fbpx

ჩემპიონთა ლიგა: „ბაიერნი“ და სხვები…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი სათამაშო დღე, ამა თუ იმ მატჩის თითქოს არაპროგნოზირებადი მსვლელობის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში ლოგიკურ შედეგებს გვთავაზობს ხოლმე, გამართლება-არგამართლების საკითხს კი თავისი ალბათობა გააჩნია, რისი საუკეთესო მაგალითიც უკანასკნელი ტურის მიხედვით,  მილანის „ინტერია“. 

პრაღის „სლავიასთან“ გასვლით შეხვედრაში, სანამ სტუმრები გადამწყვეტ გოლს გაიტანდნენ, ჩეხეთის ჩემპიონს არაერთგზის შეეძლო დაწინაურება, ხოლო მასპინძელთა მცველის მიერ მოედნის ცენტრში დაშვებული ფატალური შეცდომა რომ არა, საკითხავია „ნერაძური“ შეინარჩუნებდა თუ არა მერვედფინალში გასვლის შანსს.

გაცილებით საინტერესო ბოლო ტური იქნება. თუკი შარშან „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას „ბარსელონას“ დახმარებით, რომელმაც  შინ „ტოტენჰემს“ ვერ მოუგო, „უმოტივაციო“ „პსვ“-მ გამოასალმა, წლეულს იტალიური კლუბის მომავალი ისევ „ბარსელონაზე“ იქნება დამოკიდებული. 

ნუთუ კვლავ ევროპის ლიგაზე უნდა აღმოჩნდეს „ნერაძური“? ამ გუნდის გულშემატკივართა დასამშვიდებლად, „პსვ“-თან შარშანდელი 1:1-ის შემდეგ, ალბათობა ამჯერად იტალიელთა მოგებისკენ უნდა იხრებოდეს…

„ბარსელონამ“ კი ჩვეულ სტილში დაამარცხა ევროპულ გრანდთაგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი გუნდი, რომელმაც „ტოტენჰემთან“ შარშანდელ ორრაუნდიან ბრძოლაში განცდილი ფიასკოც გაგვახსენა. 

რა სჭირს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ზემოთ ხსენებულ „ინტერთან“ საოცარი მეორე ტაიმი ჩაატარა, ორბურთიანი სხვაობა ამოქაჩა და სამი ქულა მოიპოვა?

ამ ტურში ორბურთიანი სხვაობა უკვე მოურინიოს გაწვრთნილმა „ტოტენჰემმა“ აღმოფხვრა „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრაში და საბოლოოდ თვითონ მოიგო ორი ბურთის უპირატესობით. 

B ჯგუფის და, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდმა მიუნხენის „ბაიერნმა“ კი ქვა ქვაზე არ დატოვა „ცრვენა ზვეზდასთან“ გასვლით შეხვედრაში, სადაც სერბეთის ჩემპიონი ანგარიშით 6:0 გაანადგურა. 

შეიძლება „ცრვენა ზვეზდა“ დღესდღეობით ევროპულ საფეხბურთო გრანდს არ წარმოადგენდეს, მაგრამ კლუბმა ბოლოს და ბოლოს შარშან, ამავე პერიოდში, თვით ტურნირის გამარჯვებული „ლივერპული“ დაამარცხა. 

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი აქვს დაგროვილი, თანაც ხუთივე მატჩი უპრობლემოდ მოიგო. ამგვარად, დღევანდელი გადასახედიდან, ტურნირის გამორჩეული გუნდი გერმანიის ბოლო პერიოდის უცვლელი ჩემპიონია, მასთან შედარებით კი სხვები თითქოს უბრალოდ ასპარეზობენ…

აქედან გამომდინარე, უაღრესად საინტერესო უნდა იყოს B ჯგუფის უკანასკნელი დაპირისპირება, რომელშიც „რეკორდმაისტერი“ მოურინიოს „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს. 

შეძლებს ჟოზე მოურინიო თავისი „მამლებით“ მძვინვარე მოწინააღმდეგის გატეხვას დეკემბერში პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ჩელსისთან“ მატჩების გარემოცვაში?

ან კი ვინ ელოდა, რომ „ტოტენჰემის“ და „ბაიერნის“ პირველ დაპირისპირებამდე  სულ ცოტა ხანში ამ ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლებოდა?

საინტერესოა, უახლოეს მომავალში კიდევ სად შეიძლება ელოდონ ახალ მწვრთნელს? ზემოთ ხსენებულ „ბარსელონაში“ პრესის და გულშემატკივართა უკმაყოფილების მიუხედავად, ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ ვალვერდეს, ზინედინ ზიდანის „რეალი“ კი თითქოს ძალებს იკრებს, სტაბილურობას იძენს და თანდათანობით ლაგდება. 

მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კლუბის“ თამაშის ხარისხი ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი არ არის, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ჯგუფში მეორე ადგილზე გასული მადრიდელები მერვედფინალში რომელიმე გრანდს გამოთიშავენ ასპარეზობიდან… 

„რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით აღარაფერს წყვეტდა, თუმცა სტუმართაგან განსხვავებით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ამ მატჩის წაგების უფლება არ ჰქონდათ პარიზში განცდილი ფიასკოს შემდეგ.

ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში ისკო დააყენა, რომელიც შეცვლამდე მთელი 80 წუთის მანძილზე სხვადასხვა ხერხით ბევრს ცდილობდა დასკვნით ფაზაში თანაგუნდელთა შეტევების გამწვავებას, თუმცა უშედეგოდ. 

შეცვლაზე 68-ე წუთზე შესულმა გარეთ ბეილმა კი მატჩის მიწურულს სტანდარტული სიტუაციიდან ბურთი ძელს მოარტყა და „რეალს“ კინაღამ მოაგებინა შეხვედრა. 

დაპირისპირების ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად ნეიმარი იქცა. ბრაზილიელმა მეორე ტაიმში შემოსვლისთანავე ფინტების კორიანტელი დააწია სერხიო რამოსსა და კომპანიას, მაგრამ ცოტა ხანში მას ერთიორჯერ მწარედ უთავაზეს ფეხში, ეტყობა, დააშინეს, თუ არ მოისვენებ, „სანტიაგო ბერნაბეუდან“ კვლავ ტრავმირებულს გაგიშვებთო და… უკვე სხვებიც გამოცოცხლდნენ. სწორედ ამან განაპირობა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და საბოლოოდ მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.

მაგრამ რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი? ფაქტი ერთია, რომ ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული დიდებული შედეგის მიუხედავად, პარიზულ კლუბს კვლავაც ატყვია ერთგვარი ინფანტილიზმი, რომელიც გვახსენებს ორი წლის წინ „ბარსელონასთან“ თუ შარშან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფანტასტიკის სფეროდან განცდილ მარცხებს…

სტაბილურობის მაგალითს კი ტურინის „იუვენტუსი“ გვიჩვენებს, რომელმაც საბოლოოდ მაინც „მოახრჩო“ მადრიდის „ატლეტიკო“, დაამარცხა რა იგი მინიმალური ანგარიშით 1:0. 

თუკი „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჰანს-დიტერ ფლიკმა თომას მიულერი ამჯერად მეორე ტაიმში შეიყვანა, მაურიციო სარიმ, სავარაუდოდ,  კრიშტიანუ რონალდუს „მოქოქვა“ მოახერხა და პორტუგალიელმა მთელი შეხვედრა უცვლელად ჩაატარა. სამაგიეროდ შეცვალეს დიბალა, თუმცა იქამდე არგენტინელმა ამ მატჩში უკვე ტრადიციისამებრ გამარჯვების გოლი გაიტანა.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები C ჯგუფში, სადაც “შახტარმა“ უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა „მანჩესტერ სიტისთან“ გასვლით მატჩში. ამ შედეგიდან გამომდინარე, ბოლო ტურში შინ „ატალანტასთან“ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინული კლუბი მერვედფინალის გზას გაიკაფავს.

დაძაბულობის მხრივ ასევე G და H ჯგუფები გამოირჩევა. უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და ნამდვილი გერმანული ხასიათი გამოავლინა „ლაიპციგმა“, რომელმაც მსაჯის დამატებულ წუთებზე ორბურთიანი სხვაობა აღმოხვრა და ქულა მოიპოვა. საინტერესოა, რომ „ბენფიკას“ მოგების შემთხვევაში, ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან ოთხივე გუნდს ექნებოდა მერვედფინალში გასვლის შანსი.  

სანახაობრივი თვალსაზრისით გამორჩეული კი „ვალენსიასა“ და „ჩელსის“ შორის ჩატარებული H ჯგუფის შეხვედრა გამოდგა. ესპანურმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „აიაქსის“ მსგავსად, შინ კიდევ ერთი მატჩი არ წაეგო. 

„ჩელსი“ დღესდღეობით აღმავლობის გზაზეა და ალბათ სწორედ ამაზე უნდა ეფიქრა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიმავალ დანიელ პარეხოს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე უკვე მეორე პენალტი გაანიავა. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ამ მატჩში დანიელ ვასის გოლია, რომელმაც ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს შესაძლოა ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე ჰოლანდიელი ვან ბასტენის მიერ საბჭოთა გოლკიპერ რინატ დასაევის კარში გატანილი ბურთი გაახსენა.  

H ჯგუფის ლიდერად კი „ლილთან“ გასვლაზე მოგების შემდეგ ამსტერდამის „აიაქსი“ იქცა. მიუხედავად ამისა, მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალისტი ვალდებულია, რომ უკანასკნელ ტურში შინ „ვალენსიასთან“ ფრედ ითამაშოს.

„აიაქსმა“ გასვლაზე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა ესპანური კლუბი და თუნდაც აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით უნდა შეძლოს ჯგუფური ეტაპის დაძლევა, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ჰოლანდიელთა მიერ მატჩის მიწურულს „ტოტენჰემთან“ შინ გაშვებული  ორი გოლი, რამაც ისინი თითქოს გარანტირებულ ფინალს მიღმა დატოვა…

ტურნირის შარშანდელი ტრიუმფატორი კი მშვიდად მიიკვლევს გზას მერვედფინალისკენ. იურგენ კლოპის ბიჭებს მიმდინარე სეზონში უკვე ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული „ნაპოლისთან“ – ერთი ამხანაგური  0:3, მეორე კი ჩემპიონთა ლიგაზე – 0:2. 

„ნაპოლისთან“ მატჩის 65-ე წუთამდეც იყო იმის საშიშროება, რომ მერსისაიდელები ნეაპოლიტანელებთან კვლავ დამარცხდებოდნენ, რაც უკვე სირცხვილის ტოლფასი იქნებოდა. 

 

„ლივერპული“ ცენტრალურმა მცველმა ლოვრენმა იხსნა, რომელმაც ეფექტური თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა, მერსისაიდელებმა კი ფეხბურთის გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დაანახვეს მიზანსწრაფულობის თანამდევი საოცარი პრაგმატულობა, რის გარეშეც ჩემპიონთა ლიგის და პრემიერლიგის მოგება შეუძლებელია…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.