C ჰეპატიტი – ჩვენი თავგადასავალი — ჯაბა ზარქუას ბლოგი
სტატიას წარმოგიდგენთ:
ავტორი: ჯაბა ზარქუა
1989 წელს ერთი წლის ვიყავი, როდესაც ადამიანებმა ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ შეიტყვეს – ის დაავადება, უწინ რომ „არც A, არც B ჰეპატიტს“ უწოდებდნენ (ჰო, ასე უცნაურად ჟღერდა მისი სახელი), თურმე C ჰეპატიტი ყოფილა! მაგრამ აბა ვინ იცოდა 1989 წლის საქართველოში, რომ ეს დაავადება სერიოზული თავის ტკივილი გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის და დაახლოებით 150 ათას ადამიანს დაემართებოდა.
ამ სამეცნიერო აღმოჩენიდან მალევე საქართველო ოფიციალურადაც გაფორმდა დამოუკიდებლად. მეც ოფიციალურად გავხდი სამი წლის. მეცნიერები კი ამ ახალ დაავადებას ჩაუკირკიტდნენ, როგორც იციან ხოლმე. სანამ ისინი იკვლევდნენ, ომებგამოვლილ დაოსებულ ქვეყანაში ინფექციის კონტროლზე საუბარიც არ იყო და დაავადება იწყებდა მასობრივ გავრცელებას, ჩუმად და სწრაფად.
ათი წლის როცა შევსრულდი, წარმოდგენა არ მქონდა რომ მსოფლიოში სულ რაღაც ცხრა წლის წინ აღმოჩენილი დაავადების პირველი სამკურნალო პრეპარატები გამოსულიყო – ინტერფერონი და რიბავირინი. მედიკამენტები, რომლებიც აბსოლუტური ჰეგემონები გახდნენ ბაზარზე კარგა 2011 წლამდე.
საიდან უნდა მქონოდა წარმოდგენა, კაცმა რომ თქვას, 1998 წელს მე 10 წლის ვიყავი და მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ექიმობაზე და სახელდობრ – გასტროენტეროლოგობა/ჰეპატოლოგობაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი მეთქი. ქვეყანაში კი რაც ხდებოდა ალბათ გახსოვთ, ახლა რომ ნამეტანი რომანტიკულ ელფერში ვბურავთ, ეგ დრო იყო სწორედ, არაფერი რომანტიკული რომ არ ეყარა სინამდვილეში მასში. ვის ეცალა C ვირუსისთვის, ნავთის რიგში იდგა ქვეყანა.
ახლა ორი სიტყვა ამ ჰეგემონ წამლებზე მინდა ვთქვა, იმსახურებენ. ალბათ არის რაღაც ტიპის მედიკამენტები, რომლებიც განსაკუთრებული იმიჯით სარგებლობენ საზოგადოებაში, ცუდით თუ კარგით. მედიცინის „კარდინალი რიშელიეები“, ასეც შეგვიძლია დავარქვათ. ვინმემ რომ ასეთი ტიპის მედიკამენტების ნუსხა ჩამომაწერინოს, მოწინავე ადგილებში ინტერფერონს შევიყვანდი აუცილებლად.
რეალურად, ამ პრეპარატს ჰქონდა გარკვეული უკუჩვენებები, ბევრი გვერდითი მოვლენა და არცთუ ისე დიდი სამკურნალო ეფექტი. ამ ყველაფერს ემატებოდა ხარჯებიც, რადგან საქართველოში საკუთარი ჯიბით თუ დაიფინანსებდა ვინმე ინტერფერონით მკურნალობას, თორემ აბა სად იყო მაშინ ან პროგრამა, ან რამე მიახლოებული. საკუთარი თავის დაფინანსება კი არ ღირდა იაფი – რამდენიმე ათას დოლარზე ისე ადიოდა ხარჯი, როგორც დაგიბარებიათ, თან მაშინ დოლარიც სხვა იყო.
ჰოდა, C ვირუსის მკურნალობის მითოლოგიზაციას პრეპარატის თავისებურებებთან ერთად იმანაც შეუწყო ხელი, რომ ის ერთგვარი „რჩეულთა ხვედრი“ გახდა, რთულად ხელმისაწვდომი.
მის გამო ან ენით აუწერელ ფინანსურ რისკებზე მიდიოდნენ პაციენტები ან სულაც ახალი ცხოვრების გზას ადგებოდნენ უცხო ქვეყნებში. სამწუხაროდ, ეს მითები დღემდე თან სდევს ამ დაავადების სამკურნალო წამლებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ძველებისაგან.
გამოხდა ხანი, 23 წლის ჯაბა სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლოში იყო გასული და ბევრი რამ არ იცოდა ზუსტად, გარდა იმისა, რომ ქირურგობა არ უნდოდა ცოცხალი თავით და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებისკენ მიისწრაფოდა, ოღონდ ეს უკეთესი ქვეყანა საქართველო უნდა ყოფილიყო. ქვეყანაში კი ამ დროს ყველაფერი ნელ-ნელა ირეოდა და ირეოდა.
ავტორიტარული მმართველობით დაბანგული რევოლუციური ხელისუფლება ბოლო ჟამს ითვლიდა ქვეყნის მმართველობის სადავეებში, რაღაც უნდა მომხდარიყო, ცვლილებების სუნი იდგა ჰაერში. მსოფლიოშიც იგივე სიტუაცია იყო – ტელაპრევირი და ბოცეპრევირი. პირველი „რაღაც ახალი“ C ჰეპატიტის მკურნალობაში, რამაც ინტერფერონის ამდენწლიან ავტორიტარიზმს წყალი შეუყენა და 170 მილიონ ინფიცირებულ ადამიანს ჩაუსახა ახლის იმედი. აღსანიშნავია, რომ ამ ორმა მედიკამენტმა უფრო ტოქსიკური გახადა დაავადების მკურნალობა და 2 წელიწადში საერთოდაც გაქრა ხმარებიდან, თუმცა 2 წელიწადში არ გამქრალა საქართველოს ახალი ხელისუფლება, პირიქითაც – ტოქსიკურობა და გვერდითი მოვლენები სწორედ ამ დროიდან გამოავლინა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
მოკლედ, ერთ წელიწადში, 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლება პირველად შეიცვალა არჩევნებით, ხოლო ორ წელიწადში – C ჰეპატიტის ძველი მკურნალობები საბოლოოდ დაემხო შეუქცევადი რევოლუციით – ბაზარზე გამოჩნდა მედიკამენტი სოფოსბუვირი, რომელიც მალევე მოინათლა გარდამტეხ მიღწევად ამ დაავადების მართვის საკითხებში.
სოფოსბუვირმა ჯერ ის მოახერხა, რომ ინტერფერონით მკურნალობის ხანგრძლივობა და შესაბამისად – გვერდითი მოვლენები შეამცირა მნიშვნელოვნად, თან ეს ყველაფერი საგრძნობლად გაზრდილი განკურნების შანსების პარალელურად.
მერე კი ის ჰქნა, რომ ბიძგი მისცა ნამდვილ ბუმს კლინიკურ კვლევებში და საფუძველი დაუდო დიდებულ, შეუქცევად პროცესს – პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტების გამოგონებას, რომლებმაც მალე ინტერფერონის ხსენებაც კი გააქრეს C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების ნუსხიდან.
2013 წლიდან ვიდრე დღემდე, პროგრესი არის იმდენად სწრაფი, რომ მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ საგანმანათლებლო ტესტურ შეკითხვებს ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანიზაციები სპეციალობის მაძიებლებისთვის აღარც ადგენენ, რადგან სანამ კითხვა სტუდენტამდე მივა, პასუხი უკვე დაძველებულია – ახალ მკურნალობებს ბოლო არ უჩანს.
2015 წლიდან ოფიციალურად გადავიკვეთეთ მე, C ვირუსი და საქართველო – დაიწყო C ვირუსის ელიმინაციის პროექტი სწორედ იმ კომპანიის თაოსნობით, რომელსაც ეკუთვნოდა ზემოთ არაერთხელ ხსენებული რევოლუციური მედიკამენტი – სოფოსბუვირი.
მას შემდეგ პროექტმა ბევრი რამ გამოიარა და დღეს სრულიად სხვა შინაარსისა და ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს 2015 წელს იყო. თუმცა, სანამ მომდევნო პუბლიკაციებში პროექტში არსებულ მედიკამენტებზე, გვერდით მოვლენებზე, C ვირუსზე, საზოგადოებაში გამეფებულ შიშებსა თუ მავნებლურ ჭორებზე გაგესაუბრებოდეთ, მანამდე მარტივად და დამაჯერებლად შემიძლია მოგიჭრათ – სამედიცინო კუთხით, პროექტი არის იდეალური და უანალოგო.
უფრო ემოციურადაც შემიძლია გითხრათ – დაჯერებაც კი მიჭირს ზოგჯერ, რომ აქ და ახლა, აი სწორედ ასეთ საქართველოში როგორსაც ფანჯრიდან უყურებთ, გვაქვს საშუალება C ვირუსზე უშიშრად ვილაპარაკოთ და ეს თემა იმდენად „უინტერესო“ გავხადოთ სამედიცინო დეტექტივის გადმოსახედიდან, რომ მისი მართვა ვიწრო სპეციალისტებიდან ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს გადავცეთ.
უცნაური ქვეყანაა საქართველო. ყოველთვის მოულოდნელად უმართლებს ხოლმე სხვადასხვა სფეროში. განა გამართლება არაა, ღარიბი ქართველი გაჭირვებული ჯანდაცვის სისტემითა და მდიდარი ევროპელი სუპერ განვითარებული ჯანდაცვით, ერთნაირი წამლებითა და ალგორითმებით რომ მკურნალობენ სრულიად თავისუფლად?
არ ვაკნინებ არც ერთი იმ ადამიანის ღვაწლს, რომელმაც ბევრი იმუშავა ამ თემის განხორციელებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი დეტალებია, გლობალური გადმოსახედიდან კი, გამართლებაა ჩემთვის ცალსახად, დიდი შანსია და მომდევნო რამდენიმე პუბლიკაცია მინდა დავუთმო ყველა იმ მავნებლური ჭორის გაცამტვერებას, რასაც პროგრამის მიმდინარეობის დროს წავწყდომივარ და რასაც პაციენტები დაუბრკოლებია ამ შანსის გამოყენებისგან.
2,348 total views, 1 views today