fbpx

საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

ოქტომბრის ბოლოს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ  კურატორ და მკვლევარ ნინი ფალავანდიშვილის ალბომი „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“ გამოსცა. ნინი ფალავანდიშვილი საბჭოთა პერიოდის მოზაიკას უკანასკნელი 10 წელია იკვლევს,  ეს ალბომი კი, მისი რიგით მესამე ბეჭდური ნაშრომია, რომელიც ამ თემას ეძღვნება. 

AT.GE – სთან საუბრის დროს ნინი ამბობს, რომ  ამ ალბომით, მოზაიკა, როგორც კვლევის თემა ამოწურა, თუმცა იგი გააგრძელებს  ამ მიმართულების დაცვას და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლას.

  

ნინი, როდის დაიწყო თქვენი  „გატაცება“ მოზაიკით და რა გზა გაიარეთ ამ ალბომის გამოცემადე? 

პირველი პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფო ლაპიაშვილმა და მე,  2013 წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში აღვწერეთ თბილისში არსებული მოზაიკები  და 2014 წელს გამოვეცით საფოსტო ბარათების წიგნი საბჭოთა პერიოდის მოზაიკის შესახებ. ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად განვაგრძე კვლევა. მოვიარე საქართველოს რეგიონები, ვიღებდი ფოტოებს, ვაგროვებდი ძველ ფოტომასალას,  ვაწარმოებდი დოკუმენტაციას. საბოლოოდ, იმდენად დიდი მასალა დაგროვდა, რომ გადავწყვიტე მისი თავმოყრა და წიგნად გამოცემა, თუმცა, იმ დროისთვის, ვერც სპონსორები და ვერც გამომცემლები დავაინტერესე. 

ორი წლის წინ, ბერლინში ყოფნისას, დავუკავშირდი გერმანულ საგამომცემლო სახლს Dom publishers-ს და შევთავაზე  საქართველოზე არქიტექტურული გზამკვლევის შედგენა. მათგან მივიღე პასუხი, რომ ამ საკითხზე უკვე სხვა ადამიანი მუშაობდა, თუმცა, თავადვე შემომთავაზეს მოზაიკის შესახებ გზამკვლევის გამოცემა.  ასე დაიბადა პირველი სრული გერმანული და ინგლისური ვერსიები საბჭოთა პერიოდის საქართველოს მოზაიკის შესახებ.  

 ამ პროექტით თემა არ ამოიწურა, რადგან  მინდოდა არა ხოლოდ გზამკვლევი, არამედ ალბომი გამომეცა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ბევრად უფრო დიდი მასალა. კიდევ ერთხელ ვცადე ბედი და მივაკითხე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, რომელმაც  გამოსცა კიდეც ალბომი.

 

რამდენი ნამუშევარია ალბომში თავმოყრილი და დღეს რა მდგომარეობაშია ეს მოზაიკები?  

ამ წიგნში 100-მდე მოზაიკაა გაერთიანებული. რადგან გერმანული ვესრია გზამკვლევს გულისხმობდა, იქ მხოლოდ გადარჩენილ მოზაიკებს ვხვდებით,  აქ კი ის მოზაიკებიცაა, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ალბომში წარმოდგენილი ნამუშევრები თემატურად და ტიპობრივად ძალიან განსხვავებულია, რამაც მას მრავალფეროვნება შესძინა და სრულად წარმოაჩინა იმ ეპოქის მოზაიკის ხელწერა.  

 

წიგნში უცნობი ავტორებიც არიან მოხვედრილი

დიახ, ნაწილი ავტორების უცნობია. ეს მეტწილად რეგიონებში შესრულებული მოზაიკებია, თბილისის მოზაიკების ავტორების უმრავლესობა ცნობილია. ალბომში  შეტანილია ყველა ავტორის თუნდაც ერთი ნამუშევარი. 

 

როდის დაიწყო საქართველოში მოზაიკის „ბუმი“? 

საქართველოში მოზაიკის ბუმი დაახლოებით 60-იანი წლებიდან დაიწყო. 50-იან წლებში, ხრუშჩოვის დროს, მასობრივად  შენდებოდა ტიპური ნაგებობები, რომლებიც მაქსიმალურად მცირე დროში უნდა აშენებულიყო. მათ გარეგნულ იერსახეზე ზრუნვა არ იყო პრიორიტეტული და დეკორაციაზე თანხა არ იხარჯებოდა.  ხრუშჩოვის მმართველობის ბოლოს და ბრეჟნევის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდგომ, იწყება ფასადებზე აქცენტის დასმა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ესთეტიკური თუ იდეოლოგიური დატვირთვისა, მოზაიკა იყო მხატვრებისთვის „ფულის შოვნის“ ერთადერთი საშუალება. იმ დროს, მონუმენტურ ხელოვნებაში დიდი შეკვეთის მიღება, საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს გულისხმობდა. 

 

როგორ ხდებოდა მოზაიკისთვის შენობის თუ კედლის შერჩევა? 

შენობის პროექტთან ერთად, იგეგმებოდა მონუმენტური ნამუშევარიც. მხატვართა კავშირში ცხადდებოდა კონკურსი და საბჭოს განხილვის შემდეგ, მტკიცდებოდა. კარგ შემთხვევაში, მხატვრები ადევნებდნენ თვალყურს შესრულების პროცესს, ცუდ შემთხვევაში – არა, ხარისხიან ნამუშევრებს დღესაც ეტყობა, რომ ავტორმა ბოლომდე მიაქცია ყურადღება და ჩართული იყო მისი შესრულების პროცესში. 

 

ამ მოზაიკებს არა აქვთ ძეგლის სტატუსი მინიჭებული და მათი უმრავლესობა სწორედ ამას  ემსხვერპლა…

წლები ვიბრძოდით ბათუმში „რვაფეხასთვის“  სტატუსის მინიჭებისათვის. იმის გამო რომ ეს ვერ მოხერხდა,  კერძო ინვესტორს, რომელსაც იგი მფლობელობაში გადაეცა, მისი ავთენტურობის შენარჩუნების არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა. რესტავრაციისას  შეცვლილია ფერები, ნახატი, მეტი წილი ახალი ქვებით არის მოპირკეთებული… ეს არის ძველი რვაფეხას ასლი, მისი ახლებური ვერსია, რომელსაც ძეგლის სტატუსი ვეღარ მიენიჭება. კანონშია ცვლილება შესატანი, ნებისმიერ ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებები უნდა დაეკისროს და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ობიექტის რესტავრაცია.  

ზემოთ თქმულის მიუხედავად,  მცირე დადებითი ძვრები მაინც შეინიშნება. 2018 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა გუდაური-ყაზბეგის გზაზე  ე.წ. „დიორამას“ (ავტორები გ. ჩახავა, ნ. მალაზონია, ზ. კაპანაძე. ზ. ლეჟავა), წელს ზ. წერეთლის რესტავრირებული მოზაიკით გაიხნა რესპუბლიკის მოედნის ქვეშ მიწისქვეშა გადასასვლელში ერთ-ერთი სივრცე, 2020 წლიდან  დაგეგმილია საურმაგ ღამბაშიძის ძალიან მნიშვნელოვანი მოზაიკების სარესტავრაციო სამუშაოები აბასთუმანში. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო მათი მეტი წილი გადავარჩინოთ. 

 

საბჭოთა მოზაიკების დიდი წილი ქარხნებისა და ფაბრიკების კედლებზე იყო განთავსებული. ამ შენობების უმრავლესობა ან გაიყიდება,  ან – დაინგრევა. შესაძლებელია თუ არა მოზაიკების უვნებლად „ჩამოხსნა“ და შემდეგ კვლავ აწყობა? 

ტექნოლოგიურად ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მოზაიკა მიახლოებით 1×1 მ. კვადრატებადაა აწყობილი. შესაძლებელია მისი დაშლა, ამ კვადრატული ფილების ნუმერაცია და შემდეგ ხელმეორედ აწყობა. თუმცა, სამწუხაროდ  ამის პრეცედენტი არ გვაქვს და ბევრ შენობასთან ერთად, მოზაიკები განადგურდა.  

 

არსებობს მოსაზრება, რომ მოზაიკები  საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთია და რომ საბჭოთა სიმბოლიკა უნდა განადგურდეს…

წარსულთან ამ სახით ბრძოლა წარმოუდგენელია. მაგ პრიციპით, მთელი რუსთაველი უნდა დავანგრიოთ, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს შევიწროება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ეს შენობები სწორედ რუსეთის იმპერიის დროს აიგო.  ამას აკეთებდნენ კომუნისტები, როდესაც რელიგიას კრძალავდნენ და ეკლესიებს ანგრევდნენ. სწორედ ეს მეთოდია საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთი და არა მოზაიკები, რომლებიც კონკრეტულ ეპოქას ასახავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზაიკების უმრავლესობა არა საბჭოთა სიმბოლიკას, არამედ სწორედ ქართულ მოტივებს ეხმიანებოდა. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი მოზაიკებიც, სადაც  იდეოლოგიური გზავნილებია, თუმცა მეტი წილი, ისინი ქართული სიმბოლიკით და კუთხური ელემენტებითაა დატვირთული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.