მერაბ ნინიძის ახალ ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართება
2020 წლის სანდენსის კინოფესტივალი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორედ აქ უჩვენებენ მერაბ ნინიძის მონაწილეობით გადაღებულ ახალ ფილმს Ironbark. ქართველი მსახიობი პარტნიორობას ისეთ მსახიობებს გაუწევს, როგორებიც არიან სერიალ “შერლოკის” ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი და The Marvelous Mrs. Maisel-ის ვარსკვლავი რეიჩელ ბროსნაჰანი.
ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ჯაშუშ გრევილ უეინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის ამბებში მონაწილეობს.
ფილმში მერაბ ნინიძე ოლეგ პენკოვსკის როლში მოგვევლინება.
გარდა ამისა, სწორედ სანდენსში იხილავს მაყურებელი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის დრამას, And Then We Danced.
როგორც ცნობილია, სანდენსის ფესტივალზე ათასზე მეტი განაცხადი იყო შესული, მათ შორის 3 853 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის. მათგან კი დიდ ეკრანზე საჩვენებლად მხოლოდ 118 ფილმი შეირჩა, მათ შორის მოხვდა სწორედ ლევან აკინის არაერთ ფესტივალზე გამარჯვებული გახმაურებული დრამაც.
And Then We Danced-ს იმ სექციის ფარგლებში აჩვენებენ, რომლის ფარგლებშიც ამავე ფესტივალზე სხვადასხვა დროს უჩვენებიათ ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიცა არიან იორგოს ლანთიმოსი და პაველ პავლიკოვსკი.
სანდენსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ცნობილი და გავლენიანი კინოფესტივალია, რომელიც საავტორო კინოს განვითარებას უწყობს ხელს.
2010 წლის შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად, ფესტივალს ახალ-ახალი სექციები ემატება, რაც, საბოლოო ჯამში, მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფესტივალად აყალიბებს.
2016 წელს, 46 ათასზე მეტი დამსწრით, სანდენსი უდიდესი დამოუკიდებელი კინოფესტივალი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2020 წლის ფესტივალი 23 იანვარს დაიწყება და 2 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.