“ეკრანიზატორი” – საგამოფენო მოწყობილობა, რომელიც მონეტის სანაცვლოდ ფოტოს გიჩვენებთ
ავტორი: ნინი დარჩია
წარმოგიდგენთ “ობსკურას” გუნდის ახალ პროექტს – “ეკრანიზატორს”, რომელიც ძირითადად მისი ერთ-ერთი წევრის, სანდრო სულაბერიძის მიერ არის აწყობილი. გვესაუბრება “ობსკურას” გუნდის წევრი, კურატორი მარიამ ლორია:
მოგვიყევით “ობსკურას” ჯგუფის ახალი პროექტის, “ეკრანიზატორის” შესახებ
“ეკრანიზატორი” ჩვენი გამოგონილი ექსპერიმენტული საგამოფენო მოწყობილობაა, მონეტის ჩაგდების შემდეგ აჩვენებს ფოტოს. აპარატი შეიძლება ნებისმიერ სივრცეში დაიდგას, სადაც დენის წყაროსთან ექნება წვდომა. 170x65x65სმ., დაახლოებით მაცივრის ზომის არის და აჩვენებს სლაიდის, ანუ პოზიტიური ფირით გადაღებულ ფოტოებს.
“ეკრანიზატორი” ძირითადად სლაიდის ფირის თავიდან აღმოჩენას, ამ მიმართულებით დაინტერესებული ფოტოგრაფების და კოლექციონერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სლაიდის ფირი მეოცე საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო, რადგან მაღალი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩეოდა, მაგრამ ციფრული ფოტოს გამოჩენასთან ერთად დაკარგა აქტუალობა. ბოლო რამდენიმე წელია ფირის ფოტოგრაფიაში პოზიტიური ფირით გადაღება ისევ პოპულარული ხდება. ვფიქრობთ, რომ საქართველოში ამ დარგს ხელშეწყობა სჭირდება.
სლაიდის ფირით დაინტერესებული ფოტოგრაფებისთვის ეკრანიზატორი ახალი ფორმატია, რომლის მეშვეობით შეუძლიათ აჩვენონ ნამუშევრები. ახალი ფოტოების გარდა “ეკრანიზატორი” იძლევა საარქივო მასალების ჩვენების უნიკალურ შესაძლებლობას.
სლაიდის არქივი სპეციფიკურია, მის დასათვალიერებლად სპეციალური დანადგარებია საჭირო. “ეკრანიზატორით” კი, მაგალითად, 50 წლის წინანდელი სლაიდები დღეს შეგვიძლია თავიდან ვნახოთ და ახალ კონტექსტში დავაკვირდეთ. თუმცა, ჩვენი საგამოფენო დანადგარით სლაიდის ფორმატზე მორგებული სხვა ნამუშევრების ჩვენებაც არის შესაძლებელი, რაც ვიზუალურ ხელოვნებაში ექსპერიმენტების ახალ შესაძლებლობასაც ქმნის. გვიხარია, რომ სლაიდის მანქანისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ექსპერიმენტული განაცხადებიც.
ვისი იდეა იყო და ვინ და როგორ განახორციელა ტექნიკურად?
სათამაშო აპარატის მსგავსი საგამოფენო მანქანის გაკეთების იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, “ობსკურას” შეკრებებზე ბევრი ვიმსჯელეთ და რამდენიმე იდეად გავყავით, ერთ-ერთი არის “ეკრანიზატორი”. ვფიქრობთ, რომ ხელოვნების წარდგენის ექსპერიმენტულ ფორმებზე მუშაობა პუბლიკასთან ახალი ტიპის ურთიერთობის დამყარებაში დაგვეხმარება.
საჯარო სივრცეში მონეტაზე მომუშავე საგამოფენო მანქანა, რომელიც მაყურებლის მხრიდან აქტივობის შედეგად იწყებს ნამუშევრის ჩვენებას, გამოწვევაა არა მხოლოდ ხელოვანისა და კურატორისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც. ისიც საინტერესოა, რომ შემოსული მონეტებით მომდევნო ნამუშევრების ჩვენების უზრუნველყოფა არის შესაძლებელი, ასე ვთქვათ, აპარატი თავის თავს თვითონ აფინანსებს.
2019 წლის ზამთარში “ეკრანიზატორის” პირველი პროტოტიპი შევქმენით. სლაიდის ფირზე მომუშავე აპარატისთვის პირადი რესურსებიც ჩავრთეთ. ძირითადად სანდრო სულაბერიძემ იმუშავა აპარატის გამართვაზე ინჟინერ ზურა პაპიაშვილთან ერთად.
მეგობარი ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ სივრცით, ტექნიკური რესურსით. კარგი თანამშრომლობა გამოვიდა, ნულიდან დავიწყეთ აპარატის აწყობა. რამდენჯერმე გამოვცადეთ პროტოტიპი. მაისში “ოქსიჯენზეც” იყო წარმოდგენილი, სანდროს ფოტოს აჩვენებდა. პროტოტიპი “ეკრანიზატორის” საბოლოო ვერსიასთან შედარებით მცირე ზომის არის, მაგრამ იგივე პრინციპზე მუშაობს. მონეტის ჩაგდების შემდეგ გარკვეული დროით აჩვენებს ფოტოს.
სატესტო ჩვენებებმა გაამართლა. გაზაფხულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა ხელოვნების ექსპერიმენტული გამოგონებებისთვის კონკურსი, რომელიც ჩვენ პროექტს პირდაპირ მოერგო და კონკურსშიც გავიმარჯვეთ. ამან მოგვცა საშუალება სამი სრულყოფილი აპარატი აგვეწყო.
სად შეიძლება ვნახოთ “ეკრანიზატორი” და რა არის წარმოდგენილი ამჟამად?
სამი აპარატი დგას თბილისში სხვადასხვა ადგილზე: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლ.გუდიაშვილის ქ.N7), ფაბრიკაში, Black Dog Shop-ში (ე.ნინოშვილის N8) და ბარ “პოლიტიკაში” (დ. აღმაშენებლის 164). სამივე აპარატი 31 ოქტომბრიდან ამოქმედდა და ღია კონკურსის წესით შერჩეული ნამუშევრები ყოველ კვირას იცვლება. სლაიდის ფირით გადაღებული ფოტოების გარდა გვაქვს ამ ფორმატზე მორგებული სხვა ექსპერიმენტული ნამუშევრებიც.
პირველ ეტაპზე შერჩეული თორმეტი ნამუშევრის ავტორები/კოლექციონერები არიან: ანასტასია ახვლედიანი, ნინო გავაშელი და გაბორ ერლიხი, გიორგი იმნაძე, ხობ სანჩესი, ლექსო სოსელია, სალომე ქორიძე, ნინუცა შატბერაშვილი, ელენე შეყლაშვილი, ივა ჩიტიძე, გურამ წიბახაშვილი, ქეთევან ჯანანაშვილი, სალომე ჯოხაძე.
როგორ უნდა მოხვდეს ნამუშევარი “ეკრანიზატორში”? ღია კონკურსები თუ გექნებათ?
ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს “ეკრანიზატორით” საარქივო კოლექციის ან სლაიდის ფირით გადაღებული / სხვა ამ ფორმატზე მორგებული ნამუშევრის ჩვენება. სექტემბერში დავიწყეთ კონკურსის წესით ნამუშევრების შერჩევა.
მთელი მომდევნო წლის განმავლობაში მუდმივად ღია იქნება კონკურსი, სადაც ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] შეუძლიათ დაინტერესებულ ავტორებს/კოლექციონერებს ნამუშევრის ციფრული ვერსია მოგვაწოდონ.
პარალელურად ჩვენც ვეძებთ ხელოვანებს/კოლექციონერებს და ვთავაზობთ თანამშრომლობას.
როგორია “ეკრანიზატორის” სამომავლო გეგმები
“ეკრანიზატორი” 2019 წლის ბოლომდე ახალ ნამუშევრებს შესთავაზებს დამთვალიერებელს და მომდევნო წლიდან შეიძლება სხვა ადგილზეც გადავინაცვლოთ, რამდენიმე ორგანიზაციასთან გვაქვს მოლაპარაკება. სამივე აპარატის ერთი და იგივე ადგილზე დადგმით კიდევ ახალი ტიპის ექსპოზიციის შექმნის შესაძლებლობაც არსებობს. ველოდებით საინტერესო მასალას და ამის მიხედვით დაიგეგმება 2020 წელი “ეკრანიზატორისთვის”.