fbpx

სამსახურში მისაღები გასაუბრების რჩევები ინტროვერტებისთვის


გააზიარე სტატია

 

დასაქმების სურვილი თითქმის ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ სამსახურის დაწყებამდე აუცილებელია გასაუბრების ეტაპის გადალახვა. ეს პროცესი კი ინტროვერტებისთვის განსაკუთრებულად სტრესულია.

ინტერვიუ, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება, ამიტომ პირველი შთაბეჭდილება დიდ გავლენას ახდენს დამსაქმებელზე – ხშირად ისინი ექსტრავერტებს ირჩევენ, რადგან უფრო ქარიზმატულები და კომუნიკაბელურები არიან.  მიუხედავად ამისა, არსებობს გზები, რომლებიც ინტროვერტებს საკუთარი თავის გამოვლენაში დაეხმარებათ. 

 

დაგეგმეთ თქვენი დრო გონივრულად

თუ ინტროვერტი ხართ და სოციალური სიტუაციები თქვენთვის სტრესულია, გირჩევთ, რომ დრო გონივრულად გადაანაწილოთ: თავი აარიდეთ  ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე კომპანიასთან ვიზიტს, ამის ნაცვლად კი ენერგია მხოლოდ ერთ გასაუბრებას დაუთმეთ.  

ხშირად სამსახურის ძიებისას რამდენიმე ადამიანთან გასაუბრება დაგჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში, საუბარს შორის შესვენებების მოთხოვნის ნუ მოგერიდებათ. გამოიყენეთ ეს დრო – დალიეთ წყალი, ღრმად ჩაისუნთქეთ და გააგრძელეთ საუბარი.

 

ჩაატარეთ კვლევა

სანამ გასაუბრებაზე წახვალთ, გააკეთეთ პატარა მოკვლევა კომპანიის შესახებ. შეგიძლიათ მათ ვებგვერდს ესტუმროთ, მოიძიოთ ინფორმაცია გუგლსა და სოციალურ ქსელებში.  

სრულიად მისაღებია, რომ ინტერვიუს დამგეგმავ პირს, ანუ რეკრუტერს, ჰკითხოთ – რამდენ ხანს გაგრძელდება გასაუბრება? ვინ გაგესაუბრებათ? გამოიყენეთ ეს ინფორმაცია და მოძებნეთ ამ ადამიანების პროფილები LinkedIn-ზე. მთელი ეს კვლევა დაგეხმარებათ ინტერვიუს ვიზუალიზაციაში. შედეგად, თავს ნაკლებად სტრესულად იგრძნობთ, რადგან გაცნობიერებული გექნებათ, რას უნდა ელოდოთ. 

 

მოემზადეთ ტიპური კითხვებისთვის

დიდი დრო გჭირდებათ პასუხის მოსაფიქრებლად? არ ინერვიულოთ – თითქმის ყველა გასაუბრებაზე, დამატებითი შეკითხვების გარდა, ტიპურ კითხვებს დაგისვამენ, როგორებიცაა: “მოგვიყევით თქვენს შესახებ (გამოცდილება, განათლება)”, “საიდან გაიგეთ ვაკანსიის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობთ კომპანიაზე?”, “რატომ გსურთ ჩვენთან დასაქმება, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ?” და სხვა. 

დადექით სარკის წინ და ივარჯიშეთ საკუთარ თავთან – პრაქტიკა დაგეხმარებათ პასუხების გაუმჯობესებაში.  ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ, რას იტყვით, თუ ინტერვიუერი გკითხავთ: “რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ, რა გაინტერესებთ?”

 

გამოიყენეთ “დროის დაზოგვის” ტექნიკა

ბევრი პრაქტიკის მიუხედავად, შესაძლებელია ინტერვიუერმა მოულოდნელი კითხვა დაგისვათ. წინასწარ შეამზადეთ საკუთარი თავი ასეთი სიტუაციისთვის, გამოიყენეთ დროის დაზოგვის ტექნიკა და უპასუხეთ: “მშვენიერი კითხვაა. მომეცით დრო მოსაფიქრებლად”. 

 

“გაყიდეთ” თქვენი ინტროვერტული თვისებები

მრავალი თვისება, რომელსაც ინტროვერტი ფლობს, საჭიროა წარმატებული კომპანიის არსებობისთვის. ინტროვერტი, როგორც წესი, დეტალებზეა ორიენტირებული, შემოქმედებითი და ყურადღებიანი ადამიანია, შეუძლია როგორც დამოუკიდებლად,  ასევე გუნდურად მუშაობა.

გასაუბრებამდე შეადგინეთ თქვენი მიღწევების სია. განიხილეთ ის გზები, რომლითაც თქვენი ინტროვერტობა კომპანიისთვის გამოსადეგი იქნება. მაგალითად,  თქვენ უფრო ადრე დაასრულეთ კონკრეტული პროექტი, როცა სხვებმა მხოლოდ ლანჩის შემდეგ დაიწყეს… 

 

ორიგინალი: https://www.thebalancecareers.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.