fbpx

ზეთში შესრულებული ცარიელი საწოლების რეალისტური ნამუშევრები მწუხარებასა და მარტოობის შეგრძნებას იწვევს


გააზიარე სტატია



სევდის ჟამს  ხშირად ერთადერთი ადგილი, სადაც ყოფნა გსურთ,  საკუთარი საწოლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გეძინებათ, უბრალოდ თქვენ გჭირდებათ სივრცე, სადაც არა მხოლოდ დამშვიდდებით და ძალების აღდგენას შეძლებთ, არამედ   სამყაროსა და საკუთარი პრობლემებისგანაც დაიმალებით. მხატვარ სტეფან სერპიკის ფოტორეალისტური ნამუშევრები, რომლებზეც არეული, ცარიელი საწოლებია აღბეჭდილი, პირადი მწუხარების, დეპრესიისა და მარტოსულობის გამოხატულებაა.

სერპიკმა ხატვა 3 წლის წინ, აშშ-ის არჩევნების შემდეგ დაიწყო. “თავზარდაცემული ვიყავი არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ პირადი პრობლემებითაც – მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ვფიქრობდი წარსულზე და მახსენდებოდა, რომ დეპრესიაში ყოფნისას ყველაზე დიდ დროს საწოლში ვატარებდი.  ეს იყო ერთადერთი უსაფრთხო ადგილი, სადაც შემეძლო გავქცეოდი ყველა პრობლემას, დავმწუხრებულიყავი და ამავე დროს, საკუთარი თავიც განმეკურნა”, – აღნიშნავს მხატვარი.

არეულ-დარეული, დასრესილი, ერთმანეთში ახლართული ზეწარი და შალითა, დაჭმუჭნილი ბალიშის პირები მკაფიო კონტრასტს ქმნიან შავ ფონთან და ეს დაპირისპირება მნახველში  მწუხარების განცდას აღძრავს. ნამუშევრების დიდ ნაწილში სინათლის წყარო უხილავია. მაგალითად, ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ფანჯარა, რომელიც შექმნიდა განცდას, რომ იქიდან ნათდება სერპიკის კომპოზიციის შთამბეჭდავი დეტალები. ამავდროულად ასეთი დეტალების არარსებობა გამორიცხავს გარესამყაროს ნიშნების კომპოზიციაში შემოჭრასაც. სერპიკის თითოეულ  ნამუშევარზე აღბეჭდილია როგორც მხატვრის, ასევე მაყურებლისთვის ნაცნობი მომენტები საკუთარი მარტოობიდან.

სეპრიკი ამბობს:  “ნამუშევარი გადმოსცემს მწუხარების საყოველთაო განცდას და იმის მიუხედავად, რომ  თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად განვიცდით მწუხარებას, ტანჯვა მაინც უნივერსალურია”.





მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.