fbpx

პიზას ტესტის შედეგები – საქართველო ბოლოდან მე-8 ადგილს იკავებს


გააზიარე სტატია

 

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მაჩვენებლები  2015 წლის მონაცემებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია და მოცემულ სიაში ის ბოლო ათეულში ხვდება.

საქართველო წიგნიერების ნაწილში 380-ე ადგილს იკავებს, მათემატიკაში 398-ეს, საბუნებისმეტყველოში – 283-ეს. ამ შედეგებით საქართველოს ბევრს სხვა ქვეყანასთან ერთად უსწრებს  ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი, ბულგარეთი, მოლდავეთი, მალაიზია, თურქეთი, უკრაინა და რუსეთი.  კვლევის თანახმად, გოგონები საქართველოდან უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები. 2018 წელს კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 300-ზე მეტი სკოლის 5000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.   

PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება 80-მდე ქვეყანაში და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდებია. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან ჩაერთო. 

პიზას კვლევაში საუკეთესო მაჩვენებლებით პირველ 5 ადგილს იკვებს ჩინეთი, სინგაპური, ესტონეთი, კანადა და ფინეთი. უცხოური მედია ხსნის ესტონეთის ყოფნას მოწინავე პოზიციაზე სხვა, ეკონომიკურად უფრო ძლიერი ევროპული ქვეყნების თავში. BBC-ს თანახმად, ესტონეთში ადრეული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს და ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, უნდა ფლობდეს მოწმობას იმის დასადასტურებლად, რომ ის ემოციურად და გონებრივად მზად არის სასკოლო განათლებისთვის. 

ესტონური განათლების სისტემის წარმატებას განაპირობებს ისიც, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უარი თქვა რუსულ სასწავლო სისტემაზე და თავისი განათლების სისტემა დაუახლოვა ფინურ მოდელს, განავითარა ონლაინ სწავლების ინსტრუმენტები და სწავლა გახადა უფასო, რითაც შეამცირა აკადემიური მოსწრების განსხვავებული მაჩვენებელი ღარიბ და საშუალო კლასის წარმომადგენელ ბავშვებს შორის. 

 

PISA-ს ძირითადი მიზნებია იმის შეფასება, თუ:

  • რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;
  • რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

ტესტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რაც მოზარდებს ინფორმაციის გადამუშავებისას აქვთ. მაგალითად,  ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნას 15 წლის ასაკის მოზარდების საშუალოდ მხოლოდ 9 % ახერხებს. ეს მონაცემი მცირედ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.  კიდევ ერთი საკითხი, რასაც ტესტები ცხადს ხდის, არის ის, რომ კარგი შედეგები უმეტეს შემთხვევაში სოციალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული და რომ განათლებაში დახარჯული ბევრი ფული მაინცდამაინც კარგ შედეგს არ განაპირობებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.