fbpx

თამარ შავგულიძის ფილმს – “კომეტებს” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ


გააზიარე სტატია

 

ქართველი რეჟისორის, თამარ შავგულიძის ფილმის პრემიერა საქართველოში პირველად თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. კინოფესტივალი   1 დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

“კომეტების” მსოფლიო პრემიერა კი უკვე შედგა და ის კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმი ამავე ფესტივალის საკონკურსო სექციაში – “აღმოჩენებში” იყო წარმოდგენილი.

ფილმის გამხსნელ კადრში ჩანან თინეიჯერები – ნანა და ირინა, რომლებიც ეზოში საბანში გახვეულები ფილმს უყურებენ. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და გარდა მეგობრობისა, ერთმანეთთან განსაკუთრებული გრძნობებიც აკავშირებთ.

ქალების სიყვარულის შესახებ მოგვიანებით სხვებიც გაიგებენ და  თინეიჯერების ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი გახდება.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი საზღვარგარეთ წასული ირინა და უკვე დაოჯახებული ნანა ისევ ხვდებიან იქ, სადაც ახალგაზრდობის საუკეთესო წლები გაატარეს.

თამარ შავგულიძის კინოსურათის მთელი სიუჟეტი ერთ გარემოში ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებით ფლეშბექებსაც, ეს საერთოდ არ ქმნის ჩაკეტილ ატმოსფეროს.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი თავის ფილმში არ უშინდება ექსპერიმენტებსაც და ოპერატორიც განსხვავებული და გამორჩეული ხერხებით ქმნის ფილმის საბოლოო ვიზუალს.

ფილმი ამერიკის კინოაკადემიის წევრმა და კინემატოგრაფისტთა ჯილდოს მფლობელმა ოპერატორმა გიორგი შველიძემ გადაიღო, სცენარზე თავად რეჟისორმა იმუშავა, პროდიუსერები კი თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შარვაშიძე არიან.

“კომეტები” უკვე ნომინირებული იყო Asia Pacific screen Awards-ზეც, სადაც გამარჯვებისთვის საუკეთესო სცენარის კატეგორიაში იბრძოდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.