fbpx

წითელი ფერის წყაროები და მისი გამოყენება ვიზუალური ხელოვნების ისტორიის მანძლზე


გააზიარე სტატია



წითელ ფერსა და მის ტონებს ჯერ კიდევ გამოქვაბულის კედლის მხატვრობის პერიოდიდან იყენებდნენ. მას სხვადასხვა ეპოქებსა და ცივილიზაციებში განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, პრეისტორიულ  და წარმართულ პერიოდებში სისხლთან, შესაბამისად, მსხვერპლშეწირვასთან, ხიფათთან და კონფლიქტებთან ასოცირდებოდა, კათოლიკურ სამყაროში სასულიერო პირების ჩაცმულობას დაუკავშირდა, როგორც ქრისტეს სისხლის სიმბოლო, დასავლურ სამყაროში – სიყვარულის, ვნების, სექსუალობისა და სითბოს დატვირთვა მიეცა, ხოლო ზოგიერთ აღმოსავლურ კულტურაში – წარმატებისა და ნაყოფიერების ნიშანი იყო.  

ნახეთ წითელი ფერისა და მისი ტონების გამოყენების რამდენიმე საინტერესო მაგალითი ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში.

 

წითელი ოხრა (ჟანგმიწა)

ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნიმუში ალტამირას მღვიმეში (კარსტული წარმოშობის მღვიმე კანტაბრიის მთებში, ესპანეთის სანტანდერის პროვინცია) ჩვ.წ.-მდე 16500-15000 წლებით თარიღდება. წითელი ბიზონის დასახატად პალეოლითის პერიოდის მხატვარმა წითელი ოხრა გამოიყენა, რომელიც ჟანგეულების კლასის მინერალის, ჰემატიტის (ბერძ. Haima  – სისხლი) და თიხისგან იქნა მიღებული. 

  • წითელი ჟანგმიწა კუევა-დე-ლას-მანოსის (არგენტინის სამხრეთი) გამოქვაბულში. ჩვ.წ.-მდე 13000-9500 წლები

ძველ ეგვიპტეში წითელი ოხრა გამოიყენებოდა, როგორც კოსმეტიკური საშუალება ტუჩებისა და ლოყებისათვის. ძველ ეგვიპტურ კულტურაში წითელი ფერი სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან და გამარჯვებასთან ასოცირდებოდა. 

 

კინოვარი (წითელი ფერის ვერცხლისწყლიანი მინერალი)

მიუხედავად იმისა, რომ მინერალი ძალიან ტოქსიკურია, ის ძველი ეგვიპტელების პერიოდიდან გამოიყენებოდა. ფერი ძალიან პოპულარული იყო ძველი რომის არისტოკრატიაში და აფრიკულ წითელ ოხრასთან შედარებით, გაცილებით ძვირი ღირდა. კინოვარის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუში პომპეიში, ე.წ. მისტერიების ვილების კედლის ფრესკებზე გვხვდება.

ძველი რომის პერიოდში კინოვარი მეტწილად ესპანეთში, ალმადენში მოიპოვებოდა. მაღალტოქსიკურ გარემოში ტყვეებსა და მონებს ამუშავებდნენ.

  • კინოვარის კრისტალი

მე-12 საუკუნიდან ჩინეთში ამ წითელი ფერის მინერალისგან ლაქს ამზადებდნენ და მასალით სხვადასხვა დანიშნულების ხის ნაკეთობებს ღებავდნენ.

  • ყუთი კამელიებით. ჩინეთი. მე-13 საუკუნე

 

ვერმილიონი (სინთეტიკური კინოვარი)

ხელოვნური კინოვარის ფერის გამოყვანა ჩინეთში ჩვ.წ.-მდე IV საუკუნეში დაიწყეს ვერცხლისწყლისა და გოგირდის მეშვეობით. დროთა განმავლობაში ის ევროპაშიც გავრცელდა. აღორძინების ხანის მხატვრობაში სწორედ ვერმილიონი გამოიყენებოდა და არა ბუნებრივი კინოვარი.  მას ნარინჯისფერ-წითელი ტონი აქვს, თუმცა მთავარი ხარვეზი იმაში მდგომარეობს, რომ დროთა განმავლობაში მუქდება და იასამნისფერ-ყავისფრად გარდაიქმნება. ვერმილიონი დიდი ხნის განმავლობაში იყო პოპულარული, მაგრამ მასალის მაღალი ფასისა და ტოქსიკურობის გამო მხატვრებმა ის წითელი კადმიუმით ჩაანაცვლეს. 

  • ტიციანი. „ქალწულის მიძინება“. 1516-1518
  • ტიციანი. “Pesaro Madonna,” 1519-1526

 

მეწამული

იისფერფერში გარდამავალი მეწამული კერმესის (Kermesidae) ოჯახის მწერების გამოშრობით მიიღებოდა. ამ ოჯახის მწერები მუხებზე ბინადრობდნენ და სასურველი საღებავის მისაღებად მათი დიდი რაოდენობა იყო საჭირო. 

  • რუჯერო II-ის (სიცილიის სამეფოს დამაარსებელი და პირველი მონარქი გოტვილების დინასტიიდან)   მანტიის დეტალი. (1130-1140 წ.)

 

კარმინი (იგივე კოშენილის ექსტრაქტი, კარმინის მჟავა)

კარმინი არის მკვეთრი წითელი ფერის პიგმენტი, რომელიც პარაზიტი ხოჭო – კოშენილის ექსტრაქტის ქიმიური დამუშავებით მიიღება.

პიგმენტი ევროპაში მე-16 საუკუნეში მას შემდეგ მოხვდა, რაც ესპანელმა კონკისტადორებმა ისინი აცტეკების კულტურაში აღმოაჩინეს. ჟოლოსფერში გარდამავალ მუქ წითელს ბევრი ევროპელი მხატვარი იყენებდა, მათ შორის, რემბრანდტი, ვერმეერი, ველასკესი. ამ ფერით მუშაობა საფრთხილოც იყო, რადგან მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ იცვლებოდა.

  • „ებრაელი პატარძალი“. რემბრანდტი. 1666
  • „ნეტარი იერონიმე სტრიდონელი“. ელ გრეკო
  • „აგოსტინო პალავიჩინო“. ანტონის ვან დეიკი

 

მე-16 საუკუნეში კოშენილის ხოჭოების იმპორტი ოკეანის გაღმიდან ხორციელდებოდა და იმპორტის მოცულობით მესამე ადგილს იკავებდა ოქროსა და ვერცხლის შემდეგ. ფერი სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა, შესაბამისად, ევროპელი არისტოკრატები ტანსაცმელს კარმინის ფერში ღებავდნენ.

 

ტყვიის სურინჯი

 მაღალტოქსიკური ნარინჯისფერ-წითელი ფერის პიგმენტის წარმოება ხანის დინასტიის ჩინეთში დაიწყეს. სინთეტიკური პიგმენტი ტყვიის მაღალ ტემპერატურაზე დიდხნიანი გამოწვით და აორთქლებული მასის სწრაფი გაციებით მიიღებოდა. ეს სინთეტიკური პიგმენტი ხშირად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ხელნაწერებში, ასევე ინდურ და სპარსულ მინიატიურულ მხატვრობაში. ამ ფერს ხშირად მიმართავდა ვინსენტ ვან გოგიც.

  • „სამეფო სასახლე“. 1539–1543. მირ საიდ ალი, სპარსელი ილუსტრატორი, მხატვარი. 
  • „ღამის კაფე“. ვინსენტ ვან გოგი. 1888

 

წითელი კადმიუმი

 ქიმიური ელემენტის, კადმიუმისგან მიღებული პიგმენტი პოპულარული მე-20 საუკუნეში გახდა.  ცნობილი მხატვრებიდან ანრი მატისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ ფერის გამოყენება დაიწყო. ფერი ასევე პოპულარულია თანამედროვე ხელოვნებაშიც.

  • „შავი გვიმრა ინტერიერში“. ანრი მატისი. 1948
  • „საკლასო ოთახი“ (დეტალი). უილ რაიმენი. 2015 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.