14 ნოემბერი დილიდან
Friends-ის გაგრძელებაზე HBO მუშაობს
გავრცელებული ინფორმაცით, HBO-ს სურს და მისი წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს შოუს ექვსივე მთავარ მსახიობთან და რეჟისორებთან. ამ ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ აქამდე ამ სატელევიზიო შოუს სტრიმინგის უფლება Netflix-ს ჰქონდა, მომავალი წლიდან კი ის WarnerMedia-ს გადაეცემა, რომელსაც HBO-სთან მჭიდრო კავშირი აქვს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
გრეტა თუნბერგი ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს
შვედ ეკოაქტივისტს ატლანტის ოკეანის გადაცურვა გემით ავსტრალიელმა ბლოგერებმა შესთავაზეს და თავიანთი გემის ბორტზე მიიპატიჟეს. 15-მეტრიანი კატამარანით გრეტა ტუნბერგი სტარტს ამერიკულ ქალაქ ჰემპტონიდან აიღებს. მოგზაურობა ესპანეთის სანაპიროზე დასრულდება. ევროპულ ქვეყანაში ეკოაქტივისტი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, რომელიც 2-13 დეკემბერს არის დაგეგმილი.
კატამარანით მოგზაურობას 2-3 კვირა დასჭირდება. ექსპერტების მოსაზრებით, ნოემბერი მსგავსი მოგზაურობისთვის შესაფერისი დრო არ არის.
წყარო: https://www.dw.com/
Facebook-მა Facebook Pay წარადგინა
ფეისბუქ ფეი არის ერთიანი ონლაინ-გადახდის სისტემა Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, Messenger-ისა და WhatsApp-ისთვის. “ადამიანები ჩვენი აპლიკაციების მეშვეობით უკვე იხდიან, რათა ნივთები იყიდონ, ქველმოქმედებაში ჩაერთონ ან ერთმანეთს ფული გაუგზავნონ. Facebook Pay ამ ტრანზაქციებს გაამარტივებს და გადახდის მონაცემებს დაიცავს”, – აღნიშნულია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადახდის სისტემა ამ კვირაში ამოქმედდება. თავდაპირველად ის მხოლოდ Facebook-სა და Messenger-ზე ამუშავდება და აშშ-ის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შემდეგ მის გავრცელებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავენ.
წყარო: https://www.theverge.com
დედოფალ ელიზაბეტის შემდეგ ინსტაგრამზე პირველი პოსტი პრინცმა ჩარლზმაც გამოაქვეყნა.
სამეფო ოჯახის 70 წლის წარმომადგენელმა თავისი პირველი პოსტი სამშაბათს, 12 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინსტაგრამის ანგარიში კლარენს ჰაუსი წლებია, რაც მისი და კორნუელის ჰერცოგინია კამილას ცხოვრებას და მოღვაწეობას აღწერს, თუმცა ჩარლზმა ინსტაგრამის პოსტი პირველად დაწერა.
წყარო: https://www.instagram.com/
13 ნოემბრიდან თბილისში ბაროკო ფესტივალი გაიმართება
ფესტივალის პროგრამით დაგეგმილია კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. ღონისძიებას ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები – დავიდე ამადიო, სერჯო აცოლინი, ბალაჟ მატე, ჟოზეპ მარია მარტი დურანი, ანსამბლი Fuoco E Cenere და სხვები ესტუმრებიან.
18-19 ნოემბერს რუსთაველის თეატრში მაყურებელი მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ წარმოდგენას – „ძველებურ ცეკვებს“ იხილავს, რომლის კოსტიუმების მხატვარიც უტა ბექაიაა, ხოლო 24-25 ნოემბერს სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ბალეტი „ფოლია“.
ბაროკო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც გია ბუღაძე, მარიამ ალექსიძე, გიორგი კალანდია, თამარ ჩხეიძე და გიორგი კეკელიძე ჩაატარებენ.
მეხუთე ფესტივალი 13 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მისი მხარდამჭერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და იტალიის საელჩო არიან.
წყარო: https://www.facebook.com
Apple-მა MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა
16-დიუმიან MacBook Pro-ს აქვს 8-ბირთვიანი პროცესორი, დამაჩქარებელი Turbo Boost, რომლის სიმძლავრე 5,0 გიგაჰერცია და 64 გიგაბაიტის ოპერატიული მეხსიერება. Apple-ში აცხადებენ, რომ კომპიუტერის წარმოების სისწრაფე 2,1-ჯერ აღემატება 15-დიუმიანი MacBook Pro-ს სიჩქარეს, რომლის პროცესორიც 4-ბირთვიანია. კომპიუტერს აქვს გრაფიკული პროცესორი AMD Radeon Pro. კვირის ბოლომდე ახალი MacBook Pro აშშ-ში, Apple Store-ის მაღაზიებში გამოჩნდება, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.
წყარო: https://techcrunch.com/