სოკოების სამკურნალო თვისებები და რამდენიმე საინტერესო სახეობა, რომელიც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ
ავტორი: სოფია გიგიტაშვილი
სოკოები ყველგანაა – მიწის ქვეშ, მიწის ზემოთ, ცოცხალ ორგანიზმებში, მცენარეებზე, წყალში, თქვენს დაობებულ პურზე, ხილზე და სუნიან ყველში. ისინი წარმოადგენენ დედამიწის ბიომასის დაახლოებით 25 პროცენტს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკოსისტემის სწორად ფუნქციონირებაში. არსებობს დაახლოებით 1.5 მილიონი სახის ფუნგი, რომელთაგან მხოლოდ 10 პროცენტია შესწავლილი.
სოკოების სამყარო
სოკოები ექსტრემოფილები არიან, ანუ მათ შეუძლიათ ექსტრემალურ გარემოში იარსებონ. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი დედამიწაზე უკვე 1300 მილიონ წელზე მეტია ბინადრობენ.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები სოკოებს მცენარეთა სამყაროს ნაწილად მოიაზრებდნენ, მაგრამ კვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ ცხოველებთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე მცენარეებთან.
ადამიანების მსგავსად, სოკოები ჰეტეროტროფული არსებებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლო ნივთიერებების მისაღებად სხვა ორგანიზმებზე არიან დამოკიდებულნი. განსხვავებაა სოკოსა და ობს (ფუნგს) შორის. ზოგიერთი ტიპის ობი (ფუნგი) სოკო არ არის, მაგრამ ყველა სოკო ობია (ფუნგია).
მიწის ზემოთ ამოსული სოკო ამ კომპლექსური ორგანიზმის მხოლოდ ერთი მხარეა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიცელიუმია, რომელიც მიწის ქვემოთ თეთრი დატოტვილი ძაფების სახით არსებობს. ის წააგავს ინტერნეტ ქსელს, რომლის დახმარებითაც ის მცენარეებს და ხეებს საფრთხის და სხვა გარემოებების შესახებ აცნობებს.
მიცელიუმის საშუალებით სხვა მცენარეები ასევე გებულობენ, თუ სად მდებარეოებს მათთვის მნიშვნელოვანი ნუტრიენტები: წყალი, ფოსფორი, აზოტი და სხვა. მცენარეების 92%-ის არსებობა მიცელიუმზეა დამოკიდებული.
სოკოების სამკურნალო თვისებები
ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ შხამიანი და ვარგისი სოკოები. ვარგისი სოკოები თანამედროვე ფარმაკოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი გამოიყენება ანტიბიოტიკებში (პენიცილინი), იმუნიტეტის და ქოლესტერინის დასარეგულირებელ მედიკამენტებში. კვლევების თანახმად სოკოებს ახასიათებთ ადაპტოგენური და იმუნიტეტის მოდულაციის თვისებები. მათი ადაპტოგენური ბუნება უზრუნველყოფს ორგანიზმის სტრესთან ადვილად გამკლავებას, ხოლო იმუნო მოდულაცია არეგულირებს ორგანიზმის თავდაცვის ფუნქციას, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ისეთი დაავადების რისკს, როგორიც არის სიმსივნე და ავტოიმუნური კონდიციები.
სხვა სასარგებლო ნუტრიენტებთან ერთად სოკოები შეიცავენ:
- სპეციალური ტიპის პოლისაქარიდებს, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანის ორგანიზმში არსებულ ვირუსებს.
- ბეტა გლუკანებს, ისინი ანადგურებენ კიბოს უჯრედებს.
- ტერპენოიდებს, რომელთაც აქვთ ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ისინი ასევე არეგულირებენ ჰორმონებს.
ვარგისი სოკოების მიღება არ იწვევს უკუჩვენებებს. მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად, თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს, დიაბეტის მედიკამენტებს. სოკოებს აქვთ ამ მედიკამენტების მაგვარი თვისებები და ზოგიერთ შემთხვევაში მათი გამოყენება შესაძლოა ზედმეტი აღმოჩნდეს.
სუპერ სოკოები
საბედნიეროდ, ჩვენი გარემო სავსეა სხვადასხვა სახის სოკოებით და მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლება როგორც დანამატების სახით, ასევე კულინარიაშიც. სოკოები უდავოდ იმსახურებენ სუპერფუდის ტიტულს, რადგან მათში შემავალი ნუტრიენტები იცავენ და აჯანსაღებენ ჩვენს ორგანიზმს.
რეიში/Reishi
სამკურნალო თვისებები: ძილის გაუმჯობესება, იმუნური სისტემის გააქტიურება, ჰორმონების, ქოლესტერინის, სტრესის და სეზონური ალერგიების დარეგულირება
შეგიძლიათ მიიღოთ დანამატის, ჩაის, საკვების სახით.
რეიშის სოკოების დედოფალს უწოდებენ. ძველ ჩინურ წყაროებში ის მოხსენიებულია, როგორც ხიდი დედამიწასა და სამოთხეს შორის. მას მხოლოდ იმპერატორები მიირთმევდნენ. რეიშის სამკურნალო თვისებებზე მასში შემავალი ტრიტერპენოიდები, პოლისაქარიდები და პეპტიდოგლიკანები არიან პასუხისმგებელნი. ეს სოკო გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. კერძოდ, მასში შემავალი ნივთიერებები ააქტიურებენ ლიმფოციტების საქმიანობას, რის შედეგადაც ისინი თავს ესხმიან და ერევიან კიბოს უჯრედებს, აქრობენ ანთებით პროცესებს.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა იმუნური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება რეიშის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ. რეიში რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისათვის. მას აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა ქიმოთერაპიის ჩატარების შემდეგაც. ის ასევე ამ დაავადების პრევენციის კარგი საშუალებაა.
სხვა სამკურნალო თვისებების გარდა რეიში ასევე არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. მასში შემავალი სტეროლები და განოდენის მჟავა (ganodenic acid) ხელს უწყობენ ორგანიზმის მიერ ზედმეტი ქოლესტერინის შეწოვას, უჯრედებისათვის ჟანგბადის მიწოდებას, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას და ალერგიის გამომწვევი ჰისტამინის დარეგულირებას.
ჩაგა/Chaga
სამკურნალო თვისებები: კანის ნაოჭებისგან დაცვა, სიმსივნისაგან დაცვა, ადაფტოგენი, ანთების საწინააღმდეგო
შეგიძლიათ მიიღოთ დანამატის, ჩაის, საკვების სახით.
ჩაგა არყის ხეზე იზრდება და ცივი კლიმატი მოსწონს. მას მრავლად შეხვდებით ჩრდილოეთ ევროპაში, ციმბირში, კორეაში, კანადასა და ალასკაში. იგი ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში. რეიშის მსგავსად, ჩაგაც იმუნური სისტემის დამარეგულირებელია. იგი ასევე წარმოადგენს ანტიოქსიდანტების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს. აი, მაგალითად, ერთ ჭიქა ჩაგას ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები 13 კილოგრამ სტაფილოში შემავალ ანტიოქსიდანტებს უტოლდება. ანტიოქსიდანტები იცავენ ჩვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან. თავისუფალი რადიკალები იწვევენ დაღლილობას, ტკივილს, ნაოჭებს, ადრეულ დაბერებას და ქრონიკულ დაავადებებს.
ჩაგაში შემავალ ბეტულინს, რომელიც ორგანიზმში ბეტულინის მჟავად გადაიქცევა, აქვს ადაპტოგენური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის იცავს ჩვენს ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისაგან.
საინტერესოა, რომ ორი ყველაზე გავლენიანი სნოუბორდერი – ტერჯე ჰაკონსენი და ნიკოლას მიულერი სახის კანის და ორგანიზმის ანთებისგან დასაცავად სწორედ ჩაგას იყენებენ.
კორდისეფსი/Cordyceps
სამკურნალო თვისებები: ორგანიზმში ენერგიის წარმოება, ასთმის და ბრონქიტის გაუმჯობესება, ლიბიდოს გაუმჯობესება
შეგიძლიათ მიიღოთ დანამატის, ჩაის, საკვების სახით.
ცნობები კორდისეფსის მოხმარების შესახებ პირველად ჩვ.წ. აღრიცხვამდე 620 წელს, ჩინეთში ტანგის დინასტიის დროს გვხვდება. კორდისეფსი ცნობილია, როგორც “მუხლუხოს სოკო”, რადგან იგი აღწევს მწერის ორგანიზმში, კლავს მას და ამ ორგანიზმის ნუტრიენტების გამოყენებით ცხოვრობს.
კორდისეფსის მთავარი სამკურნალო ეფექტი ენერგიის გაუმჯობესებაა. მასში შემავალი ბეტა გლუკანი აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას და უჯრედებში ენერგიის წარმოებას, კერძოდ, ის ხელს უწყობს ატპ-ს (ATP) მომრავლებას.
ატპ ჩვენი ენერგიის მთავარი რესურსია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ყველა მეტაბოლური ფუნქციის განსახორციელებლად. კორდისეფსს ხშირად იყენებენ სპორტსმენებიც. ცნობილია, რომ ამ სოკომ ყურადღება 1993 წლის ოლიმპიადაზე მიიქცია, როდესაც ჩინეთის მორბენალ ქალთა ჯგუფმა ერთ კვირაში სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი. როგორც აღმოჩნდა, ამის საიდუმლო იყო ელექსირი, რომელიც შეიცავდა კორდისეფსს.
ზოგიერთი სოკო გამოირჩევა ფსიქოტროპული თვისებებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2019 წელს ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტმა ამერიკის მთავრობისგან მიიღო თანხმობა სოკოების ფსიქოტროპული თვისებების სამკურნალოდ გამოყენების კვლევაზე.
მეცნიერების ყურადღებას იწვევს სოკოებში შემავალი ფარმაკოლოგიური ნივთიერება ფსილოსიბინი (psilocybin), რომელიც შესაძლებელია წარმატებული იყოს ტრამვის, დეპრესიის, ალცჰაიმერის, ანორექსიის, ნარკოტიკული ნივთიერებების და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების სამკურნალოდ.