fbpx

“გლობალური ეპიდემია”: რატომ არიან მოზარდები ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები?


გააზიარე სტატია

ავტორი: ჯეიმს გალაჰერი

 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” კვლევის მიხედვით, 11-დან 17 წლამდე მოზარდებში, ხუთიდან ოთხი ბავშვი საკმარის ფიზიკურ აქტივობას არ იჩენს. შედეგად, ზიანდება მათი ჯანმრთელობა, ტვინი ნორმალური ტემპით აღარ ვითარდება და იქმნება სოციალიზაციის პრობლემები.

 

რომელი აქტივობები ითვლება ვარჯიშად?

  • სირბილი
  • ველოსიპედის ტარება
  • ცურვა
  • სპორტი
  • ხტუნვა
  • ტანვარჯიში

რეკომენდებულია, რომ მოზარდმა დღეში 60 წუთი ივარჯიშოს, ზომიერიდან  ენერგიულ ტემპამდე. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ბავშვები ზარმაცები არ არიან, უბრალოდ პრობლემა  ისაა, რომ ფიზიკურ აქტივობას პრიორიტეტად არ მივიჩნევთ.

 

რეკომენდებული აქტივობები ასაკების მიხედვით:

  • 5-18: 60 წუთი ფიზ. აქტივობა ყოველდღე
  • 19-64: 150 წუთი საშუალო სირთულის ვარჯიში კვირაში
  • 65+: 150 წუთი საშუალო სირთულის ვარჯიში კვირაში და მდგრადობის ვარჯიშები კვირაში ორჯერ

 

რატომ უნდა ივარჯიშოთ?

მთავარი მიზეზი ჯანმრთელობაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაშიც მნიშვნელოვანია.

 

ფიზიკური აქტივობის შედეგად:

  • გიძლიერდებათ ძვლები და კუნთები
  • უმჯობესდება გულისა და ფილტვების მუშაობა
  • მცირდება მრავალი დაავადების რისკი, როგორებიცაა: გულის შეტევა, ინსულტი, მე-2 ტიპის დიაბეტი და სხვ.

 

კვლევების მიხედვით, აქტივობა ტვინის განვითარებასაც უწყობს ხელს.

“ბავშვებს უვითარდებათ შემეცნებითი ფუნქციები, უფრო მარტივად სწავლობენ და სოციალური ქცევაც უმჯობესდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ექიმმა რეჯინა გუტჰოლდმა.

არ არსებობს ერთი პასუხი, რომელიც განმარტავს, თუ რატომ არის მოზარდებში აქტივობის დონე ასეთი დაბალი.

”ამ ასაკობრივ ჯგუფში ახალგაზრდები ძალიან მონდომებულები არიან, რომ ისწავლონ და იმუშაონ. დღის უმეტეს პერიოდში ისინი დაკავებულები არიან დავალებების წერით, ამიტომ ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა აღარ აქვთ”, – ამბობს ლეან რაილი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

 გარდა ამისა, ციფრულ სამყაროში უამრავი რამ არსებობს, რასაც ბავშვები ზედმეტ დროს უთმობენ: კომპიუტერები, პლანშეტები, მობილურები – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ხელს უშლის სხვა აქტივობებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებით, ფიზიკური უმოქმედობა უნივერსალური პრობლემაა. კვლევის მიხედვით, ფილიპინელი ბიჭები (93%) და გოგონები სამხრეთ კორეაში (97%) ყველაზე არააქტიურები არიან. 

ამერიკაში ეს მონაცემები განსხვავებულია: ფიზიკურად არააქტიურია ბიჭების 75% და გოგონების 85%. 

ბანგლადეშში ახალგაზრდები შედარებით უფრო მეტს ვარჯიშობენ, მაგრამ სამიდან ორი ბავშვი დღის განმავლობაში ერთი საათითაც არ ვარჯიშობს.

კვლევის თანახმად, მხოლოდ ოთხი ქვეყანაა – ტონგა, სამოა, ავღანეთი და ზამბია – სადაც გოგონები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ბიჭები. გლობალურად გოგონების 85% ძალიან ცოტას ვარჯიშობს, ხოლო ბიჭებში ეს მაჩვენებელი 78%-ია.

სასკოლო ასაკის ბავშვების ყველაზე მეტად და ნაკლებად აქტიური ქვეყნების ხუთეულები

რატომ არის გოგონებში აქტივობის მაჩვენებელი ასეთი დაბალი?

კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ კულტურულ განსხვავებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში გოგონებს არ აძლევენ მოტივაციას, რომ ივარჯიშონ, ამიტომ ამ საკითხში უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო.

კვლევაში, რომელიც The Lancet Child & Adolescent Health-ში  გამოქვეყნდა, მიმოიხილეს აქტივობის დონე 2001-2016 წლებში. ამ დროის განმავლობაში ბიჭებში მაჩვენებელი 80%-დან 78%-მდე დაეცა, გოგონებში კი 85%-ზე დარჩა.

“ციფრულმა რევოლუციამ მთლიანად შეცვალა ადამიანი. მას ნაკლები სძინავს, დღის განმავლობაში ძირითადად მჯდომარე მდგომარეობაშია და უფრო მეტად მანქანით გადაადგილდება, ვიდრე ფეხით. ფიზიკურად აქტიური ბავშვები უფრო ჯანმრთელნი არიან და უკეთესადაც სწავლობენ. ბავშვებსა და ახალგაზრდებს უნდა გავუმარტივოთ ჯანსაღი ცხოვრება, მაგრამ ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად”, – ამბობს მარკ ტრემბლეი, აღმოსავლეთ ონტარიოს კვლევითი ინსტიტუტის ექიმი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.