fbpx

მოჰამად ჰაფეზის “სირიული ინსტალაციები”


გააზიარე სტატია

ჭერგადახდილი შენობები, მორღვეული კიბეები, უწესრიგოდ მიმოფანტული ტანსაცმელი, ბეტონის დანგრეული კონსტრუქციები, ტყვიებით დაცხრილული საცხოვრებელი სახლების ოთახები, კედლები და ფანჯრები – ეს ინსტალაციები მხატვარს და არქიტექტორს მოჰამად ჰაფეზს ეკუთვნის. პროექტი სირიის ქალაქებში არსებულ რეალობაზე მეტყველებს, სადაც მრავალწლიანმა ომებმა ნგრევა, განადგურება, ასობით ათასობით ადამიანის მსხვერპლი მოიტანა, ხოლო მილიონები დევნილად აქცია.

ყველაფერი კი 15 წლის დაიწყო, როცა დამასკოელი ჰაფეზი არქიტექტურის შესასწავლად აშშ-ში ჩავიდა. მას ერთჯერადი ვიზა ჰქონდა, შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნება 8 წელი ვერ მოახერხა. სწორედ მშობლიური ქვეყნის მონატრების გამო დაიწყო დამასკოსა და ალეპოს ულამაზესი ქუჩების, სახლების, უბნების მაკეტების შექმნა. მისი პირველი ნამუშევრები ომამდელ სირიას ასახავდნენ, მოგვიანებით კი, მშვიდობიანი ყოფა ტრაგიკულმა აწმყომ ჩაანაცვლა.

მოჰამად ჰაფეზის აზრით, მასმედიაში მსოფლიოს ცხელ წერტილებში მიმდინარე ომები საერთო ხედით, ზედაპირულად შუქდება და იშვიათად ხდება კონკრეტულ ისტორიებზე ფოკუსირება. მისი ნამუშევრების პატარა დეტალები კი – ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მინიატიურული სათამაშოები, სკამები, ყვავილების ქოთნები, კონკრეტული ადამიანების ცხოვრების ფრაგმენტებია, რომლებიც დამთვალიერებელს ახსენებს, რომ საუბარი ადამიანებზეა. 

„დასავლეთში ბევრმა არ იცის, თუ რა ჯოჯოხეთურ გზას გადიან ცხელი წერტილებიდან სიკვდილს გამოქცეული ადამიანები. ბევრი მათგანი ამ გზაზე იღუპება, ხოლო ვინც სამშვიდობოს გასვლას ახერხებს, ხშირ შემთხვევაში, აუტანელ პირობებში ცხოვრება უწევს. როგორც მუსულმანებს, უნდობლობითა და შიშით უყურებენ. ჩემი ხელოვნებით ვცდილობ, ისინი დავიცვა და ამავე დროს, ვთქვა, რომ ლტოლვილები ნორმალური ადამიანები არიან. როგორც ამერიკელებს, მათაც ჰყავთ ოჯახები, საყვარელი შვილები, აქვთ ოცნებები და მიზნები“, – ამბობს არტისტი.

გამოფენებზე ჰაფეზის ინსტალაციებს აუდიოჩანაწერებიც ახლავს. მისი მეგობარი, უესლიანის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ერაყელი ლტოლვილია, ავღანელების, კონგოელების, სირიელების, სუდანელებისა და ერაყელების მონათხრობებს იწერს. ინსტალაციების ნახვის პარალელურად, დამთვალიერებელს მძიმე ისტორიების მოსმენაც შეუძლია. 

მინიატიურულ დეტალებს ჰაფეზი რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მასალით ქმნის. მიღებულ ნამუშევრებს კი  ზოგჯერ ჩემოდნებში ანთავსებს. მისი თქმით, ეს სიმბოლურია, რადგან ჩემოდანი იძულებითი გადასახლებულების ტკივილს, მეხსიერებას ინახავს. საინტერესოა ისიც, რომ არტისტს მისთვის უცნობი ადამიანები წინაპრების ნაქონ ძველ ჩემოდნებსაც უგზავნიან. „ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა წამოწყებამ გარკვეული რეფლექსია გამოიწვია. ეს ის ჩემოდნებია, რომლებითაც მათი ებრაელი, გერმანელი, ირლანდიელი თუ ინდუსი ბებიები და ბაბუები ამ ქვეყანაში  ჩამოვიდნენ, ძნელი გზა გამოიარეს თავისუფლების მოსაპოვებლად“, – ამბობს ჰაფეზი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.