fbpx

პერუში აღმოჩენილი უძველესი ლანდშაფტური გამოსახულებები – კალენდარი, რიტუალი თუ უცხოპლანეტელების კვალი?


გააზიარე სტატია



პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას პლატოზე, გიგანტური გეომეტრიული გამოსახულებების ჯგუფი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში აღმოაჩინეს. ესპანელი მისიონერი, სასულიერო პირი პედო დე სიესა დე ლეონე რეგიონს ინკების ტერიტორიად,  უცნაურ ხაზებს კი ინდიელთა მიერ გაკვალულ მარშრუტად მოიხსენიებდა.

ნასკას პლატოს შესახებ სამეცნიერო წრეებში საუბარი 1939 წელს გაგრძელდა, როცა ტერიტორია ამერიკელმა არქეოლოგმა პოლ კოსოკმა თვითმფრინავით შეისწავლა. მოგვიანებით კვლევები გერმანელმა არქეოლოგმა მარია რაიხმა განაგრძო, ხოლო პირველი ფოტომასალა 1947 წელს გამოჩნდა, რომელიც ამერიკული სამხედრო ავიაციის დახმარებით იქნა მოპოვებული. 

2019 წლის ნოემბრამდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო 30 გეოგლიფი (კოლიბრის, კონდორის, მაიმუნის, ობობას, ყვავილების გამოსახულებები), ასევე დაახლოებით 13 ათასი ხაზი და 7000-მდე გეომეტრიული ფიგურა (სამკუთხედები, ტრაპეციები და სპირალები). უდაბნოსთვის დამახასითებელი კლიმატის გამო გამოსახულებები კარგადაა შემონახული და მათი არსებობა ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება და ჩვ.წ. III საუკუნეს ითვლის. მასშტაბები განსხვავებულია, ზოგიერთი გეოგლიფი 2 კილომეტრის ფართობზეა განლაგებული. 1994 წლიდან ნასკას პლატო იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაშია. 

15 ნოემბერს იამაგატას უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომლებსაც იაპონელი მეცნიერები 2004 წლიდან ანთროპოლოგ მასატო საკაის ხელმძღვანელობით აწარმოებდნენ. იაპონელმა 142 ახალი გეოგლიფი – ფრინველების, თევზების, ორთავიანი გველების, ასევე სხვა ცხოველებისა და ოთხკუთხათავიანი უცნაური არსებების გამოსახულებები აღმოაჩინეს. 

მასატო საკაის თქმით, ახალი გამოსახულებები პლატოს დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. ისინი ხანგრძლივი საველე სამუშაოებისას და 3D მონაცემების კომპიუტერული ანალიზის შედეგად იპოვეს. ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხერხდა. მეცნიერმა ასევე განაცხადა, რომ დასახლებული პუნქტების ზრდამ და პლატოს ტერიტორიაზე შემოჭრამ ბევრი გეოგლიფი დააზიანა ან უბრალოდ გააქრო.

 

ნასკას პლატოზე არსებული გამოსახულებების შესახებ არ არსებობს საერთო მეცნიერული კონსენსუსი. ზოგიერთი ემხრობა აზრს, რომ მათ კომპასის – სამარშრუტო ფუნქცია ჰქონდათ, საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ფიგურები ასტროლოგიურ კალენდარულ სისტემას წარმოადგენდა, ასევე არსებობს ვერსიაც, რომ  ინკების კულტურაში მათ რიტუალური დატვირთვა ჰქონდათ. თუმცა, მეცნიერთა ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ ნასკას პლატოს გამოსახულებები ნიშნები იყო უცხო ცივილიზაციათა კოსმოსური ხომალდებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.