fbpx

დაუბრუნებს თუ არა პრეზიდენტი სარაჯიშვილის ჭაღს სარაჯიშვილის სახლს


გააზიარე სტატია

 

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თითქმის სამი მილიონი ლარიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ძირითადად ანტიკვარული ნივთები: ირანული მამლის ფიგურები, პავლე პირველის პერიოდის ბიუროს სეკრეტარი, ბუხრის საათები, შანდლები, ირანული ფერწერული ტილოები და შუააზიური ხალიჩები, ბუხრის ეკრანი, რამდენიმე ჭაღი, მათ შორის რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული სანათი შეისყიდა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გასალამაზებლად შეძენილი ნივთების შესახებ კვლევა ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა გამოქვეყნა, სადაც საუბარია იმაზეც, რომ ამ ტიპის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა რეკომენდებული არ არის, პირდაპირი წესით შესყიდვა კი კორუფციის რისკებს შეიცავს. 

პრეზიდენტის სასახლისთვის შესყიდულ ნივთებს შორის არაერთი საყურადღებო ძველი და ახალი ნივთი მოხვდა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიაც გამოიწვია ამ შესყიდვების მართებულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ერთი ჭაღის ამბავს მოგიყვებით:

აღმოსავლური ჭაღი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასახლეში მოხვდა, ადრე დავით სარაჯიშვილის სახლის აღმოსავლურ ოთახს ანათებდა.

ეს ჭაღი პრეზიდენტის სასახლისთვის დაახლოებით 78 000 ლარად შეიძინეს, მაშინ როცა “მწერალთა სახლს” მისი პოვნისას, რამდენიმე წლის წინ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ის 5000 ლარად შეუფასეს. 

 

“მწერალთა სახლი”, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახლში ფუნქციონირებს და სადაც დავით სარაჯიშვილის მუზეუმი უნდა მოეწყოს, წლებია ეძებს ნივთებს, რომელიც ამ ისტორიული სახლის ბინადრებს ეკუთვნოდა და ეწევა ფანდრაიზინგს ძველი ავეჯის, სანათების თუ სხვა ნივთების შესაძენად. 

დავით სარაჯიშვილის აღმოსავლური ოთახის ჭაღს სხვა ჭაღის ძებნისას მიაგნეს – ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ასევე სარაჯიშვილისეული ევროპული ჭაღი ეგულებოდათ გასაყიდად, უთხრეს, რომ მათ არა ერთი, არამედ ორი ჭაღი ჰქონდათ სარაჯიშვილის სახლიდან – ევროპული და აღმოსავლური. 

მაშინ მწერალთა სახლი მზად იყო, თითო ჭაღი 5000 დოლარად შეეძინა, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის ექსპერტებმა ისინი ბევრად ნაკლებად შეაფასეს, თუმცა ამჟამინდელი მფლობელისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე ელოდა მწერალთა სახლი ჭაღების მფლობელისგან სასურველი გასაყიდი თანხის დასახელებას და მფლობელი კი რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობას რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ არ გამოჩნდა პრეზიდენტი – ძველი ნივთების სიყვარულით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან სურვილების ასასრულებლად გამოყოფილი 2 მილიონზე მეტი ლარით.

ოჯახმა, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახლიდან ორი ჭაღს და სადილის ჭურჭელს ფლობდა, სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ აღმოსავლური ჭაღი მიჰყიდა.

მწერალთა სახლი კვლავ აგრძელებს ფულის მოძიებას  ევროპული ჭაღის შესაძენად და აპირებს მიმართოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით, რომ სარაჯიშვილის ჭაღი სარაჯიშვილის მუზეუმს გადაეცეს. 

მწერალთა სახლი სახელმწიფო სსიპ-ია და სახელმწიფოს ფულით ნაყიდი ნივთის მოთხოვნისთვის ლეგიტიმური უფლება აქვს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ მათ ამ ჭაღის გაცემა არ გამოუვათ ორი მიზეზის გამო: 

  • ჭაღი არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არამედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბალანსზეა. 
  • თუკი ამ ჭაღს მის პირვანდელ მფლობელს გადასცემენ, უპასუხოდ რჩება კითხვა, რა დაკიდონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწყობილ აღმოსავლურ ოთახში. 

მწერალთა სახლში დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გახსნა 2020 წელს იგეგმება. იქნება თუ არა მუზეუმში აღმოსავლური ჭაღი, გამოდის, რომ პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

მწერალთა სახლი ამ ჭაღის გარდა სხვადასხვა მუზეუმში, ბიბლიოთეკასა და პირად კოლექციებში არსებულ სარაჯიშვილის სხვა ნივთების დაბრუნებაზეც მუშაობს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.