fbpx

ფოტოწიგნში „აფრიკის ბოლო მონარქები“ კონტინენტის ასობით ბელადის ფოტოა დაბეჭდილი


გააზიარე სტატია



ავსტრიელმა ისტორიკოსმა და ფოტოგრაფმა ალფრედ ვაიდინგერმა აფრიკაში მრავალწლიანი მოგზაურობის შემდეგ გამოსცა ფოტოწიგნი „აფრიკის ბოლო მონარქები“. მან კონტინენტზე მცხოვრები სხვადასხვა ტომის ბელადებისა და მეფეების 220-მდე პორტრეტი გადაიღო. 

ყველაფერი კი 1979 წელს ერთ-ერთი ავსტრიული მუზეუმის დაკვეთით დაიწყო, რომელიც აფრიკის მონარქიულ დინასტიებს იკვლევდა. ორი კამერითა და შტატივით შეიარაღებული ფოტოგრაფი ყოველგვარი გეგმისა და წინასწარ შედგენილი მარშრუტის გარეშე შეუდგა მისიის შესრულებას. „ეს იმპროვიზაციას ჰგავდა. მთავარი იყო, ერთი მეფე მაინც მეპოვა, ის კი სხვებთან მიმიყვანდა“, – წერს ვაიდინგერი.  

 

ფოტოწიგნში „აფრიკის ბოლო მონარქები“ ავტორი ყურადღებას ამახვილებს ტომის ბელადებისა თუ მეფეების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თქმით, ზოგან მათ გავლენებს სახელმწიფო ზღუდავს და მკაცრად აკონტროლებს, შესაბამისად, ამგვარი ლიდერების ფუნქცია მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა. იმ სახელმწიფოებში, სადაც მთავრობის სტრუქტურები სუსტია, ადმინისტრაციული და კონსტიტუციური სისტემა არ მუშაობს, მთავრობების ერთადერთი დასაყრდენი ბელადები და მეფეები არიან. მათ გავლენებს, ავტორიტეტს სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, მაგალითად, ელექტორატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. სანაცვლოდ კი, მთელ რიგ პრივილეგიებს აძლევენ და მათი უფლებები კონსტიტუციის დონეზეა განმტკიცებული. “ნიგერის რესპუბლიკა, სიერა-ლეონე, ბურკინა-ფასო, ბენინი –  ის ქვეყნებია, სადაც ტომების ბელადები ზოგჯერ სამთავრობო და ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც ასრულებენ“, – ამბობს ალფრედ ვაიდინგერი.

ფოტოწიგნში „აფრიკის ბოლო მონარქები“ საუბარია ტომის ბელადებისა და მეფეების გაქრობის ტენდენციაზეც. ავტორის თქმით, კონტინენტის ბევრ რეგიონში ტრადიციული აფრიკული კულტურა იცვლება, გლობალიზაცია და თანამედროვეობა მათ ყოფაში ტექნოლოგიების სახით იჭრება და ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ცვლის აქამდე არსებულ საკომუნიკაციო ფორმებს. ახალგაზრდებს ხელი უკვე ინტერნეტზე მიუწვდებათ, საცხოვრებლად ქალაქებში გადადიან, სადაც მეფეების, უხუცესების და ბელადების საჭიროება ნაკლებადაა. „ზოგ ქვეყანაში ისინი კიდევ დიდხანს შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს, ზოგან კი – ტურისტულ  სანახაობად იქცევიან“ – წერს პროექტის ავტორი. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.