რა არის ემპათია და რატომ გვჭირდება ის?
ემპათია სხვისი ემოციების გაგების და გაზიარების უნარია. არსებობს ემპათიის სამი სახე:
- ემოციური თანაგრძნობა – სხვისი ემოციების გაზიარების უნარი. ახასიათებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მძაფრ რეაქციებს ავლენენ და განიცდიან სხვის ტკივილს, ისე როგორც საკუთარს, თუნდაც საშინელებათა ფილმების ყურების დროს.
- კოგნიტური თანაგრძნობა – სხვისი ემოციების გაგების უნარი. ამის კარგი მაგალითია ფსიქოლოგი, რომელსაც კლიენტის გრძნობების რაციონალურად ესმის, მაგრამ არ არის ვალდებული, გაიზიაროს ის.
- გულშემატკივრული თანაგრძნობა – ემპათიის ის სახეობაა, რომელიც ემოციების გაზიარებისა და გაგების გარდა, გვიბიძგებს მოქმედებისკენ, რომ დავეხმაროთ სხვას.
უნდა აღინიშნოს, რომ ემპათია არა მარტო ადამიანებს, არამედ პრიმატებს და ვირთხებსაც ახასიათებთ.
აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ თანაგრძნობა და სიბრალული. ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ ფსიქოპათებს ემპათიის უნარი არ გააჩნიათ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, რადგან მათთვის აუცილებელია იცოდნენ, რას გრძნობს მსხვერპლი. ის, რაც ფსიქოპათებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ, არის სიბრალული – მათ იციან, რომ სხვა ადამიანი იტანჯება, მაგრამ უბრალოდ არ აღელვებთ.
ემპათიას გააჩნია უარყოფითი თვისებებიც, მაგალითად, თუ ადამიანი ავტოკატასტროფას შეესწრება, შეიძლება იმდენად ძლიერი ემოციური ტრამვა მიიღოს, რომ დაშავებულის დახმარებაც კი დაავიწყდეს.
ასევე, ძლიერმა ემპათიურმა გრძნობებმა საკუთარი ოჯახის წევრებისა და სოციალური/რასობრივი ჯგუფის მიმართ შეიძლება სიძულვილი ან აგრესია გამოიწვიოს იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ჩვენგან განსხვავდებიან. მაგალითად: ნაციონალისტი, რომელიც სამშობლოს იცავს.
რატომ გვჭირდება ემპათია?
- საშუალებას გვაძლევს, დავამყაროთ სოციალური კავშირები სხვა ადამიანებთან
- გვასწავლის საკუთარი ემოციების რეგულირებას
- ანვითარებს ჩვენს კომუნიკაციის უნარებს
- ზრდის სხვების დახმარების სურვილს
- ამცირებს სტრესს
რატომ გვაკლია თანაგრძნობის უნარი?
ჩვენ სუბიექტურობის მსხვერპლნი ვართ – მაგალითად, ადამიანები ხშირად სხვის შეცდომებს მათ შინაგან მახასიათებლებს უკავშირებენ, ხოლო საკუთარი შეცდომებზე გარე ფაქტორებს ადანაშაულებენ. ამგვარი მიკერძოება ობიექტურ განსჯას ართულებს და შედეგად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანმა სიტუაციის სხვისი პერსპექტივიდან დანახვა შეძლოს.
როგორ იზომება ემპათია?
ემპათია ხშირად თვითშეფასების კითხვარებით იზომება, როგორებიცაა ინტერპერსონალური რეაქტიული ინდექსი (IRI) და შემეცნებითი და ემოციური ემპათიის კითხვარი (QCAE).
მაგალითად, QCAE-ის კითხვარში შეხვდებით შემდეგ წინადადებას: ”ჩემზე დიდ გავლენას ახდენს, როდესაც მეგობარი გაბრაზებულია”, რისი პასუხითაც ემოციური თანაგრძნობა იზომება.
ორიგინალი: https://theconversation.com/