დღევანდელი საპროტესტო შეტაკებები მთელ მსოფლიოში – თბილისი, სანტიაგო, ჰონგ კონგი და სხვა ქალაქები – დღის ვიდეო
დღევანდელი დღის ჩათვლით, მსოფლიოს რამდენიმე წერტილში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს პოლიციასა და ანისამთავრობო პროტესტების მონაწილეებს შორის.
ბეირუტში დღეს ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტმა სცადა დეპუტატების შეფერხება პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საპარლამენტო სესიის დაგეგმვას, როცა მინისტრთა კაბინეტი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული. ერთ-ერთი დეპუტატის მანქანას პროტესტის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთები დაუშინეს და დაცვა იძულებული იყო ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოეხდინა.
სანტიაგოში გრძელდება ერთი თვის წინ აგორრებული მწვავე საპროტესტო ტალღა, რომელიც ტრანსპორტზე ფასების ზრდით დაიწყო და ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. მოსახლეობა პოლიციას სხვადასხვა საშუალებით უპირისპირდება. სამთავრობო ძალები კი დემონსტრანტების მოგერიებას წყლითა და რეზინის ტყვიებით ცდილობენ. ეს რამდენიმე დეკადის მანძილზე ჩილეში მომხდარი უდიდესი საპროტესტო ტალღაა.
ჰონგ კონგში გრძელდება ივლისში დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც “ექსტრადიციის კანონმა” გამოიწვია. კანონი მოგვიანებით მთავრობამ უკან გაიტანა, თუმცა პროტესტი ამით არ შეჩერებულა და ამჟამად ის გრძელდება “პოლიციის ბრუტალური ზომების” გასაპროტესტებლად. დემონსტრანტების ნაწილს დაკავებული აქვს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის შენობა, რომელიც თავის მხრივ ალყაშემორტყმულია პოლიციის ძალების მიერ. გუშინ პროტესტის მონაწილეების ნაწილმა ალყის გარღვევა სცადა, რასაც მოყვა შეტაკებები პოლიციასთან. გუშინდელ დაპირისპირებას ჰონგ კონგში “ტიანანმინი 2019”-იც უწოდეს.
საერთაშორისო მედია ეხმიანება ასევე თბილისში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობასაც. სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოების გავრცელებული ვიდეომასალები ასახავს გუშინ პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმის გატარებულ ოპერაციას დემონსტრანტებისგან პარლამენტის მისადგომების გასათავისუფლებლად.
რამდენიმე დღეა სერიოზული საპროტესტო გამოსვლებია ირანის სხვადასხვა ქალაქშიც, რომლებიც საწვავზე ფასების ზრდით დაიწყო. მთავრობამ პრაქტიკულად მთლიანად გათიშა ქვეყნის მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტებს დღემდე რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ანტისამთავრობო გამოსვლებს ჰაიტიში, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ოპოზიციის მოთხოვნაზე რომ პოსტიდან გადამდგარიყო.
“ყვითელი ჟილეტების” მოძრაობის დაწყებიდან ერთი წლისთავი პარიზში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებითა და არეულობით აღინიშნა. პოლიციამ დააკავა 24 ადამიანი. 2018 წელს “ყვითელი ჟილეტების” პროტესტი საწვავისა და სხვა ყოველდღიური ხარჯების ზრდის გამო დაიწყო და ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა.