fbpx

სტუდენტები ფიქრობენ, რომ ლექციები მათთვის სასარგებლოა, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ისინი ცდებიან


გააზიარე სტატია


კვლევის მიხედვით, სტუდენტები ამჯობინებენ, სწავლისას მინიმალური ენერგია დახარჯონ – უსმენენ მხოლოდ ლექციებს იმის ნაცვლად, რომ აქტიური დასწავლის მეთოდი გამოიყენონ.

კვლევა, რომელიც  PNAS-ში გამოქვეყნდა, ამტკიცებს, რომ  სტუდენტები ხშირად ცდებიან სწავლის მეთოდების შეფასებაში. ისინი უფრო ეფექტიანად მიიჩნევენ სტრატეგიას, რომელიც მცირე კოგნიტურ ძალისხმევას მოითხოვს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა პასიურად  ლექციების მოსმენა. 

სწავლის აქტიური სტრატეგიები, პრაქტიკული ექსპერიმენტები და პრობლემების ჯგუფურად გადაჭრა  სტუდენტებისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა. ჯგუფურმა დინამიკამ შესაძლოა სტუდენტს იმედი გაუცრუოს ან აფიქრებინოს, რომ  ვერ შეძლებს მიღებული ინფორმაციის სათანადოდ გააზრებას. კვლევამ დაადგინა, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენს სტუდენტი სწავლისას, მით უფრო ნაყოფიერია შედეგი.

მკვლევრებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ორ ნაწილად დაყვეს. 15-კვირიანი კურსის განმავლობაში პირველი 11 კვირა მათ მხოლოდ ლექციები უტარდებოდათ. პირველმა ჯგუფმა  კურსის დასრულებამდე სწავლა პასიური ლექციებით განაგრძო, მეორე ჯგუფისთვის კი სწავლების აქტიური სტრატეგია შეირჩა, რაც პროცესში ჯგუფურ ჩართვას და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას გულისხმობდა.  

თითოეული ლექციის დასასრულს სტუდენტები გადიოდნენ ტესტირებას, რათა გადაემოწმებინათ საკუთარი ცოდნა და ამავე დროს შეეფასებინათ ლექცია. შეფასებებს შორის  ჭარბობდა ასეთი პასუხები: “ძალიან ვისიამოვნე ლექციით”, “ვფიქრობ, ამ ლექციამ ბევრი რამ მასწავლა”.

სტუდენტები ორივე ჯგუფში ერთი და იმავე  მასალით სწავლობდნენ, განსხვავება მხოლოდ ლექციების ინტერაქციულობაში იყო.

პირველ ჯგუფში ლექტორი ახალი მასალის ახსნისას იყენებდა სლაიდებს, ხსნიდა ამოცანებს, სტუდენტები კი ისმენდნენ. მეორე  ჯგუფში ინსტრუქტორი იმავე სლაიდებსა და კონცეფციებს იყენებდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში სტუდენტები ლექტორის დახმარების გარეშე,  თავად ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას. ხელმძღვანელი შეკითხვებს უსვამდა და მითითებებს აძლევდა იმ ჯგუფებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებოდათ.

კურსის დასასრულს პირველი ჯგუფის  სტუდენტებმა უპირატესობა პასიურ ლექციებს  მიანიჭეს, მაგრამ პოზიტიური შეფასების მიუხედავად, მათ 10%-ით ნაკლები ქულა დააგროვეს  აქტიური სწავლების სტრატეგიაში ჩართულ თანატოლებთან შედარებით.

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ აღქმასა და ნამდვილ გააზრებას შორის კავშირის არარსებობამ შესაძლოა დააქვეითოს სტუდენტის მოტივაცია, რადგან ისინი სწავლების აქტიურ მეთოდებს არ იყენებენ. მასწავლებლებმა სტუდენტებს უნდა დაანახვონ, რა ღირებულება აქვს შემეცნებითი ძალისხმევის გაზრდას, რომელიც აქტიურ სწავლებასთანაა კავშირში. 

კვლევა კოლეჯის სტუდენტებზე ჩატარდა, მაგრამ ეს რჩევები სწავლების ნებისმიერ საფეხურზე გამოგადგებათ:

ყურადღება მიაქციეთ აქტიური სწავლების უპირატესობებს – სტუდენტებს შეიძლება არც სურდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რადგან აქტიური სწავლება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა კვლევის შედეგები სხვას ამბობს – 2014 წელს ჩატარებული მეტა-ანალიზით დადასტურდა, რომ სწავლების აქტიური მეთოდი საგრძნობლად  ამაღლებს საბოლოო შედეგების ხარისხს. 

  • გაამხნევეთ მოსწავლეები,  უთხარით, რომ მათ მიერ გამოჩენილი ძალისხმევა აუცილებლად ნაყოფიერი იქნება.  გამოწვევების დაძლევისას ისინი თავს მშვიდად და კომფორტულად უნდა გრძნობდნენ.

  •  დაეხმარეთ სტუდენტებს მეტაკოგნიტური უნარების გამომუშავებაში. შესაძლოა, თავდაპირველად  გაუჭირდეთ საკითხების დამოუკიდებლად გააზრება, მაგრამ გამოიყენეთ აქტიური სწავლების სხვადასხვა სტრატეგია (მაგალითად, One-Minute Paper). “რთული ან დამაბნეველი ხომ არ მოგეჩვენათ საკითხი?”  – ეს შეკითხვა კი ნამდვილ და წარმოსახვით სწავლას შორის არსებულ უფსკრულს შეამცირებს.


ორიგინალი:https://www.edutopia.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.