fbpx

ისტორიები, რომლებიც ცნობილი ნახატების მიღმა იმალება


გააზიარე სტატია

 

ნახატები შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თითოეული ნამუშევარი რაღაც ისტორიას ჰყვება, სტატიაში კი შემოგთავაზებთ  ამბებს, რომლებიც ცნობილი შედევრების უკან იმალება.

 

# 1 “კრისტინას სამყარო”, ენდრიუ უეიტი, 1948 

უსახო ქალი, რომელიც მინდორზე წევს, ანა კრისტინა ოლსონია, პენსილვანიელი მხატვრის – ენდრიუ უეიტის მეზობელი. რაც  უნდა გასაკვირი იყოს, ეს არ არის რომანტიკული ნამუშევარი – მხატვარმა უბრალოდ რეალობა გადმოსცა, რადგან ანა კუნთების დაავადებისგან იტანჯებოდა და ენდრიუს ხშირად შეუმჩნევია სახლისკენ მიმავალი ქალი ასეთ მდგომარეობაში. 

 

#2 ორი ფრიდა, ფრიდა კალო, 1939 

მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ნამუშევრები ღრმად პირადული იკონოგრაფიით არის შექმნილი და ფიზიკურ და ემოციურ ტკივილებზე საუბრობს. “ორი ფრიდას” მთავარი გმირი თავად მხატვარია – დიეგო რივერასთან მტკივნეულ დაშორებამდე და მის შემდგომ. მარცხნივ, როგორც პატარძალი, ხოლო მარჯვნივ, განშორების შემდეგ მექსიკურ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი.

 

#3  “იუდიტი კლავს ჰოლოფერნესს“, არტემიზია ჯენტილესკი, 1610

18 წლის ასაკში გაუპატიურებულმა ბაროკოს მხატვარმა არტემიზია ჯენტილესკიმ შინაგანი ბრაზი ხელოვნების ნიმუშად აქცია – “იუდიტი კლავს ჰოლოფერნესს”  ასახავს ძველი აღთქმის გმირს – იუდიტს, რომელიც მთვრალი ბაბილონის გენერალს კლავს.

 

# 4 ამერიკული გოთიკა, გრანტ ვუდი, 1930 

გრანტ ვუდი ეროვნული კერპი იყო საზოგადოებისთვის, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  “ამერიკული გოთიკა” კი ფერმერსა და მის ქალიშვილს ასახავს, რომელიც ხშირად ცოლი ჰგონიათ. ნახატის შექმნისას მხატვარმა ცოცხალ ნატურებად თავისი და, ნან ვუდ გრეჰემი და სტომატოლოგი ბაირონ მაკკიბი აირჩია. 

 

#5 გოგონა მარგალიტის საყურით, იან ვერმეერი, 1665

ინფორმაცია ნამუშევარში ასახული გოგონას შესახებ  ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის მხატვრის ქალიშვილი ან პარტნიორი იყო. თავსაბურავი, ე.წ. ჩალმა მიუთითებს იმაზე, რომ ნახატი წარმოადგენს Tronie-ის – მე-16 საუკუნის ჰოლანდიური მხატვრობის მიმართულების ნიმუშს, რომელიც ასახავს პერსონაჟის გამომეტყველებასა და ხასიათის გამოვლენას მისი ჩაცმულობით.

 

#6 ძე კაცისა, რენე მაგრიტი, 1946

ბელგიელი მხატვრის, რენე მაგრიტის ნამუშევრები ხშირად თავბრუდამხვევია და გამონაკლისი არ არის ”ძე კაცისა” – მხატვრის ავტოპორტრეტი, რომელსაც სახე გიგანტური ვაშლით აქვს დაფარული. ვაშლი მხატვრის ერთ-ერთი საყვარელი მოტივია, მაგრამ მისი მნიშვნელობა დღემდე გაურკვეველია. შესაძლებელია, სახელწოდება “ძე კაცისა” იესო ქრისტეზეც მიუთითებდეს. ზოგიერთმა კრიტიკოსმა ნაშრომს  იესოს ფერისცვალების სურეალისტური ინტერპრეტაცია უწოდა.

 

#7 “ვაშინგტონი დელავერს კვეთს”, ემანუელ ლოიცე, 1951

“ვაშინგტონი დელავერს კვეთს” ამერიკის რევოლუციური ომიდან  75 წლის შემდეგ გერმანელმა არტისტმა ემანუელ ლოიცემ დახატა  დიუსელდორფში. ლოიცემ გარკვეული დრო გაატარა აშშ-ში და ნამუშევარი იმ იმედით დახატა, რომ ის ევროპელი რევოლუციონერების შთაგონების წყარო გახდებოდა. 

სტატიის ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.