fbpx

ტოპ კლუბები, მათი მწვრთნელები და გადაწყვეტილებები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2019-2020 წლების საფეხბურთი სეზონი ეშხში შევიდა და ამჟამად, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, „მიტელშპილის“ ფაზაში იმყოფება. ეს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას სხვადასხვა კლუბების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებიდან გამომდინარე, რაც მწვრთნელთა ჩანაცვლებებსაც შეეხო.

ტოპ კლუბებიდან მწვრთნელი პირველმა მიუნხენის „ბაიერნმა“ გაათავისუფლა.

ხორვატ სპეციალისტ ნიკო კოვაჩის გაშვებასთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა, რადგან „ბაიერნმა“, ერთი მხრივ,  შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე მხრივ კი აშკარად ჩააგდო ბუნდესლიგის გათამაშება. 

კლუბის ხელმძღვანელობა ვერ შეეგუა „აინტრახტთან“ 1:5 მარცხს, რომელმაც მნიშვნელობით ჩემპიონთა ლიგაზე იქამდე ორიოდე კვირის წინათ „ტოტენჰემ ჰოთსფურთან“ საოცრად ჩატარებულ მატჩში მიღწეული შედეგი 7:2-იც კი დაჩრდილა. 

კოვაჩს არ აპატიეს და გაუშვეს. თუმცა „რეკორდმაისტერის“ დრამის მიზეზები რომ გაცილებით ღრმა იყო, ხორვატი სპეციალისტის შემცვლელ ფლიკის მიერ გაწვრთნილმა „ბაიერნმა“ პირველივე შეხვედრებში გამოავლინა, რადგან ფაქტია, რომ მსოფლიოს ვერცერთი მწვრთნელი ასე სწრაფად, თვალის დახამხამებაში საათივით ვერ ააწყობდა „კრიზისში მყოფ“ გუნდს, რომლის კარშიც უკვე მესამე თამაშია, რაც გოლი არ გადის. 

ყოველივეს ნათელი კლუბის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მოჰფინა.

მან „დორტმუნდთან“ 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთელთა გარკვეულ ჯგუფზე ისაუბრა –  მათ არ სურდათ ნიკო კოვაჩთან თანამშრომლობა, თუმცა მოთამაშეები არ დაუსახელებია.

ფეხბურთის მოყვარულებს კი ალბათ არ უნდა გასჭირვებოდათ „გამოძიების“ ჩატარება ფლიკის მიერ ძირითად შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე გამწესებული და, როგორც ჩანს, კოვაჩზე განაწყენებული თომას მიულერის დაბრუნების შემდეგ, რომელიც ახალმა მწვრთნელმა აქამდე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში ბოლომდე ათამაშა, ისე რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეც კი არ გამოუცვლია…

პირველი სამი შესანიშნავი მატჩის მიუხედავად, გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვის ყოფილი თანაშემწის, მსოფლიო ჩემპიონ ჰანს-დიტერ ფლიკის მუშაობას კლუბის ხელმძღვანელობა თითქოს მაინცდამაინც სერიოზულად არ უცქერის, რადგან მომავალი სეზონიდან მის ერთ-ერთ შემცვლელად „ტოტენჰემიდან“ გაშვებული მაურისიო პოჩეტინო მოიაზრება. 

არადა ეს ხომ ის მწვრთნელია, რომელმაც სწორედ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში ჭამა კარიერაში უდიდესი სირცხვილი.

„ტოტენჰემმა“ „ბაიერნთან“ ფიასკოს შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გაანადგურა „ცრვენა ზვეზდა“ ჯამური ანგარიშით 9:0, სამაგიეროდ პრემიერლიგის გათამაშებაში, სადაც 28 სექტემბრის შემდეგ თამაში არ ჰქონია მოგებული, მან პირველად უკანასკნელ ტურში „ვესტ ჰემთან“ ახალ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით გაიმარჯვა.  

დიახ, გასულ კვირას საფეხბურთო სამყაროს ელვის სისწრაფით მოედო ინფორმაცია „ტოტენჰემში“ პოჩეტინოს შემცვლელის – ჟოზე მოურინიოს შესახებ, რომელთან ერთადაც ლონდონური კლუბი სავარაუდოდ დიდი მიზნების მიღწევას შეეცდება. უბრალოდ საკითხავია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მიზნები. 

უპირველეს ყოვლისა, ცხადია, რომ პოჩეტინოს პერიოდში ცხრილში მიღწეული მე-14 ადგილიდან აღმასვლას და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას. მაგრამ შემდეგ? ნუთუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს, რასაც ლონდონურმა კლუბმა სწორედ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით მიაღწია, თუ მომავალ სეზონში პრემიერლიგის მოგებას?!

სიმბოლურია, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შარშან სწორედ ამ დროს დაატოვებინეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

მისმა შემცვლელმა ოლე გუნარ სულშერმა კი ლეგენდარული კლუბის გულშემატკივრებს მისვლისთანავე წაუგებელი მატჩების საოცარი სერია შესთავაზა, პრემიერლიგის ცხრილში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ოთხეულამდეც ააღწია, მაგრამ შემდეგ დაიწყო კრიზისი, რომელიც თითქმის 8 თვეა გრძელდება და ბოლო პერიოდის თითო-ოროლა გამარჯვების მიუხედავად, ჯერ კიდევ საკითხავია, დაძლეულია ის, თუ არა…

„ვესტ ჰემთან“ ვერ ვიტყვით, რომ „ტოტენჰემმა“ რაღაც განსაკუთრებული გვიჩვენა.

მან თითქოს ფეხის ერთი მოქნევით გაუტანა სამი გოლი პრინციპულ მეტოქეს, შემდეგ კი ისევე ზერელედ გაუშვა საკუთარ კარში ორი ბურთი, როგორც ეს პოჩეტინოს დროს ხშირად მომხდარა…

ჟოზე მოურინიოს პირველი შეხვედრის მიხედვით ახალ კლუბში ალბათ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები უფრო მეტად იყვნენ მოწოდებულნი მატჩის მოსაგებად მე-16 ადგილზე მყოფ მეტოქესთან შედარებით, რომელსაც შეხვედრის უკანასკნელ წუთებზეღა გაახსენდა, რომ ლონდონური დერბის მასპინძელი იყო და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი კლუბის მატჩებზე დასასწრებ აბონემენტში… 

შედეგად, მსაჯის დამატებულ წუთებზე „ვესტ ჰემმა“ ორი ბურთი გაუტანა მოგებაში დარწმუნებულ „ტოტენჰემს“, აქედან პირველ გოლზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, მეორე ჩაითვალა, მაგრამ მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიომ, როდესაც 2010 წელს მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა სათავეში, სწორედ „ვესტ ჰემის“ დღევანდელი თავკაცი – მანუელ პელეგრინი ჩაანაცვლა ამ პოსტზე. პელეგრინიმ  სამი წლის შემდეგ უკვე „მანჩესტერ სიტი“ ჩაიბარა და მოაგებინა კიდეც პრემიერლიგა. 

შეძლებს მოურინიო ანალოგიური შედეგის მიღწევას „ტოტენჰემში“ და აქედან გამომდინარე კლუბის ახალი ისტორიის დაწერას? ამას მომავალი გვიჩვენებს, სულ მალე კი ფეხბურთის მოყვარულები უდიდესი საფეხბურთო სეირის შემსწრენი გახდებიან. 

4 დეკემბერს „ტოტენჰემი“ თავის ახალ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ერთად „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვევა.

საინტერესო ისაა, რომ შარშან მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ სწორედ რომ პოჩეტინოს „ტოტენჰემთან“ შინ 0:3 განადგურების შემდეგ გაუშვეს!

რამდენი დამთხვევაა, თითქოს წრეს შესაკრავად ნიკო კოვაჩის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაძახებაღა აკლია, რაც სამომავლოდ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი მოურინიო თავის ყოფილ კლუბს გაამწარებს გასვლით შეხვედრაში. თანაც აშკარაა, რომ სულშერს კლუბის ხელმძღვანელობა ისევე უთმენს, როგორც ვალვერდეს „ბარსელონა“…

ეს უკანასკნელი კი ხელშეუხებელი რომაა, „ბარსელონას“ ლამის ყოველი მატჩი ამის მაგალითია. ლა ლიგის ლიდერობის მიუხედავად, ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს აუტსაიდერ „ლეგანესთან“ უკანასკნელი ტურში რის ვაივაგლახით მოგებული მატჩი. უხერხული მეტოქეაო, ცოტა არ იყოს უხერხულია „ლეგანესზე“ ამის თქმა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სწორედ ის გუნდია, რომელმაც შარშან „ბარსელონა“ შინ სენსაციურად დაამარცხა.

პრესაში კი ამ ბოლო ხანს უკვე ალაპარაკდნენ მესის „შენელებულობაზე“, მაგრამ თუკი ვალვერდე მესის „ხელს აფარებს“, მაურიციო სარრი აშკარა სიახლეებს გეგმავს ტურინის „იუვენტუსში“ და ეს უპირველეს ყოვლისა კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლებას შეიძლება შეეხოს.

განვლილ ტურში „იუვენტუსმა“ შესანიშნავ სტილში მოუგო პრინციპული გასვლითი შეხვედრა ბერგამოს „ატალანტას“ პორტუგალიელი ვარსკვლავის გარეშე. თითქოს რონალდუს მუხლის ტრავმა აწუხებს და ეს  მატჩი ამ მიზეზით გამოტოვა. მაგრამ, მეორე მხრივ, მან რამდენიმე დღის წინ თავიდან ბოლომდე ჩაატარა ლიტვის ნაკრებთან შეხვედრა, რომელშიც გოლი გაიტანა. 

ამ მატჩის მოგებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა პორტუგალიელთათვის, მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ იქამდე ორ შეხვედრაში – თავდაპირველად ჩემპიონთა ლიგაზე „ლოკომოტივის“, ხოლო შემდეგ კი სერია A-ს პაექრობაში „მილანის“ წინააღმდეგ – სარრიმ რონალდუ ორივეჯერ დიბალათი შეცვალა და ამ უკანასკნელმა ორივე შემთხვევაში გამარჯვების გოლი გაიტანა? 

რონალდუმ „მილანთან“ შეხვედრის 55-ე წუთზე ისე გაბრაზებულმა დატოვა მოედანი, რომ დიბალასთვის ხელიც არ ჩამოურთმევია. რას უნდა მოასწავებდეს ყოველივე ეს? ნუთუ მწვრთნელის კაპრიზს, რისი მიზანიც რონალდუს „დაქოქვაა“ 2019-2020 წლების სეზონის „ენდშპილის“ წინ, თორემ ფეხბურთის რომელ მოყვარულს შეიძლება გაუხარდეს რონალდუსა თუ მესის ეპოქის დასრულება? ჯერ ადრე ხომ არ არის…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.