fbpx

შესარჩევი ტურნირის სანაკრებო უიკენდი და მისი შედეგები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

დასასრულს მიუახლოვდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და თითო-ოროლა გუნდის გამოკლებით გაირკვა მათი ვინაობა, რომლებიც მომავალ წელს კონტინენტის გამარჯვებულს გამოავლენენ.

ბევრი რამ უკვე აქამდეც ცნობილი იყო და ბოლო ორი სათამაშო ტურის შედეგებიდან რაიმე ახალს და საინტერესოს ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ საკუთარი ნაკრების და შვეიცარიის, ასევე ჩეხეთისა და კოსოვოს შეხვედრიდან თუ ელოდა.

შვეიცარია რომ ტრადიციულად უხერხული მეტოქეა ჩვენთვის, ჯერ კიდევ თბილისის „დინამოს“ საუკეთესო წლებიდან მომდინარეობს, როდესაც მაშინდელი უეფა-ს თასის გათამაშებაზე „გრასჰოპერსმა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა დინამოელები და ასპარეზობას გამოთიშა.

მას შემდეგ 40 წელიწადზე მეტმა განვლო, მაგრამ ქართულმა ფეხბურთმა ნავსი ვერ გატეხა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც უკვე წლებია, რაც მკვიდრდება მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში. 

საქართველოს ნაკრებს გააჩნდა თეორიული შანსი იმისა, რომ მრისხანე მეტოქესთან გასვლაზე მოგებით მთელი მსოფლიო აელაპარაკებინა, მაგრამ თურმე ეს ისევე არ უნდა მომხდარიყო, როგორც ზოგადად გოლის გატანა შვეიცარიის ნაკრების კარში…

გოლის გატანა კი მართლაც რომ მტკივნეული საკითხია ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან იმავე შვეიცარიასთან გარტყმული ძელის მიუხედავად, დანიასთან, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ჩატარებულ ჯამურ ექვს მატჩში გუნდმა ერთადერთი ბურთის გატანა მოახერხა, ისიც ანგარიშით 1:5 წაგებულ შეხვედრაში.

რაშია საქმე, რატომ  არასოდეს „გვიმართლებს“ და მსაჯებიც ხშირად არ გვწყალობენ? როგორ არ გავიხსენოთ შვეიცარიელებთან შინაურ შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების ორგანიზებული და არბიტრის მიერ ჩაშლილი საგოლე შეტევა, თითქოს დროის ამოწურვის გამო. 

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო, რასაც იმავდროულად მისი ათი კაცით დატოვებაც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ცოტა ხანში საქართველოს ნაკრებმა გოლი გაუშვა.

დანიის ნაკრებთან წაგებულ ზემოხსენებულ მატჩში კი არბიტრმა თერთმეტმეტრიანი გამოიგონა ჩვენი კარის მიმართულებით, რასაც ანგარიშის გახსნასთან ერთად, ჯაბა კანკავას ყოვლად უსაფუძვლო ყვითელი ბარათიც მოჰყვა. არბიტრმა ამის შემდეგაც უსაფუძვლოდ დაურიგა ჩვენებს ბარათები, რამაც ათი კაცით დარჩენის შიშით, ფაქტობრივად განაიარაღა საქართველოს ნაკრების დაცვითი ზღუდეები. 

ერთი კია, დროა საქართველოს ნაკრების მეკარეებმა ზოგჯერ თერთმეტმეტრიანის მოგერიებაც შეძლონ, რადგან ჩვენი კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი არბიტრმა მატჩის ბოლო წუთზე საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებების ახალგაზრდულ მატჩშიც დანიშნა, თანაც მაშინ, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს გასვლაზე ორბურთიანი უპირატესობა გაუნიავეს და მოგებაზე  ფიქრიც დაიწყეს!  

სასიხარულოა, რომ გია ცეცაძის გუნდმა ტექნიკური და სანახაობრივი – გენეტიკურად ქართული ფეხბურთი ითამაშა. მთელი მატჩის მანძილზე ჩვენი ფეხბურთელებისგან თავდაჯერებულობა იგრძნობოდა, რაც როგორც მაღალი ტემპით პრესინგში, ისე თავდაუზოგავ შეტევებში გამოიხატებოდა. ეს კი ქართული ფეხბურთის მომავალს ვიზუალურად დღევანდელ ტენ ჰააგის „აიაქსთან“ შეიძლება აკავშირებდეს, რომელიც სხვა თუ არაფერი, ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი ბირთვია… 

გია ცეცაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის მიერ შეცვლაზე შემოყვანილმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. ამის სრულიად საპირისპირო გამოდგა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ ტიტეს ინტუიცია არგენტინელებთან შეხვედრაში, რადგან არამცთუ შეცვლაზე შემოსულმა ექვსმა ფეხბურთელმა, არამედ მთლიანობაში ბრაზილიის ნაკრებმა მთელი 90 წუთის მანძილზე ერთი ხეირიანი საგოლე მომენტი ვერ შექმნა ისტორიულად ყველაზე პრინციპული მეტოქის კართან.

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ფსიქოლოგიური ბრძოლა, ფიზიკურზე  და ტექნიკურზე არანაკლები მნიშვნელობისაა თანამედროვე ფეხბურთში; თუმცა, რამდენად უცნაურადაც  უნდა გვეჩვენოს, ნეიტრალურ მინდორზე დანიშნული ამ მატჩისადმი დაწესებული თასის მიუხედავად, ბრაზილიისა და არგენტინის უკანასკნელ დაპირისპირებას ამხანაგური მატჩის ელფერი გარკვეულწილად დაჰკრავდა. 

ამის ერთ-ერთი მიზეზი მოახლოებული ლიბერტადორესის თასის ფინალია, რომელშიც კიდევ ერთი ბრაზილიურ-არგენტინული დუელი „ფლამენგოსა“ და „რივერ პლეიტს“ შორის შედგება. ტიტეს სწორედ ამ მიზეზით ნაკრებში რამდენიმე ფლამენგოელი არ გამოუძახია, რომლებიც სავარაუდოდ მეტ სიმწვავეს შესძენდნენ „პენტაკამპეონის“ თამაშს.

ბრაზილიელებმა თუკი რაიმე შექმნეს ამ შეხვედრაში, ეს დებიუტში მოხდა, როდესაც  გაბრიელ ჟეზუსმა მეტოქეს როგორი თერთმეტმეტრიანიც „აკიდა“, ზუსტად ისევე შეასრულა. პენალტებს მსგავს სტილში ანიავებდნენ ზიკო და სოკრატესიც, მაგრამ მათ გაცილებით მეტის შექმნა შეეძლოთ ბრაზილიის ნაკრებისთვის, ვიდრე ამას „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი აკეთებს.   

მალე მესის წინააღმდეგ ორთაბრძოლაშიც მსაჯმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი ამოიკითხა და არგენტინელმა ვარსკვლავმაც იგი გოლად აქცია, ოღონდ დამატებაზე, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელთაგან ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელმა – მეკარე ალისონმა პენალტი მოიგერია. 

არგენტინელების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მათ ბოლო წლების საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და თანაც იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელთანაც უკანასკნელ ხანს აშკარად უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ. 

სკალონის გუნდმა თითოეული სათამაშო რგოლი მოაწესრიგა და ბრაზილიელებს მთელი მატჩის მანძილზე განძრევის საშუალება არ მისცა. ერთი მხრივ, კოპა ამერიკის გამარჯვებულს ტრავმირებული ნეიმარი და დანი ალვეში აკლდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მატჩის სიუჟეტიდან გამომდინარე, არგენტინელები განა 1:0-ის, არამედ უფრო დიდი ანგარიშით მოგებასაც იმსახურებდნენ.

დიდი და თანაც ერთნაირი ანგარიშით – 7:0 თავ-თავიანთი მეტოქეები ინგლისისა და ესპანეთის ეროვნულმა გუნდებმა დაამარცხეს. რუსეთის ნაკრები კი შინ ბელგიელებთან სამბურთიანი სხვაობით განადგურდა. ამ შეხვედრაში სრული შერცხვენისგან რუსები გიორგი ჯიქიამ იხსნა, რომელმაც მატჩის მიწურულს მრისხანე მეტოქის კარში პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1:4 დააფიქსირა. 

 

ცხრა ტურის შემდეგ მხოლოდ ბელგიის და იტალიის ნაკრებებმა მოახერხეს ქულათა მაქსიმუმის დაგროვება. „სკუადრა აძურას“ ასეთ შედეგთან ერთად, განსაკუთრებით მისასალმებელია იმავე ჯგუფიდან  ფინეთის ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ამ პატარა, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი საფეხბურთო ისტორიის მქონე ქვეყანამ პირველად შეძლო ასეთი წარმატების მიღწევა. 

ბუნებრივია, რომ ამაში ფინელებს ჯგუფის დანარჩენი გუნდების სისუსტემაც შეუწყო ხელი, მაგრამ საინტერესოა, მოახერხებდა საქართველოს ნაკრები ფინეთის შედეგის ჩვენებას ამ ჯგუფში რომ მოხვედრილიყო მის ნაცვლად?

ამაზე პასუხს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერასოდეს მივიღებთ ერთა ლიგის მატჩებისგან განსხვავებით, იქამდე კი  მაინცდამაინც ბევრი დროც აღარ არის დარჩენილი. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა სავარაუდო მეტოქემ – კოსოვომ კი ჩეხებთან მატჩში ანგარიში შეხვედრის 50-ე წუთზე გახსნა და კიდევ 20 წუთის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებდა…

მაგრამ საბოლოოდ გამოცდილმა ჩეხებმა იძალეს და წინა ტურში ინგლისელების მსგავსად, ახირებული, მაგრამ გამოუცდელი სტუმარიც ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

დღევანდელი შედეგების მიხედვით უკვე ცნობილია, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა საბოლოოდ სენსაციების გარეშე განვლო. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში აღზევებული ზოგიერთი გუნდი, მაგალითად, ისლანდიის ნაკრები, ევრო 2020-ის მიღმა დარჩა, მაგრამ ფინეთის ნაკრებისა არ იყოს, ამ ტიპის გუნდებისთვის უმნიშვნელოვანესია ჯგუფის სხვა მონაწილეთა ვინაობა. 

მისასალმებელია უკრაინის ნაკრების წარმატება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური ევროპის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრაში მოიპოვა. საინტერესოა, რაიმე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვს ამ გამარჯვებას? ამას მომავალი წლის ზაფხულში შევიტყობთ… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.