებოდა. დღეს მას სჯერა, რომ საზოგადოება სიკვდილის შიშითაა შეპყრობილი – ავადმყოფებს ჰოსპიტლებში, ხოლო მოხუცებულებს კი  თავშესაფრებში აგზავნიან – ადამიანებმა სიკვდილის შესახებ საგრძნობლად ნაკლები იციან და შესაძლოა, ამის გამო უფრო მეტად ეშინიათ კიდეც.

კენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი არნად უისმანი ამბობს, რომ ადამიანები  სიკვდილზე ფიქრებს თავს არიდებენ. ახალგაზრდები კი სიკვდილს სხვების პრობლემად აღიქვამენ.

უისმანის ნაშრომის მიხედვით, თანამედროვე საზოგადოება ცდილობს სიკვდილზე ფიქრისგან “სარბენი ბილიკით თავის დაღწევას.” 

თავდაუზოგავი შრომა, გასართობ ადგილებში ყოფნა, მუდმივად მობილური ტელეფონების შემოწმება და ახალი ნივთების ყიდვა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ძალიან დაკავებულია და სიკვდილზე დასაფიქრებლად დრო აღარ აქვთ.


ორიგინალი: https://www.theguardian.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.