ექსტრემალურად ახლო ფოტოები სოკოების მალულ სამყაროს ასახავს
ფოტოგრაფ ელისონ პოლოკისთვის სეირნობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენება. დიდი ხანია, რაც ტყე მისთვის ღია ცისქვეშ გადასაღებ მოედნად იქცა, სადაც მინიატიურული ობიექტების – სოკოების დათვალიერება და გადაღება შეუძლია. ფოკუსირებითა და მაკროფოტოგრაფიის დახმარებით პოლაკი 1- ან 2-მილიმეტრიანი ობიექტების საოცრად არტისტულ ფოტოებს იღებს. სუნთქვისშემკვრელი სურათები სოკოთა სამეფოს იშვიათად დაფიქსირებულ დეტალებს წარმოგვიდგენს.
სოკოებისა და მიქსომიციტების მრავალფეროვნების გამო პოლოკი ახალი სახეობების აღმოსაჩენად ტყეში დიდ დროს ატარებს. ფოტოგრაფი ფერთა პალიტრის დასანახად ნელ-ნელა მიაბიჯებს და როგორც კი სასურველ ობიექტს შეამჩნევს, გამადიდებელ შუშას იღებს, რათა ჯერ კარგად დააკვირდეს, შემდეგ კი მუშაობას შეუდგეს.
“რაც უფრო მცირე ზომისაა სუბიექტი, მით უფრო მიზიდავს და მით უფრო რთულია მისი გადაღება. 1-2 მმ-მდე სოკოებისთვის მე ვიყენებ ექსტრემალურად მაკროლინზას, რომელიც სტანდარტულზე ხუთჯერ მეტად ზრდის გამოსახულებას. ამ ლინზის გამოყენება ძალიან რთულია, მაგრამ პრაქტიკისა და დიდი მოთმინების შედეგად მაღალდეტალიზებული, თვალისმომჭრელი ფოტოები მიიღება”, – აღნიშნავს პოლოკი.
მიკროფოტოების სერიისთვის პოლოკი ფოტოებს სხვადასხვა კუთხიდან იღებს და დეტალური გამოსახულების შესაქმნელად პროგრამულად ამუშავებს. ზოგჯერ სასურველი ფოტოს მისაღებად 100-300 ფოტოს გამოყენება ხდება საჭირო, მაგრამ საბოლოო შედეგი ამხელა გარჯად ღირს. პოლოკის ფოტოსურათებზე მინიატიურული ქსოვილები ისე გამოიყურებიან, თითქოს ტყის გიგანტები იყვნენ.
ასეთი მრავალფეროვანი და მდიდარი დეტალიზებით მაყურებლები ორგანიზმების არაჩვეულებრივ ფერსა და ტექსტურას აღიქვამენ, რაზედაც აქამდე მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
ფოტოგრაფის მიზანია, ხალხი ტყის ჯადოსნურ სამყაროს აზიაროს:
“მინდა ხალხს ვაჩვენო, თუ რამდენად საოცარი და მშვენიერია ეს პატარა ორგანიზმები. ბევრს არც კი სმენია მიქსომიციტების შესახებ და არც ის იციან, რომ ამდენი პაწაწინა, მშვენიერი სოკო არსებობს ჩვენ გარშემო. ჩემი მიზანია, ის დეტალიზებული სილამაზე ვაჩვენო ხალხს, რომელიც მათივე ფეხის ქვეშ, ტყეში სეირნობისას იშლება”.
პოლოკი შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებაზე მუშაობას აგრძელებს. სხვადასხვა ეკოსისტემაში არსებულ სახეობათა აღმოსაჩენად ფოტოგრაფი ალასკასა და კოლუმბიაშიც გაემგზავრა. მეტწილად უცნობი სამყაროს მრავალფეროვნების კვლევით იგი მოგვიწოდებს, რომ უფრო დაკვირვებით შევხედოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ სამყაროს, რადგან ხშირად ყველაზე პაწაწინა, შეუმჩნეველ არსებებში იმალება უდიდესი ინდივიდუალიზმი.