fbpx

დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

 

“მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები”

– მომატებული გალაკტიონი

 

ყოველთვის, სხვა ქვეყანაში ფეხის დაბიჯებისას შეთქმულივით გულში ვამბობ – “მიყვარს შენი სახელის უცხოეთში ხსენება”. ვამბობ იმ ქალაქებში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე არასოდეს ყოფილა.

სიმინდის ყანებში ჩაფლულ პატარა სოფელში დაბადებულს არ დასჭირდა შორი მოგზაურობები იმისთვის, რომ ყველგან დაგვხვედროდა, სადაც მოგვიანებით ჩვენ, იღბლიანები აღმოვჩნდით.

ამიტომაც, ის იყო სტოკჰოლმშიც აულა მაგნასთან დილის შვიდ საათზე, ის იყო მატარებელშიც ოსტრავადან-კოშიცემდე, ნიცა-ვენტიმილიამდე, ის იყო ძველი და ახალი სასტუმროების დილის საუზმეებზე, აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმებშიცაა, ნიუ იორკშიცაა და ამბობს – ამერიკისა იმგვარ სცემს გული. ის სხვის და ჩვენ წიგნებშია.

შესაძლოა, საქართვველოში არც დიდი მეფეების ღვაწლის, არც მნიშვნელოვანი რეფორმების, გადამწყვეტი ბრძოლების თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ იცოდეს ადამიანმა, დიდად არც გეოგრაფიული მდებარეობის არსს წვდებოდეს, მაგრამ გალაკტიონი უყვართ. თავისებურად, მგზნებარედ, სიგიჟემდე, ჩვეულებრივად, ფორმალურად მაგრამ უყვართ.

ყველას თავისი მანძილი აქვს გალაკტიონის ცქერის.

სასკოლო ქრესტომატიამ ჩვენში ბევრს შეაძულა ვეფხისტყაოსანიც და ალექსანდრე ყაზბეგიც. გალაკტიონი ვერა. რატომაა ის ჩვენთვის მთავარი საყრდენი წერტილი?

გალაკტიონია ის, ვინც ადამიანები სიყვარულზე დამოკიდებულები გახადა. ვინც პრაქტიკულად დაგვაჯერა, რომ უსიყვარულობა უბრალოდ, გოიმობაა. ამ პოეზიამ, ამ დაგეროტიპებმა და პერფორმანსმა – ჩვენ უკეთესები გაგვხადა.

ვინ იცის როგორ იცავდა თავის ტერიტორიას? ყველგან ნაღმი დადო: საწერ მაგიდაზე თაიგულები, თაროზე ივლისისფერი ყინვის თასები,კართან ლურჯა ცხენები დააყენა. მიხაკისფერი შეშლილობით, მელნით კი არა გულის სისხლით დაწერილი ლექსებით. ჩვენ ამ დაცულ ტერიტორიაზე შევცვივდით და რაც ჩაგვეტია ჯიბეში ჩავიწყვეთ.

ის ჩვენ ორგანიზმშია ჰემოგლობინივით, ხან იმატებს ხან იკლებს. გალაკტიონი ჩვენი აკვიატებული ფიქრია. ყოველ ჯერზე ხელთათმანის ჩაცმისას, ვამბობ: ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით. ვკითხულობ განცხადებას, იყიდება აგარაკი, გულში ვამბობ – აგარაკები, აგარაკები. მეშინია იტყვის ვიღაც, მე წიფის გვირაბს ვიგონებ. უმიზეზოდ ტირი – ვანიშნებ ბავშვს და მახსენდება რომ ორქიდეები  უმიზეზოდ ჩნდებიან. როცა რაღაც მიხარია ხმამაღლა ვამბობ – მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშავანგები. და ალუჩა, და თოვლი და ცხენები და ედგარი მესამედ და ფრთები და კიდევ ფრთები რომ გინდა და უსასრულოა, სერფინგია, კოსმოსია და ტანზე სუროსავითაა აცოცებული გალაკტიონი.

რატომ?

იმიტომ, რომ ეს ჭყვიშელი ბიჭი ჩვენი პრინცია, სერ!

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.