ხშირად წასაკითხი წიგნები
ავტორი: ანა ძიაპშიპა
შემოდგომაზე ორი მნიშვნელოვანი სახელოვნებო წიგნი (Art Book) გამოვიდა: გეოეარის “თბილისი, რთული სათქმელია” და მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის “ხშირად დასმული კითხვები. დრო”. წიგნების გამოცემა თითქმის ერთმანეთს დაემთხვა, რითაც უფრო საინტერესო გახდა იმაზე დაკვირვება, თუ რას აჯამებს ეს ორი გამოცემა და როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს.
რედაქტორები: მარიკე სპლინტი, ნინი ფალავანდიშვილი, დათა ჭიღოლაშვილი
როდესაც ვფიქრობ, რა მიყვარს თბილისში, ბევრი არაფერი აღარ მახსენდება, უფრო სწორად, მხოლოდ მახსენდება, რადგან ის, რაც მიყვარდა თბილისში, თითქმის აღარ არსებობს. როდესაც ჩემს შვილს ჩემი საყვარელი ადგილები მინდა ვაჩვენო, სულ სხვა შენობებს, კონსტრუქციებს ან უბრალოდ ცარიელ სივრცეებს და იმედგაცრუებებს ვეჯახები. ასე მოხდა, როდესაც ჩემი ბავშვობის საყვარელი მოზაიკის ამომშრალი აუზის ჩვენება მინდოდა მისთვის ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის დასაწყისში, რომლის მაგივრად ერთ-ერთი მონსტრი, კულტურული ძეგლების გამანადგურებელი კომპანიის მიერ დამონტაჟებული ხის საქანელა იდგა უფუნქციოდ, როგორც მიტოვებული სახრჩობელა ხეზე.
წიგნის ერთ-ერთი ავტორის, ნინი ფალავანდიშვილის სტატიაში (Tbilisi (public) space oddity) ჩემი ბავშვობის მოზაიკიანი აუზის ერთი ფოტო ვნახე სხვა რამდენიმე საბჭოთა მოზაიკის ნიმუშთან ერთად. ტექსტის ბოლოში კი ამ მოზაიკების შექმნის და გაქრობის თარიღები ეწერა. ისინი ქალაქის ქაოსურმა განვითარებამ შეიწირა და მათი კვალი მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში და თბილისზე გამოცემულ წიგნებში დარჩა.
ეს წიგნიც თბილისზეა, უფრო სწორად, თბილისთან ურთიერთობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივი, რთული და კომპლექსურია, რომელიც კუთვნილებას, სახლის განცდას და ამ სახლიდან მუდმივი გაქცევის სურვილს ერთად მოიცავს. წიგნის ავტორები წერენ: “გეოეარის ეს სახელოვნებო წიგნი კრიტიკულად განიხილავს იმ ცვლილებებს, რაც თბილისმა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განიცადა. თუკი ოფიციალურად თბილისი არის „ქალაქი, რომელსაც უყვარხარ“, ამ წიგნში შემოთავაზებულია ალტერნატივა: „თბილისი – რთული სათქმელია“.”
ეს არ არის სამეცნიერო წიგნი, მისი ავტორები ქართველი და უცხოელი მკვლევრები და ხელოვანები არიან, რომელთა პროექტებიც თბილისის შესახებ გეოეარის სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, სტატიების ნაწილი თვითონ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების ადაპტირებული ვერსიებია. რამდენიმე ნამუშევარი კი სპეციალურად ამ წიგნისთვის შეიქმნა.
წიგნის გამაერთიანებელი ქართლის დედაა, სწორედ მასთან მიმოწერით იწყება ტექსტები, რომელიც ალტერნატიულ თბილისს გვაჩვენებს, თბილისს, რომელიც არა მარტო აქ მცხოვრები ავტორების, არამედ უცხოელი ხელოვანების დროებითი ან მუდმივი თავშესაფარი და შთაგონების წყარო ხდება. ხანდახან ზუსტად ეს ავტორისეული მზერა გვახსენებს იმ დეტალებს, რომლებსაც შეჩვეულები ვართ და რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში იკარგება.
ანთროპოლოგ დათა ჭიღოლაშვილს ინსტაგრამი არ აქვს, მაგრამ ის იმ ფოტოებს იღებს, რომელსაც თავის ინსტაგრამზე დადებდა. (Some of the Photos I Thought I Would Post on Instagram If I Had It. Tbilisi Edition.) მეხსიერებას იკვლევს მარიკე სპლინტიც (Geographies of Memory), როდესაც მკითხველს დეზერტირების ბაზრის ყოფას აღუწერს.
“ქალაქი ვერ ააშენებს ბაზარს,
ვერ გადაწყვეტს, სად უნდა იყოს ის.
ბაზრები აღმოცენდებიან,
იცვლებიან,
და ფართოვდებიან ზუსტად იმ ადგილებში, რომლებსაც თვითონ ირჩევენ”.
მარიკე სპლინტის ტექსტი 2014 წლის დეზერტირების ბაზრის აუდიოტურის ნაწილია, რომელიც მსმენელს დეზერტირების ბაზრის კუნჭულებში ბოდიალს სთავაზობს. როდესაც ნინი ფალავანდიშვილის მზერა თბილისის ამოგმანულ ფანჯრებზე ჩერდება (Light in Our Windows), უწყლოდ დარჩენილი კატარინა შტადლერი 2014 წლის ყინვიან ზამთარში ე.წ. კიევის აბანოებში რეგულარულად იწყებს სიარულს (Chromatic shades).
“შიშველ სხეულებში ყოფნისას საზღვრებზე ვფიქრობ.
ნუთუ მხოლოდ ჩვენი კანია, რაც ერთმანეთისგან გვაცალკევებს, ორთქლში და საპონში გაერთიანებულებს, ერთმანეთთან შემხემბლობაში მყოფებს, როდესაც ერთმანეთის ზურგებს ვხეხავთ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვისი ჯერია, რომ გოგირდის შადრევანს შეუშვიროს სხეული?
კანი როგორც საზღვარი, განცალკევების ზედაპირი. ხშირად გამოყენებული მეტაფორა? არაფრის მაქნისი?
უბრალოდ კანი, სიშიშვლე. ყველა განსხეულებაში.”
სოფო ტაბატაძის და ონნო დირკერის სტატიას რომ ვკითხულობდი, დედაჩემის ბავშვობის სახლი გამახსენდა ვეძისში, “ადესა” რომ მოდიოდა და პინგ-პონგის დიდი მაგიდა იდგა მეორე სართულის აივანზე.
ხშირად დამსიზმრებია გზა დედაჩემის ბავშვობის სახლიდან ჩვენს სახლამდე, რომელსაც ხშირად ფეხით გავდიოდით და სიზმარშიც კი მინახავს გზაში ათასჯერ ნანახი ვაზის ფოთლები, ხეივნების ჩრდილები და გაჭყლეტილი ყურძნები მათ ქვეშ.
ონნო და სოფო ამბობენ: “თუ ერთხელ მაინც შეამჩნიე, შემდეგ სულ მას დაინახავ”. ისედაც ყველგან არიან: თბილისის აივნებზე, სახლების პირველ სართულებზე, კაფეებსა თუ ავტოფარეხებთან. ავტორები გამწვანებულ ან უფოთლო ვაზის ფორმებზე საუბრობენ და მათ შერწყმაზე თბილისთან (Grapes in Tbilisi).
ონნო დირკერი თავის სხვა სტატიაში, კრისტიან ვან დერ კოისთან თანამშრომლობით, ისევ თბილისის ფლორას ეხება, თუთის ხეების მარშრუტზე საუბრობს და მარცხენა სანაპიროზე დარგული ხეების ბიოგრაფიას ჰყვება, მათ შორის ერთ უძველეს ხეზე, რომელიც ჯერ კიდევ ხარობს და იმედია თბილისის მორიგი განვითარების რამე სქემას არ შეეწირება (Mulberry Tree Route in the Didube District of Tbilisi).
რთულია ყველა სტატიას შეეხო, რადგან ყველა სათითაოდ იმსახურებს ყურადღებას და მთლიანობაში ისინი ერთიან სურათს ქმნიან ალტერნატიულ ან პირიქით, ნამდვილ თბილისზე. თამარ ნადირაძე ქალაქის არა მითოლოგიურ, არამედ ნამდვილ მულტიკულტურულ გარემოზე გვიყვება, რომელიც ერთ-ერთ ინდურ რესტორანშია თავმოყრილი (Shree Food Corner), ნინო სეხნიაშვილი და გიორგი ცაგარელი კი თბილისის პარკების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქში დამალულ პოტენციურ ადგილებზე წერენ, ტიგრან ამირიანი კუკიას სასაფლაოს იდუმალ წარწერებზე გვიყვება (Kukia Alphabet) და ანა რამაზაშვილი გლდანის უტოპისტურ პროექტზე წერს (Gldani).
წიგნი რამდენიმე თავად არის დაყოფილი: პირველი თუ საჯარო სივრცეს (Public Space) და მის გამოყენებას ეხება, მეორე თავი უფრო მეხსიერების გაცოცხლების მცდელობაა (The Return of the Repressed). სწორედ ამ თავში ვკითხულობთ საბჭოთა მოზაიკის შექმნის და გაქრობის თარიღებს.
თამუნა ჭაბაშვილის დახვეწილი და მგრძნობიარე ნამუშევარი (A Bundle) კი ხაზების და ასოების მედიტაციაა, გარკვეული თამაში, რომელიც თან სკოლის მათემატიკის წიგნს ჰგავს და თან მეხსიერების ესკიზებს, რომელიც მოგვიანებით ადგილს სულ სხვა მედიუმში პოულობს.
წიგნის ამ განყოფილებაში ნინი ფალავანდიშვილი და ლენა პრენცი ჭადრაკის სასახლეზე საუბრობენ (Long Live the Queen!), სტატიის ბოლოს კი ერთი ფოტოა დართული, რომელიც მანამდე არც მქონდა ნანახი და რომელიც ყველაზე კარგად ჰყვება მოჭადრაკე ქალების როლს და მნიშვნელობას საბჭოთა საქართველოში.
წიგნის ბოლო თავი ცვლილებებზე ან უფრო უცვლელობაზეა (Nontransparent Glass). თავი ისევ ქართლის დედასთან საუბრით იწყება: “ქართლის დედა, რას ფიქრობთ ამ ახალ კონსტრუქციებზე, რომელსაც სიმაღლიდან ხედავ? ზოგი საინტერესო მეჩვენება, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად უხდებიან ისინი თბილისს”.
თამუნა ჭაბაშვილის ღია ბარათი – “ივერია” გზავნილია წარსულიდან, რომელიც იმაზე მეტს იტევს, ვიდრე სიტყვებს შეუძლია აღწეროს, ეს გამოსახულება ამ წიგნის სანიშნეა, რომელიც მთელ ისტორიას თავის ფანჯრებში იტევს, იმ ფანჯრებში, რომელიც ახლა ლურჯია და ამ სილურჯეში ირეკლავს იმას, რაც მის მიღმა ხდება.
ირეკლავს მათ შორის ლადო ლომიტაშვილის (There Will Be Times When Dinner Is Not Served) მიერ გადაღებულ, ერთი შეხედვით სტერილურ, მაგრამ ასევე მრავალშრიან გამოსახულებას ქალაქის ყველაზე ტურისტული და ამავე დროს ნეიტრალური სივრცეებიდან, ირეკლავს სოფო ტაბატაძის “პირიმზეს” (Pirimze) – ცვლილებების და ამავე დროს სტაგნაციის სიმბოლოს, რომელიც ვინ მოთვლის მერამდენე რეაბილიტაციას გადის. რატომღაც, იმ ადგილს, სადაც ახლა “პირიმზე” დგას, ორბელიანის მოედანი ჰქვია და არა კოლმეურნეობის; ახალი რეაბილიტაციის მერე “პირიმზე” უფრო მოძველებულად გამოიყურება, ვიდრე მოედანი. სულ რამდენიმე წლის წინ კი “პირიმზე” იყო ე.წ. “ა კლასის” ბრჭყვიალა შენობა ამ სივრცეში, რის გამოც ხელოსნებისთვის ის მიუწვდომელი გახდა, უფრო სწორად, მხოლოდ მისი უფანჯრო სარდაფის ქირაობა შეძლეს.
სოფოს ეს პროექტი კი იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ სულ რაღაც 2012 წელს და დღევანდელობას შორის ძალიან დიდ ცვლილებას გვაჩვენებს, თუმცა ეს ცვლილება იმასაც გვაჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში არაფერი იცვლება. ხან “პირიმზეა” ახალი და სუფთა (იმედია – დროებით, როგორც სოფო ამბობს.), ხან მოედანი. მაგრამ იმ ხალხისთვის, ვინც იქ მუშაობს და ამ სივრცის გარშემო ხან იფანტება და ხან იკვრება, ადგილი ამ “სისუფთავეში” თითქმის არასოდეს არ არის.
ეს ფასადური “სისუფთავე” ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამას სოფო ტაბატაძის მეორე ნამუშევარი (In the Country with a Flourishing Democracy, Even the Plastic Flowers Will Blossom An Ancient Georgian Proverb) (შეადარე ნინი ფალავანდიშვილის Light in Our Windows ) მოწმობს.
ამ წიგნს ერთადერთი ნაკლი აქვს, ის მხოლოდ ინგლისურად არის და მგონია, სამწუხაროა, რადგან ამ შეგრძნებების, დაკვირვებების, კვლევის და დეტალების დღიურში ყველა თავის ამბავს ამოიკითხავდა. მე პირადად ის ტრანსატლანტიკური ფრენის დროს წავიკითხე, ასეთი შორი მოგზაურობისას ისედაც გამძაფრებული სიყვარულის შეგრძნებით თბილისისადმი.
ამ ავტორების კითხვისას, ყველაზე კარგად მივხვდი, თურმე მე რა მიზიდავს ამ ქალაქში, რა მიყვარს ასე ძალიან და რის გამო ვერ ვანებებ მას თავს. ამიტომ “Tbilisi it’s complicated” ყველას სევდიანი ამბავია, ვისაც ამ ქალაქთან რამე ურთიერთობა ჰქონია, აქვს ან ექნება. ეს ერთგვარი ოდაა ყველაზე რთული, მაგრამ მუდმივი სიყვარულისთვის.
“ხშირად დასმული კითხვები. დრო”
მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე
კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის “ხშირად დასმული კითხვებია”. ცალკეა წიგნი, რომელიც ამოგლეჯილი ფრაზებით გვახსენებს, რაში და სად ვიცხოვრეთ ბოლო 30 წელი, და რომელიც ლოგიკურად აერთიანებს ავტორების ავტოგრაფად ქცეულ წარწერას – “დრო”. წიგნთან კავშირში ონლაინ გამოცემად იქცა გარიყულაში ჩატარებული რეზიდენციის შედეგი, სადაც 30 სხვადასხვა ადამიანის ტექსტს წაიკითხავთ ამავე წლებზე.
მაშინ როდესაც გეოეარის წიგნი თბილისზე მეხსიერების კვლევაა, მარიამის და დეთუს წიგნი ისტორიის სახელმძღვანელოა, რადგან წარმოუდგენელია ისტორიის სახელმძღვანელო არ იყოს პირადი, მაგრამ თან საერთო, ობიექტური წარსულის ნაწილიც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სახელოვნებო წიგნი არა მარტო წარსულის, არამედ მომავლის შეხსენებაცაა.
გამოიცანით რომელი წელია? “ჩვენ ვაძლევთ პრეზიდენტს ნახევარ საათს”, ან “მე გაქცევას არ ვაპირებ”, ან “ყველა მინუს ერთი”? თურმე წლებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. შეგიძლიათ ეს წლები და მათი თანამდევი ტექსტები აურიოთ და სამკითხაოდ გამოიყენოთ, ან ჩარჩოში ის წარწერა ჩასვათ, რომელიც იმ მომენტში თქვენს განწყობას ყველაზე მეტად ასახავს. შეიძლება გული გაგისკდეთ, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად ამაში ვტრიალებთ, ეს ფრაზები ამას ბევრად უფრო მეტი სიმძაფრით გვაგრძნობინებს, ვიდრე ნებისმიერი ანალიტიკური სტატია, სატელევიზიო გამოსვლა თუ წუხილი სოციალურ მედიაში, რომ ისევ იგივე წრეზე მივდივართ.
გახსოვთ ის წელი, როდესაც წვიმის შიში დაგვეწყო? “გესმის, როგორი ხმა აქვს წვიმას?”
“რა არის ეს?
სუბიექტური ისტორია? ბიოგრაფია? ვადაგასული კალენდარი? ენციკლოპედია დაკარგული მნიშვნელობებით? ეს არის ის, რაც დარჩა.
რამდენიმე სიტყვა – მეხსიერების ღილაკები.” – წერენ ავტორები.
ავტორებმა ეს ფრაზები და წლები, მათ ხელწერად ცნობილ წარწერა “დრო”-ში გააერთიანეს, რითაც თითქოს მათი შემოქმედების ერთი ეტაპი შეკრეს და, სავარაუდოდ, წერტილიც დაუსვეს. რადგან ხელოვნება წინასწარმეტყველების ნიშნებს შეიცავს, იქნებ ეს სიმბოლური აქტი გახდეს ჩვენი ისტორიის მუდმივი ციკლურობის დასასრულიც.
მაგრამ, სავარაუდოდ, “სინამდვილეში ესეც ტყუილია”.