სვანეთის ტყე იწვის
18 ნოემბრის საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლები, რომლებიც სვანეთში გაჩენილი ხანძრების კერების სიახლოვესაა გადაღებული.
ვიდეოების გამოჩენიდან რამდენიმე საათში “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი მოდებულია მესტიის, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტრამდე ტყის საფარი.
რაც შეეხება, ეცერს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, აქ ტყის საფარი 5-6 ჰექტრამდეა დამწვარი. როგორც სოფლის რწმუნებულები ამბობენ, ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.
ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება (ინტერპრესნიუსი).
ვიდეო: Nika Lebanidze
ვიდეო: Vika Pilpani