fbpx

რა წიგნებს გირჩევთ “წიგნის დღეებზე” – ქართული და უცხოური ლიტერატურის საინტერესო ახალი გამოცემები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

დადგა გვიანი შემოდგომასიცივე თავის ვნებაში შევიდა, ასეთ ამინდში კი წიგნთან ურთიერთობა ორმაგად სასიამოვნოა, თანაც, წიგნის დღეები მოგვადგა კარს, რომელიც 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ტრადიციულად, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში, სადაც მისულს ბევრი საინტერესო ახალი, როგორც თარგმანი, ასევე ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული წიგნი დაგხვდებათ

შესაბამისად, ჩვენ, ფესტივალის კვალდაკვალ, რამდენიმე, ჩვენთვის მნიშვნელოვან წიგნს რეკომენდაციას გავუწევთ.

 

ვიტოლდ გომბროვიჩი – პორნოგრაფია

დიდი პოლონელი მწერლის, ვიტოლდ გომბრომიჩის რომანი აერთიანებს, ორ ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობას, ანუ მასში ვარდი და ნეხვი კვეთენ ერთმანეთს; ერთის მხრივ ამაზრზენი, თითქმის გულისამრევი სიუჟეტი, მეორე მხრივ კი გამაბრუებელი ისტერიკული სილამაზე. დიდი ლიტერატურული გამბედაობის ამბავთან გვაქვს საქმე, შესაბამისად სულაც არ ცდებოდა მილან კუნდერა, როცა გომრომიჩზე ამბობდა, საუკეთესო პოლონელი მწერალიაო. პოლონელებს კი ვინები ჰყავთ ამ ამბავში შეხსენება არაა საჭირო.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მწერლის შემოქმედებაზე მისი ბიოგრაფიული დეტალების გარეშე ვერ ვისაუბრებთ, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომი, მისთვის შემოქმედებით დიდ აფეთქებად (Big Beng) იქცა და დიდ წილად განსაზღვრა მისი შემდგომი ლიტერატურული მომავალი.

ერთი სიტყვით ამ რომანში, სადაც სიყვარული ზოგჯერ ძალიან მაგრად ანათებს, ზოგჯერ ისეთი უაზროა, როგორც ქუჩაში შუა დღეს ანთებული გარეგანათების ბოძი, ზოგჯერ კი საერთოდ ჩამქრალია, ასე ერთმანეთში იხლართება ყველაფერი, ფურთხინეხვში, ნეხვივარდში, ვარდისიყვარულში, სიყვარულისიძულვილში და ..

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, საქმე დიდ ლიტერატურასთან გვაქვს, ამას მთარგმნელის, ქეთი ქანთარიას რეცენზიაში წამოჭიმული ემოციური წამოცდენა, გნებავთ იმპულსური შეძახილი მოწმობს: “მგონი, გომბროვიჩი მეფეა”. მართლა ასეა.

 

მარკ ტვენი – ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი

ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, საქმე მარკ ტვენთან გვაქვს, ტომ სოიერის შემქმნელთან, ასე ამბობს კიდეც ტვენი პირველივე გვერდზე, შემდეგ კი ამატებს – წიგნი დაწერა მისტერ მარკ ტვენმა და მეტწილად სიმართლე ილაპარაკა.

სიმართლე, ანუ ბავშვობა, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება და იტივტივებს გონებაში, როგორც უსასრულო მოგონება ცხოვრებაზე.

ამერიკული ლიტერატურის ცუდი ბიჭი, ერნესტ ჰემინგუეი მოცემულ წიგნზე ამბობდა, რომ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა სათავეს სწორედ მისგან იღებსო.

ბევრი ლაპარაკიც კი სასაცილო მგონია, უბრალოდ ერთს ვიტყვი და მოვრჩები: ალბათ მარადიულად იქნება დავა ჰაკლბერი თუ ჰეკლბერი, თავდაპირველ და უძველეს თარგმანში, ეს უკანასკნელი იყო, შესაბამისად მოზრდილი მკითხველისთვის, ის სამუდამოდ ამ სახელით დარჩება, ხოლო ახალგაზრდა მკითხველში ის სახელის გამართული თარგმანით გადმოდის – ჰაკლბერი. ესეც მნიშვნელოვანია.

 

მოთხრობების კრებული – 9

ვისაც უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა, და ასეთი ვიცი ბევრია, წლევანდელი ფესტივალის მთავარი საჩუქარი ამ მხრივ, სწორედ მოცემული წიგნია, რომელიც წარმოადგენს ანთოლოგიას – სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კრებულს.

გამომცემლობა წიგნები ბათუმში, აგრძელებს ტრადიციას, ერთის მხრივ ჟანრის მოყვარულთათვის თარგმნის მნიშვნელოვან და საინტერესო წიგნებს, მეორე მხრივ კი აგრძელებს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კრებულის გამოცემას. ჩვენ გვახსოვს წიგნი – 8, ახლა კი ამბავს ერთით მეტი ავტორი დაემატა, და წრე შეიკრა; როგორც იტყვიან ჟანრის კანონი აღსრულდა და გახდა წიგნი მაგიური – 9.

ჰარლან ელისონი, ჯეკ ვენსი, ტიმ პრატი, მაიკ რეზნიკი, მარეკ ჰუბერატი, ელიზაბეთ ბირი, ურსულა ლე გუინი და რობერტ სილვერბერგი, ეს ის ავტორები არიან, რომელთა ნაწარმოებიც ქმნის კრებულს.

 

აირის მერდოკი – შავი პრინცი

დიოგენე აგრძელებს ხარისხიანი ლიტერატურის გამოცემას, ამჯერად კი გამოსცემს, და პირველად სწორედ მოცემულ ფესტივალზე იქნება ხელმისაწდომი, თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსის, ბრიტანელი მწერლისა და ფილოსოფოსის, აირის მერდოკის “შავი პრინცი”.

რომანი მწერლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. აქ ერთმანეთს კვეთენ მაღალი ლიტერატურული ხრიკები და ფილოსოფიური თემები, რაც ნაწარმოებს საბოლოო ჯამში საინტერესო სტრუქტურულ მოდელად აქცევს, რომელშიც მწერლის მიერ გამოგონილი ენა ბრწყინვალედ თანაარსებობს.

“შავი პრინცი” განსაკუთრებული წიგნია, თანაც სიყვარულზე, ყველანაირი ბანალური კონტექსტების გარეშე.

 

ნორა იკსტენა – დედის რძე

 

ამბავს ორი პერსონაჟი გვიყვება, დედა და შვილი, საერთოდ ეს ყველაფერი ქალების ამბავია, ორი ხატის, ან კულტურულ-პოლიტიკური კონტექსტის მიერ ჩამოყალიბებული ორი სუბიექტის – დედა ცუდად არის. არ შეუძლია ცხოვრება ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თითქოს ვოლიერშია გამომწყვდეული და მარტო დარჩენილი ჩიტივით ურტყამს თავს ქანდარას – არაფრის იმედი აღარ აქვს დარჩენილი, მთელი ცხოვრება ძალაუფლებაში მყოფმა სისტემამ მოპარა. შვილი კი პირიქით, ის ახალგაზრდაა და გონებაში უამრავი იმედი აქვს ხვალინდელი დღის – უკეთესი მომავლის.

მას სურს ცხოვრება, ოჯახური იდილია, მაგრამ არაფერი გამოდის, დედის რძე მოწამლულია, მოწამლულია საშინელი შხამით.

ეს მძიმე და დამაფიქრებელი წიგნი, ვფიქრობ აუცილებლად საკითხავი წიგნების მთავარ ეშელონზე დგას.

 

ნესტან ნენე კვინიკაძე – 38, 44

გამომცემლობა ინტელექტმა, ნესტან-ნენე კვინიკაძის ახალი რომანი გამოსცა, რომლის შეძენის საშუალებაც ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

კვინიკაძის ახალი წიგნი, ფაქტობრივად აგრძელებს ქართული ლიტერატურის ტრადიციას და ისევ იმ ძველ დროს – თბილ და ტკბილ 90-იანებში (97-ში მნიშვნელოვან შემთხვევაში) და 2000-იანებში ტრიალებს.

საქმე გვაქვს გოგოსა და ბიჭის ცხოვრებასთან, რომლებიც გამუდმებით კვლევაში და რაღაც დაუდგენლის ძიებაში არიან, ძიების ხაზი ძირითადად სხეულზე გადის – სექსუალობა, როგორც თავის შეცნობის საუკეთესო საშუალება.

ეს წიგნი თამაშია, ერთი პატარა თამაში, რომელშიც მკითხველი დაუკითხავად ხვდები. აქ კი სადღაც გასაღები მარხია.

 

ჟოზე სარამაგუ – სპილოს მოგზაურობა

რა თქმა უნდა, სარამაგუ!‌ სულაკაურის გამომცემლობამ დიდი საჩუქარი გაუკეთა მკითხველს და ქართულ ენაზე, ეპოქალური პორტუგალიელი ნობელიანტი მწერლის, ჟოზე სარამაგუს კიდევ ერთი რომანი გამოსცა, თანაც სარამაგუს დინამიურ წერის სტილში სრულად გაწაფული, მიხეილ ანთაძის თარგმანში, რომელსაც მწერლის ენობრივი ქსოვილი ბრწყინვალედ აქვს ათვისებული და სრულიად უნიკალურ პროდუქტს გვთავაზობს.

სპილოს მოგზაურობა, სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანია და ის ნაწილობრივ, მისთვის დამახასიათებელ ნიშანს – ისტორიული ამბის ინტერპრეტაციას ეფუძნება, და პორტუგალიაში საჩუქრად გაგზავნილი სპილოს ისტორიას გვიყვება, რომელიც მუდმივ მოგზაურობაშია ჩართული. ერთი შეხედვით გამორჩეული სპილო ევროპის ქალაქების ყურადღებას იპყრობს – ბანალური ამბავი ისტორიის ფურცლებიდან, რომელიც ჟოზეს ენობრივი ოინების წყალობით საოცარი მოგზაურობის სახეს იღებს, და არც ერთი წამით გაწყენს, თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სარამაგუმ ალბათ ყველაზე კარგად იცის, როგორ დაწეროს ნაწარმოები, რომელშიც მოგზაურობენ.

 

ირაკლი სამსონაძე – ქელეხი-ქორწილი

რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ირაკლი სამსონაძის წიგნი – “ქელეხი ქარში”, რომელიც დიდი ზომის მოთხრობის კატეგორიაში დარეგისტრირდა, ამჯერად, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კი, როგორც ჩანს ავტორმა გადაწყვიტა ამბის გაშლა და მასში სხვა, ასევე საინტერესო ამბის მიბმა – ასე მივიღეთ რომანი “ქელეხი-ქორწილი“, რომელიც თავშივე გვეუბნება, რომ საქმე ორ ამბავთან გვექნება, ეს ორი ამბავი კი, ერთი შეხედვით უბედურება და სიხარულია.

პირველი ამბავი გამოტირვის რიტუალია, მოქმედება რესტორანში მიმდინარეობს, 1988 წელია, საბჭოთა კავშირის არსებობის ვადა იწურება. პერსონაჟი მეტსახელად ტრულაილა მეგობრებს დაიბარებს და ქელეხს გადაუხდის თავის, როგორც ნაწარმოებშია ნახსენები – საოხრეს. ქელეხი – ქელეხს არ ჰგავს, მეგობრები მხიარულ განწყობაზე არიან, რის ნიადაგზეც სტუმრად მოიწვევენ ლამარიეს, ქალს, ვისთანაც “ღირსება” დაკარგა, პატივცემულმა ანტაგონისტმა. ამბავი კი გარდაიქმნება, ლამარიას მოსვლა ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს და სუფრაზე მხიარულ განწყობას გაანელებს.

მეორე ამბავი, ოცდაათი წლის თავზე ხდება და კლიმაქსში ჩავარდნილი მსახიობი ქალის შესახებ გვიამბობს, რომელიც უკვე წლებია როლის გარეშეა დარჩენილი და თავისთავად მდგომარეობას მტკივნეულად განიცდის.

 

მიშა ბახსოლიანი – კანიბალიადა

სულაკაურის გამომცემლობა გვეუბნება, რომ მიშა ბახსოლიანის ახალი წიგნი რომანია, სინამდვილეში კი ის მოთხრობაა, თავისი სტრუქტურისა და სხვა ელემენტების წყალობით. ეს ბოლო პერიოდია, სამწუხაროდ ასეთი რამდენიმე შემთხვევა დავითვალე, თუმცა ეს არ აკნინებს ავტორს, პირიქით, ის ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთხრობების მწერალია, თავისებური დამახასიათებელი, სხვა, მოცმეულ საქმეში მყოფთაგან გამოსარჩევი სტილის მქონეა, თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოთხრობები როდის აქით არ ითვლება სერიოზულ ლიტერატურულ აქტად?!

მიშა ბახსოლიანის მოთხრობა სერიოზული მოთხრობაა, ამ სიტყვის ემოციური გაგებით, რადგან შიგნით ყველაფერი ხდება, სამყარო მიედინება, როგორც მდინარე. პირველივე გვერდიდან საქმე ადგილზეა – ჩვეული, თუმცა უკვე გვარიანად დახვეწილი სტილი გვხვდება – ეს არის ძალიან სასაცილო, ერთი ამოსუნთქვით საკითხავი წიგნი სავსე ბევრი გვამითა და სისხლით, და რაღაც მხრივ, სადღაც ამბის შრეში, შეიძლება ყოველდღიურობის ბუნდობანი მაკეტი ამოიცნო.

 

კახა თოლორდავა – გაუზავებლად

ვისაც გიყვართ მხატრული ენით დაწერილი ამბები მუსიკაზე, არაფრით არ უნდა გამოტოვოთ, კახა თოლორდავას სულ ახალი წიგნი – გაუზავებლად.  წიგნი პირველად, სწორედ ფესტივალზე იქნება ხელმისაწდომი.

ეს წიგნი “მასტერკლასების” ერთგვარი კრებულია, – ამბობს ავტორი – რომელიც ისეა ჩეფიქრებული, რომ მისი წაკითხვა ნებისმიერი გვერდიდანაა შესაძლებელი და რომელსაც, იმის მიუხედავად, რომ ყდაზე ჩემი სახელი და გვარი აწერია, სინამდვილეში 31 ავტორი ჰყავს – 31 გენიალური, ღრმად მოაზროვნე ჰუმანისტი თავისი განსაკუთრებული ხედვითა და დამოკიდებულებით არა მხოლოდ მუსიკისადმი, არამედ ზოგადად ხელოვნების, შემოქმედებისა და ცხოვრებისადმი.“

 

10 +  ალბერ კამიუ – ამბოხებული ადამიანი

“ვაპროტესტებ – მაშასადამე ვარსებობ” – დეკარტეს ალუზიით ამბობს წიგნში ალბერ კამიუ, ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს წიგნი ახლა თანამედროვე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წიგნი მგონია, კონტექსტური, თავისი შინაარსის – ირიბი, ზოგჯერ კი პირდაპირი დიდაქტიკის გამო, თანაც მნიშვნელოვანი წიგნია, თვითონ კამიუ ამბობდა, რაც დამიწერია მათ შორის ყველაზე ძვირფასიაო.

ძვირფასი იყო იმიტომ, რომ საკუთარი თავი ბოლომდე გამოხატა, ამ ყველაფერს კი ბევრი მეგობარი შეეწირა, გავრცელებული ვერსიით, სწორედ მოცემულ წიგნში არსებული საკითხებისადმი დაპირისპირების გამო გაუარესდა კამიუსა და სარტრს შორის ურთიერთობა. კამიუ კი ჯიუტად ამბობდა, თავიდან რომ ვწერდე, ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ახლა არისო.

ასეთი წიგნია, ამბოხებული ადამიანი. უკომპრომისო და თანადროული. ესეც ასევე, აუცილებლად საკითხავი ჟანრის წარმომადგენელი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.