fbpx

რა დავკარგეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნით — მოსაზრება


გააზიარე სტატია

ავტორი: დიმიტრი სანაია

კახა კალაძეს უთქვამს, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემაო.

ეს სიტყვები ისე თქვა, თითქოს საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად საკმარისი არგუმენტი იყოს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თუ არ იცის რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა, ამით მისი არსებობის საჭიროება არ ქრება და ეს ყველა პოლიტიკოსს კარგად უნდა ესმოდეს. თუმცა, პოლიტიკოსებს კიდევ ბევრი რამ უნდა ესმოდეთ კარგად. მაგალითად ის, რომ სახალხო პროტესტით მოპოვებული დაპირებების შეუსრულებლობა ძალიან ძვირად დაუჯდებათ, მაგრამ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულ და ძალაუფლების საკიდზე ჩამოკიდებულ პოლიტიკანებს რეალობისგან შორს ყოფნა რომ ახასიათებთ, ეს ახალი არავისთვისაა.

უკვე ორი დღეა რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქციები განახლდა. ამჯერად ხალხის მღელვარება ხელისუფლების მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას მოჰყვა. “გავრილოვის ღამის” მოვლენების შემდეგ, 2019 წლის ივნისში აქტივისტებმა ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება მოსთხოვეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მოთხოვნის შესრულების დაპირებაც მიიღეს.

“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში”,— ბიძინა ივანიშვილი, 2019 წლის 24 ივნისი. 

დაპირებების შეუსრულებლობით “ქართული ოცნება” ვეღარავის აკვირვებს, მაგრამ ეს შემთხვევა მაინც განსაკუთრებული იყო. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, პარლემნტში კანონპროეტქის განხილვა დაიწყო, შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო და ბოლოს, საერთოდ ჩავარდა. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმა აიღეს, აქამდე რომ თითქმის არასდროს გვსმენია. ისეთი სპექტაკლი გათამაშდა, აპლოდისმენტების ნაცვლად, მორიგი საპროტესტო აქცია რომ მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი პატარა ტრიუკი ჩაატარა, ოღონდ ამჯერად ყველა მიუხვდა. უცნობი დეპუტატები, რომელთა გავლენაც არც საზოგადოებაში და არც პარტიაში არც ერთი საზომით არ იზომება, ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდნენ — ვის სჯერა ამის?!

და მაინც, მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რა დავკარგეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდებით?

საქართველოში დღევანდელი კონსტიტუციით შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლები პარტიული სიის მიხედვით პარლამენტის ნახევარს აკომპლექტებენ, მეორე ნახევარს კი მაჟორიტარი დეპუტატები იკავებენ.

ამ სისტემამ თავისი უარყოფითი თვისებები არაერთხელ გამოავლინა. უკვე მრავალი წელია მაჟორიტარების ადგილებს პარლამენტში არა პოლიტიკოსები, არამედ მილიონერი ბიზნესმენები, კუნთმაგარი მოჭიდავეები და ფეხმარდი ფეხბურთელები იკავებენ, რომლებიც როგორც წესი, პროპორციული წესით გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები არიან. მათი მიზანი არა პოლიტიკური აქტივობა, არამედ საკუთარი სოციალური სტატუსის შენარჩუნება და გამყარებაა, რაც პარლამენტის მუშაობას შინაარს უკარგავს.

რეალურად კი, ადამიანები ირჩევენ არა მაჟორიტარებს, არამედ იმ პარტიას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. დღეს რომ საარჩევნო ოლქები დაიაროთ და მოსახლეობა გამოკითხოთ, დიდ ნაწილს არც კი ეცოდინება ვის მისცა ხმა მაჟორიტარული წესით. აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ პარტიის სახელს დაგისახელებთ. ამით კი მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტია ხეირობს, რომელიც პარლამენტში უფრო მეტ ადგილს იღებს, ვიდრე რეალურად ეკუთვნის.

სხვა ყველა მხარე წაგებულია, განსაკუთრებით კი ქვეყანა. 

საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩააგდეს სწორედ მათ, ვისაც არჩევნებში პროპორციული სიით გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ.

სრულად პროპორციული არჩევნები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ნამდვილი პანაცეა იყო. ეს მოდელი გულისხმობს მხოლოდ პარტიული სიით დეპუტატების არჩევას, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს “ადგილის ყიდვის” შესაძლებლობას საკანონმდებლო ორგანოში. პარტიები პარლამენტში მიიღებენ ზუსტად იმ პროცენტის პროპორციულ ადგილს, რამდენსაც არჩევნებზე მიიღებდნენ.

პარლამენტში განსახილველად შესული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საარჩევნო სისტემის ამ მოდელში გათვალისწინებული იყო 0%-იანი ბარიერი, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შანსს მისცემდა საკუთარი შეხედულებები პარლამენტიდან გაეჟღერებინათ. გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი განწყობებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი პარტია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვეყოლებოდა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელშიც ყველა დეპუტატს ექნებოდა გავლენა. ასეთი რეალობა კი გამოიწვევდა კვალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას. ანუ, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში არ იარსებებდა “ბელადი”, რომლის დაკრულ მუსიკაზეც მთელი ქვეყანა ძალაუნებურად იცეკვებდა. 

სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა გავრცელებულ ქართულ ფობიას, რომ თითქოს “ქართულ ოცნებას” აუცილებლად “ნაციონალური მოძრაობა” ჩაანაცვლებს, წერტილს დაუსვამდა. ასეთ საარჩევნო სისტემაში არც ერთი ხმა არ დაიკარგებოდა, რადგან პარტიას ბუნებრივი ბარიერის (0%-ის) გადალახვის შემთხვევაში, მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც ეყოლებოდა.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პროპორციული საარჩევნო სისტემა უფრო მეტად თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პარლამენტს შექმნიდა, ვიდრე დაპირისპირებულს.

ეს შანსი დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს პარლამენტში ისევ “იყიდიან ადგილებს” ბიზნესმენები, რათა საკუთარი სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო განიმტკიცონ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ისევ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღება პარლამენტში და ხან თამბაქო გაგიძვირდებათ, ხან გავრილოვი ჩამოვა სპიკერის სკამში მოსაკალათებლად და იმასაც, რომ არავინ იზრუნებს ეკონომიკურ ზრდაზე, ღარიბებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე და ა.შ. 

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რუსეთს აწყობდა. რაც უფრო სუსტი იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრი, მტრისთვის უკეთესია. მითუმეტეს, რომ “ქართული ოცნება” დიდი დათვის სიყვარულში უკვე არაერთხელაა შემჩნეული.

საერთო ჯამში, საქართველომ ამ რეფორმის ჩაგდებით კიდევ მრავალი წლით დაკარგა პოლიტიკური კულტურის, მოსახლეობის კეთილდღეობისა და ეკონომიკის განვითარების შანსი.

ცვლილებების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ბრძოლის ხაზი ახლა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გადის, სადაც აქტივისტები ახალი მოთხოვნებისთვის იბრძვიან. 

5,906 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.