fbpx

რატომ უნდა დახარჯოთ დრო საკუთარი სიკვდილის შესახებ ფიქრში


გააზიარე სტატია

ავტორი: ეშლი აბრამსონი


დილაობით, როცა შვილები სკოლისკენ მიმყავს და ვცდილობ უკანა სავარძლებიდან წამოსული ხმაური ჩავახშო, გონებაში საკუთარი დაკრძალვის სცენა წარმომიდგება.

“დედა ძალიან მიყვარდა.  ის ისეთი გულუხვი იყო”, – ამბობს ჩემი უფროსი შვილი ისე, თითქოს კარგად ჩაცმული ზრდასრული ადამიანი იყოს, რომელსაც ბავშვობიდან ჭორფლები და ცრემლიანი თვალები გამოჰყოლია. ჩემი მეორე ვაჟი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, მე კი ამ დროს მახსენდება ყველა შემთხვევა, როცა მეგობრებს უარს ვეუბნებოდი შეხვედრაზე, სამუშაო გრაფიკს ვცვლიდი იმის გამო, რომ ძილის წინ მასთან ერთად ვყოფილიყავი.

შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად გამომიჭერია თავი საკუთარ სიკვდილზე ფიქრში. ოღონდ ეს უშუალოდ კვდომის აქტი კი არა, იმის წარმოდგენაა, თუ რა იქნება ამის მერე – როგორი იქნება სამყარო ჩემი გარდაცვალების შემდეგ. არ ვფიქრობ, რომ მალე მოვკვდები, ან სიკვდილი მინდა. უბრალოდ, ნამდვილად ვაცნობიერებ იმას, რომ ახლო ან შორეულ მომავალში, ოდესმე აღარ ვიარსებებ.

სიმართლე გითხრათ, საკუთარ სწრაფწარმავლობასთან პირისპირ შეჯახება სიმშვიდეს მიკარგავს. უმრავლესობისთვის სიკვდილი საკმაოდ იდუმალია საიმისოდ, რომ რაღაც მეტი ემოცია გამოიწვიოს – ჯერ არც ერთი ჩვენგანი არ მომკვდარა და ამიტომ შეუძლებელია ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში.

ამ იდუმალ ცნებაზე საუბარი სიკვდილს ნაკლებად საშიშსა და უფრო ხელშესახებს ხდის. არსებობს მრავალი მტკიცებულება იმის, რომ სიკვდილზე ფიქრი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც დაკრძალვის მეტ რიტუალს ესწრებოდნენ, გამოუცდელ მეწყვილეებთან შედარებით  ნაკლებად შფოთავდნენ სიკვდილის გამო. კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომ მრავალჯერადი შეჯახებები სასიკვდილო შემთხვევებთან ჰოსპიტალის თანამშრომლებში სიცოცხლის  “განახლების” შეგრძნებას ბადებს.

გამოდის, ჩემი “არაჯანსაღი” წარმოდგენა დაკრძალვის სცენის შესახებ შესაძლოა სასარგებლოც იყოს. 


ქეთლინ გილბერტი, ინდიანას უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორ-ემერიტუსი  ამბობს, რომ ფიქრი საკუთარი გარდაცვალების შესახებ თქვენი ცხოვრების კონტექსტს ქმნის.

ფიქრი საკუთარი წარმავლობის შესახებ შესაძლოა, რეალობისგან გაქცევად მოგეჩვენოთ, მაგრამ პირიქით, ფიქრი სიკვდილის შესახებ რეალურ სამყაროში ნიადაგს ამყარებს.  “ჩვენს კულტურაში, თითოეული ჩვენგანი მომავალზეა ფოკუსირებული და არავინ ფიქრობს სიამოვნება იმ კონკრეტული მომენტისგან მიიღოს, რომელშიც იგი იმყოფება. რატომღაც ბედნიერებას მომავალში ველოდებით. სიკვდილზე ფიქრი დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს – რა არის ჩემს ცხოვრებაში სიხარულის და ბედნიერების მომტანი?”, – ამბობს გილბერტი.

ეს არ არის მხოლოდ აწმყოში არსებული უპირატესობები. ფიქრი საკუთარ სიკვდილზე გაძლევთ მოტივაციას, რომ გახდეთ ის, ვინც გინდა იყოთ, გახდეთ უკეთესი, ვიდრე ახლა ხართ.

კეტრინ არნუპი, კარლეტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ სიკვდილის ჯანსაღი გაგება ნათელს ხდის, თუ რა არის სინამდვილეში ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად,  ჩნდება შესაძლებლობა, გადააფასოთ ღირებულებები და მიიღოთ მათი შესაბამისი გადაწყვეტილებები. მაგალითად, როცა ცხოვრების ხანმოკლეობას გააცნობიერებთ, აუცილებლად დაფიქრდებით იმაზე, თუ რას აკეთებთ ახლა. შესაძლოა სამოგზაუროდ წასვლაც კი გაბედოთ.

არსებობს ასევე მტკიცებულება იმის შესახებ, მოკვდაობის შეგნებულად გაცნობიერება გვაძლევს საშუალებას, რომ არ ჩავიკეტოთ საკუთარ სამყაროში და სხვა ადამიანების მიმართ გავხდეთ უფრო უანგაროები.

არნუპი, რომელიც ჰოსპიტალში მუშაობს, ამბობს:  “ჩემი ყოველდღიური შეხსენება იყო ის, რომ ყველანი მოვკვდებით: ახალგაზრდები, მოხუცები, კარგი და არცთუ ისე კარგი ადამიანები.”


მაგრამ მთავარი მაინც  ზომიერებაა. გილბერტის მიხედვით, სიკვდილზე ფიქრს არ უნდა გაექცეთ, მაგრამ არც ეს ფიქრი უნდა აიკვიატოთ. სიკვდილზე ფიქრი დაგეხმარებათ იცხოვროთ ჯანსაღად და სრულყოფილად აქ და ახლა.

მაშინ, როცა გონებაში წარმოსახული ჩემი  დაკრძალვის სცენა უჩემო ცხოვრებას ზეიმობს, უფროსი ვაჟი მთხოვს, რამე ვაჭამო. მეც ვბრუნდები რეალურ სამყაროში, უკვე ყველა შესაძლებლობით და იმისთვის, რომ ვიყო კეთილი და გულუხვი ადამიანი – ვიწყებთ წახემსებით.


ორიგინალი: https://forge.medium.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.