აღმოაჩინე გემოები – თბილისის ახალი გასტრონომიული სივრცეები
თუ გურმანი ხართ, მაშინ ახალი გემოების ძიება და აღმოჩენა თქვენთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა უნდა იყოს. ჩვენ შევეცადეთ, ეს პროცესი გაგიმარტივოთ – გთავაზობთ სტატიას, სადაც თბილისში ახლად გახსნილი რამდენიმე გასტრონომიული სივრცე გავაერთიანეთ.
ვაკის ბაზარი – ბისტრო • Vake Market – Bistro
„ვაკის ბაზარი – ბისტრო“ ვაკეში, ფალიაშვილის 5 ნომერში მდებარე ახალი სივრცეა, რომელიც ბაზარს და ბისტროს მოიცავს. ბაზარში წარმოდგენილი ნატურალური პროდუქტების უმეტესობა ქართულია და სწორედ ეს პროდუქტები გამოიყენება აქ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. „ვაკის ბაზარი” ის ადგილია, სადაც ერთ სივრცეში შეიძენთ ხილს, ბოსტნეულს, ქართულ ნატურალურ ტკბილეულს, ხორცს, ღვინოს და სხვა სასურსათო პროდუქტებს. აქვე შეგიძლიათ სეზონური ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძებიც დააგემოვნოთ.
Mosmieri wine & tapas
Mosmieri wine & tapas ბამბის რიგის 7 ნომერში მდებარე ღვინის ბარია. მყუდრო ინტერიერის ბარში მრავალი სახეობის საუკეთესო ხარისხის ღვინოებს დააგემოვნებთ, რომლებიც სპეციალურად სომელიეების მიერ არის შერჩეული. ბარში წარმოდგენილი მენიუ ესპანური კულინარიის გამორჩეული კერძის – ტაპასების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
Ska Juice Bar • სკა ჯუს ბარი
თუ ჯანსაღი კვება თქვენთვის ცხოვრების წესია, მაშინ Ska Juice Bar-ს უნდა ესტუმროთ. ნატურალური წვენებისა და ფრეშების კონცეპტ ბარის ძირითადი კონცეფცია ჯანსაღი ცხოვრების სტილია. წარმოდგენილი მენიუც სწორედ ამ იდეას იზიარებს. აქ შეგიძლიათ ნატურალურ წვენებთან ერთად, დააგემოვნოთ ხილისა და ბოსტნეულის სალათები, ასევე მსუბუქი და ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ტკბილეული. Ska Juice Bar • სკა ჯუს ბარი ყაზბეგის გამზირზე, 15 ნომერში მდებარეობს.
Purpur Cafe • Muraberia
Purpur Cafe • Muraberia მომხმარებელს განსხვავებულ გარემოს, კერძებსა და შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ბესიკის მოედანზე, 5 ნომერში მდებარე სივრცე კაფესა და მურაბების მაღაზიის ორიგინალურ სინთეზს წარმოადგენს, რომელიც მრავალფეროვანი მენიუთი და მყუდრო ინტერიერით გამოირჩევა. კაფეს სტუმრებს კერძების დაგემოვნების გარდა, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ Purpur Cafe-ს განსაკუთრებული და ორიგინალური რეცეპტით დამზადებული ნატურალური მურაბები და ჯემები.
Tea Studio – ჩაის სტუდიო
Tea studio ჩინური ტექნოლოგიებით დამზადებული ბურთულიანი რძიანი ჩაის კუთხეა, რომელიც ძველ თბილისში შალვა დადიანის 20 ნომერში მდებარეობს. ეგზოტიკური გემოს მრავალფეროვანი სახეობის ჩაისთან ერთად, მენიუ ვაფლის დესერტებსაც გთავაზობთ.
Organika Superfoods Georgia – ორგანიკა
თუ ორგანული საკვების მოყვარული ხართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ორგანული მაღაზიების არცთუ ისე მრავალფეროვან ჩამონათვალს ახალი სივრცე შეემატა – ვაკეში, აბაშიძის 61 ნომერში მაღაზია „ორგანიკას“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. მაღაზია გთავაზობთ 100%-ით ორგანულ პროდუქტებს ყოველგვარი მინარევების გარეშე, რომლებიც გაზრდილი და დაკრეფილია ბუნებრივ პირობებში. პროდუქტების უმრავლესობა წარმოდგენილია ფხვნილის სახით სასარგებლო კომპონენტების შესანარჩუნებლად.