უდიდესი სტოიკოსი ამტკიცებდა, რომ გულკეთილობა უფრო მამაკაცური თვისებაა, ვიდრე მრისხანება
ნუთუ არ კმარა იმაზე ყბედობა, თუ როგორი უნდა იყოს კაცური კაცი? დროა საქმედ აქციო სიტყვა.
ფიქრები, 10.16
ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სტოიციზმის მიმართ ინტერესი შესამჩნევად გაიზარდა. სტოიციზმში ვგულისხმობთ არა თეორიას, რომელიც ემოციების მოთოკვასა და ჩახშობას მოიაზრებს, არამედ ძველ ბერძნულ-რომაულ ფილოსოფიურ სკოლას, რომლის მთავარ იდეას კეთილად ცხოვრება წარმოადგენს.
ხშირად ადამიანები ვაჟკაცობასა და კაცურობას სისასტიკეს, უხეშობასა და უემოციობას აკავშირებენ. თუმცა სტოიკურმა ფილოსოფიამ თანამედროვე ადამიანის საზოგადოებრივი როლის შესახებ სრულიად განსხვავებული წარმოდგენა შექმნა.
ყველაზე ცნობილი სტოიკოსი – მარკუს ავრელიუსი რომის ძლევამოსილი იმპერატორი იყო. ავრელიუსი იყო ის იდეალური მმართველი, რომელზედაც პლატონი თავის “სახელმწიფოში” წერდა – მეფე-ფილოსოფოსი. მართლაც, რომაელი იმპერატორი ხშირად იყენებდა პლატონის გამონათქვამებს: “ის სახელმწიფოები აყვავდნენ, სადაც ფილოსოფოსები იყვნენ მეფეები, ან მეფეები – ფილოსოფოსები”.
რასაკვირველია, ავრელიუსს მტრებიც ჰყავდა. ძვ.წ. 175 წელს, იმპერატორის მმართველობის დასასრულს, აღმოსავლეთ პროვინციის გენერალ-გუბერნატორმა ავიდიუს კასიუსმა საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა. კასიუსი სისასტიკით იყო ცნობილი, აწამებდა ტყვეებსა და დეზერტირებს. გენერალი ყოველთვის აკრიტიკებდა ავრელიუსს სისუსტისა და არამამაკაცურობის გამო და იმპერატორს “მოხუც ფილოსოფოს ქალს” უწოდებდა.
სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ კასიუსს საკუთარმა ოფიცერმა თავი მოჰკვეთა. დღეს კასიუსის სახელი არავის ახსოვს და არც მისი ქანდაკებაა შემორჩენილი. სინამდვილეში, მართვისას გამოჩენილი სისასტიკე, როგორც მამაკაცურობის სიმბოლო, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტიანი, როგორიც ავრელიუსის მეთოდი – ყოფილიყო ფილოსოფოსი – მეფე.
მარკუს ავრელიუსი თავის პირად დღიურებში მასკულინურობის შესახებაც წერდა. ანტიკური ”ფიქრებიდან” ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.
მამაკაცურობა და მამობა
ავრელიუსს ოჯახისგან, განსაკუთრებით დედისგან, უძველესი რომაული ღირებულებები გადაეცა. დომიტია ლუკილა მდიდარი და განათლებული რომაელი დიდგვაროვანი იყო, მაგრამ მოკრძალებულად ცხოვრებას ამჯობინებდა. “დედის წყალობით [ვეზიარე…] უბრალოებას და სიძულვილს ყოველგვარი ფუფუნების მიმართ” (ფიქრები,1.3). ამავე დროს, დომიტია ლუკილა იუნიუს რუსტიკუსის მეგობარი იყო, რომელმაც ავრელიუსს სტოიციზმის საფუძვლები შეასწავლა.
რომაელ იმპერატორს 3 წლის ასაკში მამა დაუდგენელი მიზეზების გამო გარდაეცვალა. ესაა ის, რაც ავრელიუსმა მამის რეპუტუციის შესახებ ოჯახისა და მეგობრებისგან შეიტყო: “მამის დიდებისა და მისი კეთილი ხსოვნის წყალობით [ვეზიარე] – სიმამაცეს და თავმოდრეკილობას” (ფიქრები,1.2). სხვა რომაელი დიდგვაროვნები მოკრძალებას სისუსტის ნიშნად მიიჩნევდნენ.
ავრელიუსმა თავმდაბლობაში, რითაც მამამისი გამოირჩეოდა, ხასიათის მამაკაცურობისა და სიმტკიცის ნიშანი დაინახა. იმპერატორისთვის მრისხანების საპირწონედ კეთილშობილება და თანაგრძნობა მამაკაცურობისა და ძლიერების სიმბოლო იყო. ავრელიუსმა მამა იმ დრომდე დაკარგა, სანამ მას გაიცნობდა, მაგრამ გაუმართლა, რომ ანტონინუს პიუსმა იშვილა და მისგან მაგალითების აღება შეეძლო. იმპერატორი საკუთარ თავს პიუსის მოსწავლეს უწოდებს.
“ფიქრებში” ჩამოთვლილია ის ანტონინუს პიუსის თვისებები, რომელთაც ავრელიუსი აღტაცებაში მოჰყავდა. პირველი, რასაც იგი პიუსზე წერისას ახსენებს, სულის “სიფაქიზეა” – “არა იყო რა მასში უხეში, უხამსი და თავაშვებული” (ფიქრები,1.16).
ვაჟკაცურობა და სიბრაზის კონტროლი
“ფიქრებში” ავრელიუსი აღწერს სტოიკოსების მეთოდებს, თუ როგორ უნდა ვმართოთ მრისხანება. “მრისხანების ჟამს ნუ დაივიწყებ, რომ რისხვა არ მოწმობს სიმამაცეს, და რომ პირიქით, სიმშვიდე და თვინიერება უფრო კაცურნი არიან და ვაჟკაცურნი, რადგან მხოლოდ ისინი ავლენენ სულის ძალმოსილებას, მხნეობას და სიმამაცეს, და არა დრტვინვა ან მრისხანება. რაც უფრო მშვიდი ხარ და ვნებათაგან აუმღვრეველი, მით უფრო ძლიერი ხარ, გწამდეს. მრისხანება და დრტვინვა უძლურებას მოწმობენ მხოლოდ. რისხვით ცნობამიხდილიცა და მდრტვინავიც ბრძოლის ველზე დაჭრილთ ჰგვანან და ტყვედ ჩავარდნილთ” (ფიქრები,11.18).
ავრელიუსი სხვა სტოიკოსების მსგავსად, მიიჩნევდა, რომ მრისხანება სისუსტეა. სტოიკოსები აღიარებდნენ, რომ არსებობს ემოციური რეაქციის ტიპი, რომელიც გარდაუვალია კონკრეტულ სიტუაციებში. აქ ის საუბრობს არაჯანსაღ ვნებებზე, ისეთ გრძნობებზე, როგორიცაა შიში და მწუხარება, რაც ბუნების მიერ დაწესებულ საზღვრებს სცდება. ბრძენი ისაა, ვინც ცდილობს, არ გააღვივოს სიბრაზის ნაპერწკალი და არ აანთოს მრისხანების ცეცხლი. სწორედ ესაა ნამდვილი სიმამაცე.
მიუხედავად იმისა, რომ ავიდიუს კასიუსი ძლიერ ფიგურას ჰგავდა, სინამდვილეში, ძალიან სუსტი ადამიანი იყო. მას არ გააჩნდა ხასიათის სიმტკიცე და არც მწუხარებისა და მრისხანებისგან იყო თავისუფალი. სწორედ ამით გამოირჩეოდა ავრელიუსის მამობილი – ანტონინუს პიუსი. ავრელიუსს სურს, რომ იცხოვროს პიუსის მაგალითზე და იყოს “ჭეშმარიტი რომაელი, მამულისთვის თავდადებული ერის მთავარი” (მედიტაციები,3.5). ავრელიუსისთვის ეს ყველაფერი მოვალეობების ღირსეულად აღსრულებას ნიშნავს და ამავე დროს სურვილს, შეხვდეს სიკვდილს ღიმილით.
“დღეს იყავ რწფელი, ხვალ შეიძლება გვიანი იქნეს” (მედიტაციები.7.12).
ტექსტში გამოყენებული ნაწყვეტები მარკუს ავრელიუსის ”ფიქრებიდან” თარგმნილია ბაჩანა ბრეგვაძის მიერ.
ორიგინალი:https://forge.medium.com/


