fbpx

ინდონეზიელი ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომლებიც ფილმის სცენებს მოგაგონებთ


გააზიარე სტატია



ფოტოგრაფი რარინდრა პრაკარსა ჯაკარტაში ცხოვრობს და ინდონეზიის სოფლებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას აღბეჭდავს. ერთი შეხედვით მის ფოტოებში ინდონეზიელების ცხოვრების უმნიშვნელო, რუტინულ  დეტალებს ვხვდებით. თუმცა, ამასთან მის ყველა ფოტოს აქვს დამუშავების განსაკუთრებელი ტექნიკა, გამორჩეული ფერები და განსხვავებული სინათლე. სწორედ ამიტომ მის თითოეულ ფოტოს მხატვრული ფილმის სცენებს ადარებენ.რარინდრა პრაკარსას უკვე 30-წლიანი გამოცდილება აქვს. თავიდან მან კარიერა დაიწყო როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა. ეს ხდებოდა 1990-იან წლებში, როდესაც კოლეჯში გრაფიკულ დიზაინს ეუფლებოდა. ამ პერიოდში მისი ერთ-ერთი მთავარი საგანი ფოტოგრაფია იყო. ვიზუალურ ხელოვნებაზე შეყვარებულ სტუდენტს ფოტოგრაფიისადმი ინტერესიც მალევე გაუღვივდა, მეგობრისგან კამერა ითხოვა და მთელ დღეებს გასამჟღავნებელ ოთახში ატარებდა.

 

მისი იმდროინდელი სურვილი კინოინდუსტრიაში მუშაობა იყო. ეს სფერო მას განსაკუთრებით იტაცებდა, როგორც თავად ამბობს, ფილმებს ორჯერ უყურებდა –  თავდაპირველად კინემატოგრაფიულ ნაწილს და რეჟისორის შრომას აფასებდა, მეორედ კი ფილმის სიუჟეტს და ამბავს ეცნობოდა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, თუმცა გრაფიკულ დიზაინს და ფოტოგრაფიას დაეუფლა.

 


“ფოტოგრაფიას აქვს საშუალება წამიერი კადრი უკვდავი გახადოს”, – ამბობს რარინდრა. როგორც უკვე ვახსენეთ, ფოტოგრაფის ნამუშევრებში განსაკუთრებულ ადგილს სინათლე იკავებს. თავად ამბობს, რომ პროფესიონალ ფოტოგრაფს ნებისმიერ სინათლეში უნდა შეეძლოს კარგი კადრის აღბეჭდვა. სინათლის დანახვა, აღქმა და შემდგომ მისი ფირზე გადატანა მისთვის მუდმივი გამოწვევაა. 

 

სინათლის გამოყენების უნარებს ფოტოგრაფი ხელოვნებასთან აკავშირებს, ის იხსენებს ამბავს, როდესაც შემთხვევით რუსეთში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი მხატვრის, უოლტერ სპაისის ნამუშევრებს წააწყდა. სწორედ მისმა ნამუშევრებმა მოახდინა რარინდრაზე  წარუშლელი შთაბეჭდილება და დღემდე სპაისის შემოქმედება მისთვის შთაგონების წყაროა.

 

ფოტოგრაფი  სოციალური მედიის როლზეც საუბრობს, რადგან სწორედ მისი საშუალებით ახერხებს საკუთარი ნამუშევრების მსოფლიოსთვის გაცნობას. სოციალური მედიის დახმარებით ის ფოტოგრაფიით გატაცებულ ადამიანებს ონლაინ ლექციებსა და ვორქშოპებს სთავაზობს, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

 

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.