fbpx

ახალი ქართული მუსიკალური ალბომები ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რეზი ხუნწელია

ქართული შემოქმედებითი სივრცე ყოველწლიურად ვითარდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საინტერესო მუსიკალური კრებულებით ძალიან განებივრებულები ვართ. ამის მიუხედავად, ზაფხულის მიწურულს და შემოდგომის დასაწყისში რამდენიმე გამორჩეული ალბომი გამოიცა, რომელსაც მოცემულ სტატიაში მიმოვიხილავთ. 

 

Kordz And Natalie Beridze – Celebrity Clouds

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ნატალია ბერიძეს და კორძს არასდროს უჭირთ მსმენელის ყურისთვის მაამებელი მუსიკალური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ Celebrity Clouds კონფორმისტული ნამუშევრის გარდა ყველაფერია. 

უცნაურ, ხშირად არათანმიმდევრულ მუსიკალურ ტექსტურებში ბავშვობის მოგონებების დევნის პროცესი 4 განსხვავებულ, მაგრამ ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ ნაწილად გამოიცა. Half-Tone Bubbles კრებულის პირველი კომპოზიცია იყო, რომელმაც დღის შუქი იხილა და შეიძლება ითქვას, რომ მან ნამდვილად სწორი წარმოდგენა შეგვიქმნა მთლიანად Celebrity Clouds-ის შესახებ.

კორძის მუსიკალური პალიტრა ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ნატალია ბერიძის სიურეალისტურმა და ზოგჯერ სარკასტულმა ტექსტებმა მას ახალი განზომილება შესძინა. იმისთვის, რომ ტექსტი და მუსიკა ერთმანეთს დავაკავშიროთ და ჰარმონიულ ერთობად დავინახოთ, პირველ რიგში რაციონალურობის რკინის გალიიდან უნდა გამოვიდეთ და ამ კომპონენტებს ბავშვური ლოგიკის ფილტრიდან შევხედოთ. თუკი ამას მოვახერხებთ, ვნახავთ, რომ ტექსტში დამალული მინიშნებები წარსულში გამომწყვდეული ისტორიების გასაღებია, რომელსაც ტუსია ბერიძე საინტერესო ფორმით გვაწვდის. 

ამის პარალელურად კი კორძი ცდილობს თავის მიერ შექმნილ მუსიკალურ ატმოსფეროში დისორიენტაციის ილუზია შექმნას, რათა მსმენელი პასიური პოზიციიდან და კომფორტის ზონიდან ამოაგდოს. 

შედეგად კი ვიღებთ ექსპერიმენტულ ჩანაწერს, რომელიც ერთი მოსმენით შეიძლება ყველაფერს არ გვიმხელს, მაგრამ შესაძლოა საკმარისი ინტრიგა დატოვოს საიმისოდ, რომ უფრო ღრმად შევყვეთ იმ სამყაროში, რომლის რეპრეზენტაციასაც ცდილობს.

 

EKO & VINDA FOLIO – თერაპია

ბევრის აზრით, ეკო და ვინდა ფოლიოს სადებიუტო ალბომის გამოცემა ძალიან დაუგვიანდათ, რამაც მსმენელს საშუალება მისცა მოლოდინი და წინასწარი განწყობა სრულიად ჩამოეყალიბებინა. მსგავსი მოლოდინი არტისტის სასარგებლოდ თითქმის არასდროს მუშაობს და ეს აქაც დამტკიცდა. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „თერაპია“ არ არის ისეთი ირონიული, სარკასტული ან ტრანგრესიული, როგორიც ეკო და ვინდას ადრინდელი ნამუშევრები, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ალბომს თვითმყოფადი სამყარო არ აქვს. პირიქით, „თერაპია“ საკმაოდ კარგად შეკრული ალბომია, უბრალოდ ნაკლები რისკით და ნემსის წვერზე  წონასწორობის დაცვის მცდელობის გარეშე.

ალბომის სათაური, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. პოსტ პანკის აკუსტიკურ ველში არტისტები ცდილობენ მსმენელს სწორედ რომ თერაპიული გამოცდილება შესთავაზონ, მუსიკა, რომელიც მათ (მსმენელის) ემოციურ მდგომარეობას მალამოდ დაეფინება. 

არტისტებისგან, რომელთა შემოქმედება მუდმივად სოციალურ რეალობაზე რეაქციის აუცილებლობის წნეხს განიცდიდა, მსგავსი არჩევანის გაკეთება ნამდვილად სიურპრიზი იყო და, როგორც ჩანს, Eko და Vinda Folio-სგან მოულოდნელობებს ნამდვილად უნდა ველოდოთ. 

მიუხედავად იმისა, რომ მელოდრამებისთვის დამახასიათებელი განწყობა და სევდა ალბომის მუსიკალური ატმოსფეროს მთავარი ინგრედიენტია, არტისტები ტექსტებში ცდილობენ უიმედობის მორევში არ ჩაიძირონ და ნამუშევარი ოპტიმისტური პასაჟებით დააბალანსონ. 

 

KAYAKATA – სადაა

მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონთ თუ არა, ფაქტია, რომ წლის ქართული ჰიტი ცალსახად კაიაკატას ეკუთვნის. ძალიან დიდი ხანია ქართულ მუსიკალურ რეალობაში Polo Palace-ის მსგავსი პოპულარობა არაფერს ჰქონია, მაგრამ ალბომი „სადაა“, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი კომპოზიცია. ზოგადად, მაქს მაჩაიძის და ზურა ჯიშკარიანის ტექსტების ენა არცთუ ისე ადვილი გასაგებია – Cut Up-ის და კალამბურის ტექნიკით აგებული ლირიკა მსმენელს ხშირად თავგზას უბნევს, მაგრამ „სადაას“ მოსმენისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ კაიაკატა თავის აუდიტორიასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კომპლექსურია ცალკეული სიმღერის ფაბულა, განწყობები და ემოციები, რომლებსაც არტისტები თან ატარებენ, ძალიან ადვილად იკითხება. 

თავისი თავი კიდევ უფრო კარგად იპოვა საბანიძემ, რომელიც ორ ძალიან საინტერესო ქართველ MC-ის საშუალებას აძლევს ფრაზირების ახლებურ ტექნიკას მიმართონ და იმღერონ ისე, როგორც ადრე არასდროს უცდიათ. ეს განსაკუთრებით ეხება მაქსს, რომელიც ამ ალბომში საკუთარი შემოქმედების ტალღის ქიმზე მოექცა და იქიდან არც ერთხელ არ ჩამოვარდნილა

ზურას კი არ ავიწყდება, რომ ტექსტების ჯადოქარია და ამის ჩვენთვის შეხსენებასაც ძალდაუტანებლად ახერხებს. კაიაკატა არასდროს ცდილობდა ცალსახად ანდერგრაუნდ პოზიციაში ყოფნას (ისინი მუდმივად აღნიშნავენ, რომ მათი სივრცეა არა Underground, არამედ Undersky), მაგრამ „სადაასთან“ ერთად ისინი ახალი, უფრო ფართო აუდიტორიის საზღვრებში გადაიჭრნენ, სადაც თავიანთი კომფორტული სივრცეც კი რისკის ქვეშ დააყენეს. თუმცა ექსპერიმენტმა სრულიად გაამართლა და თუ მათ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მნიშვნელოვანი მომენტები წინაა. ქარბუქი წინ გველოდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.