fbpx

6 საოცარი ფაქტი ადამიანის ჩონჩხის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით


გააზიარე სტატია



ხალხს ხშირად აოცებს ის ფაქტი, რომ ძვალი ცოცხალი ქსოვილია. საყოველთაოდ ცნობილია,  რომ მოტეხილობისა და დაზიანების შემთხვევაში, მათ აღდგენისა და განახლების უნარი აქვთ.

აქ წაიკითხავთ  ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.

  • ყველა  ადამიანს არ აქვს 206 ძვალი
    სახელმძღვანელოები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ჩონჩხი 206 ძვლისგან შედგება და ეს რიცხვი ანატომიურ ნორმას წარმოადგენს. ბავშვებს დაბადებისას 300-ზე მეტი ძვალი აქვთ, რომლებიც ჭარბი ხრტილოვანი ქსოვილისგან შედგება. ახალშობილთა ძვლები პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მინერალიზებულია, ზოგიერთი კი ერთმანეთთანაა შეერთებული.


    ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები დამატებითი ძვლებით იბადებიან.  მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მეცამეტე წყვილი ნეკნი ან დამატებითი თითი. ბოლოდროინდელმა  კვლევამ აჩვენა, რომ ფაბელა, მუხლში მდებარე პატარა ძვალი, რომელიც ევოლუციის შედეგად გამქრალი იყო,  უფრო და უფრო მეტად ვლინდება. ამის მიზეზი კარგი კვება ან წონის მატება შეიძლება იყოს.

  • ადამიანის ჩონჩხის ზომა მუდმივად იცვლება
    ბავშვი  ყველაზე სწრაფად სიმაღლეში პირველი წლის განმავლობაში იმატებს. ხოლო  საბოლოო სიმაღლეს თინეიჯერობის ბოლოს აღწევს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძვლები ზრდას წყვეტენ, ჩვენი სიმაღლე მაინც შეიძლება შეიცვალოს.

 
თითოეული სახსარი (ორი ძვლის შეერთების ადგილი) ხრტილოვანი ქსოვილითაა დაფარული. ხრტილი შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი ტიპია, რომელიც წყლის, კოლაგენების, პროტეოგლიკანისა და უჯრედებისგან შედგება.

მთელი დღის განმავლობაში ხერხემლის მალთაშუა ხრტილი იკუმშება, ამიტომ ჩვენი სიმაღლე მცირდება იმ დრომდე, სანამ დასაძინებლად წავალთ. საბედნიეროდ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსების შემდეგ, ხრტილი ისევ პირვანდელ ფორმას უბრუნდება.

კოსმოსში გრავიტაციის არარსებობა,  კოსმონავტებზე საპირისპირო გავლენას ახდენს და მათი სიმაღლე 3%-ით იმატებს.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხრტილის დამსახურება. ზეწოლისა  და დატვირთვის შედეგად თვითონ ძვლებიც მოკლდებიან. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ, მაგალითად, სირბილის შემდეგ წვივის ძვალი  დროებით მოკლდება.

  • არსებობს ერთი ძვალი, რომელიც  არ არის მეორე ძვალთან დაკავშირებული
    ბარძაყის ძვალი მენჯის ძვალს  უკავშირდება, მაგრამ ყველა ძვალი ერთმანეთთან არ ერთდება. ასეთი გამონაკლისია ენისქვეშა (ინის)  ძვალი. ინის ძვალი ნალის ფორმისაა, მოთავსებულია ენის ქვეშ და სხვა ძვლებთან იოგებითაა დაკავშირებული. სწორედ ეს ძვალი ეხმარება ადამიანებს საუბარში, ყლაპვასა და სუნთქვაში.  შეუძლებელია ინის ძვლის მოტეხვა, მაგრამ თუ ეს მოხდა, შეიძლება ადამიანის დახრჩობა ან გაგუდვა გამოიწვიოს. 
  • ძვლის ტვინი არ არის მხოლოდ სივრცის შემავსებელი
    ლულოვანი ძვლები, მაგალითად, ბარძაყის ძვალი, ძვლის ტვინით არის ამოვსებული. იგი შედგება ცხიმოვანი, სისხლისა და იმუნური უჯრედებისგან. ბავშვებში  ძვლის ტვინი წითელია, რაც ცხადყოფს მის მნიშვნელოვან როლს სისხლის წარმოქმნაში. მოზრდილთა ძვლის ტვინი ყვითელია და ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში არსებული ცხიმის 10%-ს შეადგენს. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ძვლის ტვინის ცხიმოვანი უჯრედები მხოლოდ სივრცის შემავსებლის ფუნქციას ასრულებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა,  მნიშვნელოვანი მეტაბოლური და ენდოკრინული ფუნქციებითაც გამოირჩევიან.

  • ყველაზე მცირე ზომის ძვლები ყურებშია
    ყველაზე პატარა ძვლები: ჩაქუჩი (malleus), გრდემლი (incus) და უზანგი (stapes) შუა ყურში მდებარეობს და მათ ერთობლივად სასმენ ძვლებს უწოდებენ (ossicles). მათ  ხმოვანი რხევები დაფის აპკიდან შიგნითა ყურში არსებულ სითხეში გადააქვთ. სასმენი ძვლები არა მხოლოდ მცირე ზომით, არამედ იმითაც გამოირჩევიან,  რომ 1 წლის შემდეგ ფორმას აღარ იცვლიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფორმის ცვლილება სმენაზე გავლენას მოახდენს.

 

  • ძვლები პასუხისმგებლები არიან სტრესზე
    სიმპათიკური ნერვული სისტემა წარმოადგენს მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ჩვენი სხეული ინტენსიური აქტივობისთვის ემზადება. “ბრძოლის ან გაქცევის” რეაქცია  სტრესული სიტუაციის საპასუხოდ ჰორმონ ადრენალინის გამომუშავებას უკავშირდება.


ცოტა  ხნის წინ გამოქვეყნდა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც, ძვლისგან გამომუშავებული ჰორმონი – ოსტეოკალცინი სტრესის დროს რეაქციაზე აგებს პასუხს.
აღმოჩნდა, რომ თაგვები, რომლებსაც ოსტეოკალცინის გამომუშავების უნარი არ ჰქონდათ,  არც სტრესზე რეაგირებდნენ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესის შემდეგ ადამიანის  სისხლსა და შარდში გაზრდილი იყო ოსტეოკალცინის დონე. ოსტეოკალცინი თიშავს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც დასვენებასა და საჭმლის მონელებაზეა პასუხისმგებელი და იწვევს  “ბრძოლის ან გაქცევის” რეაქციას.

ჩონჩხის ფუნქციას სხეულის დაცვა წარმოადგენს. მაგალითად, ნეკნები ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებს შემოსაზღვრავენ. აქედან  გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ძვლებიც სასიცოცხლო როლს ასრულებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


ორიგინალი:https://www.sciencealert.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.