fbpx

ორიგამი – ხელოვნება უკეთესი სარეკლამო გამოსახულებისთვის


გააზიარე სტატია

სოფია ანთიძე გრაფიკული დიზაინერი და არტ დირექტორია. სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ახლა ციფრულ სააგენტო “ლივინგსტონში” მუშაობს. ხანგრძლივად “ადობეს” პროგრამებში დიზაინზე მუშაობამ ერთ დღესაც აფიქრებინა, რაღაცები ქაღალდით ხომ არ უნდა გაეკეთებინა და შეეცადა, ის, რასაც ფოტოშოფში ან ინდიზაინში აკეთებდა, ქაღალდით და წებოთი გაეკეთებინა. ასე გაჩნდა ქაღალდის ქალაქი ბანკ კონსტანტასთვის,  ხილის ბაღი გურიელის ჩაისთვის, სანაპირო ბათუმის კინოფესტივალისთვის და  ჯონი ვრეპი, კეთილი კაცი საჩუქრების შესაფუთი ბრენდისთვის. 

სოფიას სამუშაო მაგიდაზე, ლეპტოპის გვერდით, დიდი დაფა დევს – ნახაზებით, ფერადი ქაღალდებით და საჭრელი ინსტრუმენტებით, ფანჯრის რაფაზე კი ქაღალდის ის ფიგურები, რომლებიც სარეკლამო პოსტერების და რგოლების გმირებად არ იქცნენ, თუმცა მათი შემქმნელი ამბობს, რომ ნამუშევრების ყურებაზე მეტად მათი შექმნა მოსწონს, ამიტომ უმეტესობა, რაც სოფიას ქაღალდისგან გაუკეთებია, ოთახის კუთხეში, დიდ ყუთში ბინადრობს. 

 

 

რატომ გადაწყვიტე მედიუმად ქაღალდის არჩევა, რას გაძლევს განსხვავებულს? 

შედეგი უფრო განსხვავებულია, მეტად ეფექტური. ბევრს აინტერესებს, რატომ არ გავაკეთეთ 3D-ში, მაგრამ 3D-ში რომ მიიღო არასრულყოფილი ფიგურები, ფაქტობრივად შეუძლებელია. პროექტიც საბოლოოდ განსხვავებულია, მოცულობა უკეთ იგრძნობა. 

შედეგის გარდა პროცესია მნიშვნელოვანი – თერაპიასავით არის ჩემთვის. 

 

არის რამე, რაც ძალიან გინდა ქაღალდით გააკეთო? 

ძალიან მინდოდა სასმელების პროექტებისთვის მემუშავა ამ მედიუმში და ისე დაემთხვა, რომ “გურიელი” მოვიდა სააგენტოში და დათანხმდა ამ ექსპერიმენტს. რაც ძალიან მინდა ხოლმე,  ან თავისით გამოდის, ან სხვა პროექტებში ვრთავ. საერთოდ, ამ პრინციპით ვმუშაობთ, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ უნდა მოგვწონდეს და ასე როცა ხარ, მეტი თავისუფლება გაქვს და შედეგიც უკეთესია. 

 

ფუფუნებასავით არის ქაღალდზე მუშაობა, ბევრი დრო უნდა, მალე შეიძლება გაფუჭდეს –  რით მიგხიბლა და როგორ აქციე სამუშაოს ნაწილად? 

ჩემთვის დიზაინში ნებისმიერი სიახლე და განსხვავებული მეთოდი, რითაც სხვაგვარი ვიზუალი შემიძლია მივიღო, საინტერესოა. ალბათ ეს იყო მთავარი, რატომაც დამაინტერესა. ხშირად ვერც ვაკეთებ. ძალიან ბევრი დრო უნდა და ისევ ვერ ვაკეთებ, თუ რაიმე პროექტის ნაწილი არ არის. წარმოუდგენლად შრომატევადია და თან ძალიან ლოგიკური. მარტივი გეომეტრია თუ იცი, ადვილად ისწავლი და კარგად გამოგივა. ტუტორიალებიც არის, მაგრამ მე ძირითადად საკუთარ თავზე მუშაობით ვისწავლე. 

 

მარკეტინგის გარდა სად გამოიყენება დღეს ქაღალდის ნამუშევრები?

ძირითადად მაინც სარეკლამო სფეროში – ანიმაციაში, დეკორაციაშიც შეხვდები, შეიძლება განათებაში იყოს გამოყენებული, მაგრამ ისე მასშტაბურად არა, როგორც რეკლამებში. 

სარეკლამო სფეროს გარდა რა გიზიდავს? 

ფოტოგრაფია და მგონია, რომ როცა აქედან წამოვალ, ალბათ ისევ კამერას ავიღებ. დიდი ხანი ვიღებდი ფოტოებს და ახლა უკვე  შაბათ-კვირასაც კი ვეღარ ვიცლი ამისთვის. იმედია, ერთ დღეს ისევ დავუბრუნდები. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.