ზვიად გამსახურდია – 80 – პირველი პრეზიდენტისადმი მიძღვნილი გამოფენა ხელოვნების სასახლეში
ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი
ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა 28 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი საგანგებოდ შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილე პარტიებსა და ორგანიზაციებს რეგისტრაციაში არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებდა.
ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები უწევდნენ. გამოფენა მხოლოდ ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს წარმოგვიდგენს.
AT.GE გამოფენასთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეს დირექტორს და გამოფენის კურატორს გიორგი კალანდიას ესაუბრა.
გამოფენის გახსნა ჩვენს უახლოეს წარსულსა და მნიშვნელოვან დღეს, 28 ოქტომბერს – პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღს დაუკავშირეთ და საგანგებოდ შეარჩიეთ. გვესაუბრეთ ამაზე.
პრეზიდენტი გამსახურდია საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და თამამად შეიძლება ითქვას, ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ მისი დამსახურებით მოხდა და გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი, პირველი დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების დღე, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ.
პირველი პრეზიდენტების იუბილეებს ცივილიზებულ ქვეყნებში ძალიან პომპეზურად აღნიშნავენ, ამიტომ არ გვინდოდა ჩვენი პირველი პრეზიდენტის იუბილეს უღიმღამოდ ჩაევლო. ასეთი გამოფენები აუცილებელია ქვეყნისათვის, რადგან ეს ისტორიული მოვლენები ყველა მოქალაქის საკუთრებაა და ამ შემთხვევაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
რამდენ ნაწილად იყოფა საექსპოზიციო სივრცე და რა არის ექსპოზიციის ცენტრალური ექსპონატი?
საექსპოზიციო სივრცე ორ ნაწილად ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ზვიად გამსახურდიას შემოქმედება, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ოჯახი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და დევნილობის პერიოდი. ექსპოზიციის ცენტრალური ექსპონატია პრეზიდენტ გამსახურდიას საპრეზიდენტო პორტრეტი, რომელიც თანამედროვე ქართველმა მხატვარმა – ბრუნო ვეფხვაძემ შექმნა. საპრეზიდენტო პორტრეტის ჩვენებით გვსურს დავამკვიდროთ საპრეზიდენტო პორტრეტების არსებობის ტენდენცია.
მულტიმედია ელემენტიც გამოიყენეთ გამოფენისთვის. გვესაუბრეთ გამოფენის ამ ნაწილზეც.
გვსურდა გამოფენა ყოფილიყო თანამედროვეობის ელემენტებით შევსებული, ამიტომ პირველ საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილია სტაციონარული ექსპოზიცია და მეორე დარბაზში კი ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პორტრეტი და ასევე, ზვიად გამსახურდიასადმი და პირველი ქართული, საბჭოთა პერიოდის მრავალპარტიული არჩევნებისადმი მიძღვნილი ფილმი – “წილი ნაყარია”, რომლის ავტორია დავით არსენიშვილი.
ფილმში ნაჩვენებია 28 ოქტომბრის არჩევნები, საზეიმო განწყობა თბილისში და დროშის აღმართვის სცენა. ფილმის კადრებით, ინტერვიუებით, ამომრჩეველთა დისციპლინით და განწყობებით კარგად ჩანს, რომ მაშინდელი საქართველო პოლიტიკურად ძალიან მომწიფებული იყო.
როგორც ცნობილია, გამოფენაზე მხოლოდ ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური საარქივო მასალებია წარმოდგენილი.
განსაკუთრებულად ვამაყობ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია აქ წარმოდგენილი ის ორიგინალები, რომლის გამოფენაც შევძელით. უნიკალური მასალით ასევე დაგვეხმარა ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ძალიან საინტერესო ნიმუშები მოგვცა გამოსაფენად და მუზეუმის ფონდსაც გადასცა. ამ გამოფენის ძვირფასი ექსპონატებია ფოტოები – კონსტანტინე გამსახურდია კოლხურ კოშკში, ცხრა წლის ზვიად გამსახურდია წყალტუბოში 1948 წელს, დედასთან – მირანდა ფალავანდიშვილთან ერთად, გამსახურდია სვანურ ქუდში, ხელში სიგარეტით და ასევე, მემორიალური ფოტოებიც: ფიცის დადების მომენტი და სხვა. გამოფენის მზადების პროცესში აღმოვაჩინე, რომ თითქოს უახლოესი წარსულია, მაგრამ ბევრი რაღაც უკვე დაკარგული და გამქრალია, იგივეა ადამიანების შემთხვევაშიც…
გამოფენაზე ნაჩვენებია გამსახურდიას პოლიტიკური შეხვედრები უცხოელ პოლიტიკურ ლიდერებთან და ასევე, წარმოდგენილია მისი სამეცნიერო და შემოქმედებითი ნაშრომებიც.
თავის დროზე პრეზიდენტ გამსახურდიასადმი ერთ-ერთი ბრალდება ის იყო, რომ თითქოს მას საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა ჩვენ აქ გვაქვს მისი ძალიან საინტერესო ფოტო-ორიგინალი დედა ტერეზასთან, ასევე რიჩარდ ნიქსონთან მისი შეხვედრის მულტიმედიური კადრები, სადაც ნიქსონი ამბობს, რომ გამსახურდია არის ძლიერი ლიდერი. გამოფენილი გვაქვს ზვიად გამსახურდიას და ბორის ელცინის შეხვედრის ფოტოები. ამიტომ ეს ექსპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი არ არის, გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის ყველას, ვისაც აინტერესებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და მისი ლიდერი.
ჩვენ ვაჩვენეთ ზვიად გამსახურდიას ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ნაშრომებიც, მისი პირველი ლექცია, რომელიც 1990 წლის 2 მაისს გაიმართა – “საქართველოს სულიერი მისია”, ასევე, პრეზიდენტ გამსახურდიას სხვა ნაშრომები: ”მეოცე საუკუნის ამერიკული პოეზია”, “ამერიკელი პოეტები”, ”შარლ ბოდლერის” მისეული თარგმანი.
თქვენთვის, როგორც კურატორისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახსოვარი ექსპონატი გამოფენაში?
ჩემთვის გამოფენის ყველა ექსპონატი ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მძიმე და სიმბოლურია ზვიად გამსახურდიას საფლავის ფოტო დევნილობაში, რომელიც საგანგებოდ გამოვფინეთ.
ფოტოზე ჩანს, რომ საფლავი დაბომბილია, გადამტვრეულია, მაგრამ მაინც დგას და ეს სიმბოლური სურათია თავისი შინაარსით და ძალიან კარგად გადმოსცემს საქართველოს მაშინდელ მდგომარეობას.