fbpx

რა უნდა ვიცოდეთ გრიპისა და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ


გააზიარე სტატია


ავტორი: ანი ქისტაური

სეზონისა და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად  გრიპის ვირუსი გვახსენებს თავს. ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპისგან 650 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. რისკ-ჯგუფში შედიან ასევე ბავშვები, მოხუცები და ორსულები.

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სეზონური ინფექციაა. 

არსებობს A, B, C, D ტიპის გრიპის ვირუსები. სეზონურ გრიპს  A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები იწვევენ, ხოლო C ტიპის ვირუსი მსუბუქი გართულებებით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით ხასიათდება.

ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ან ვირუსის შემცველ ზედაპირზე შეხებით ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ყველაზე ეფექტიანი საშუალება ვირუსისგან თავის დასაცავად ვაქცინაა.


რა არის ვაქცინა?

ვაქცინა არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ინფექციური დაავადებების გამომწვევ მკვდარ ან დასუსტებულ მიკრობებს, რომლებიც იმუნიტეტის გამომუშავებას ან გაძლიერებას უწყობენ ხელს. მაგალითად, გრიპის ვაქცინა გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ანტიგენების შემცველობისაა. ვაქცინაციის შემდეგ იმუნური სისტემა პრეპარატში შემავალი მიკრობების საპასუხოდ გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც ვირუსს ებრძვიან.

მითები და რეალობა

ბოლო წლებში ქართულ ონლაინ სივრცეში ვაქცინის შესახებ სხვადასხვა მითი და კონსპირაციული თეორია ვრცელდება. ერთნი ვაქცინებს აუტიზმის გამომწვევად ასახელებენ, მეორენი ამტკიცებენ, თითქოს აცრა ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდასა და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. 

2013 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვაქცინასა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის კავშირი არ არსებობს. 

 
აცრის შემდგომი შესაძლო  გვერდითი მოვლენები:

იმუნური სისტემის ვაქცინაზე რეაქცია შესაძლოა ორგანიზმის სისუსტით, თავის ტკივილით, ტემპერატურის მატებით გამოვლინდეს. ძალიან იშვიათად  ფიქსირდება გილიან-ბარეს სინდრომი (GBS), რომელიც კუნთების დასუსტებითა  და დამბლით გამოიხატება. ალერგიული ფონის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ ექიმი.


რა შემადგენლობისაა გრიპის ვაქცინა?

გრიპის საწინააღმდეგოდ საქართველოში სამ ან ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გამოიყენება. სამკომპონენტიანი  ვაქცინა A და B ტიპის ვირუსების დასუსტებულ შტამებს შეიცავს (H1N1, H3N2, კოლორადოს შტამი), ოთხკომპონენტიანს კი B ვირუსის კიდევ ერთი შტამიც ემატება.

რა დროის განმავლობაშია ეფექტიანი ერთჯერადად ჩატარებული აცრა?

დროებითი იმუნიტეტი, რომელიც ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება, ორგანიზმს ვირუსებისგან საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში იცავს. გრიპის ვირუსი სწრაფად განიცდის მუტაციას, ამიტომ ვაქცინის კომპონენტებიც წინასწარ შესწავლილი ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად იცვლება.

რა პერიოდშია ვაქცინაცია ეფექტიანი?

ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარე ქვეყნებში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება. გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, ამიტომ ვაქცინაცია ოქტომბრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა რეკომენდებული. 


https://www.ncdc.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.