გამოცხადდა ლიტერატურული პრემია “საბას” 2019 წლის გამარჯვებულები
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის – პრემია “საბას” დაჯილდოვების ცერემონია. თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 33 ფინალისტიდან გამოვლინდნენ „საბას“ მე-17-ე სერიის გამარჯვებულები. წელს ჯილდო 8 კატეგორიაში გაიცა.
პრემია საბა ” საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის” გადაეცა თემურ ბაბლუანს რომანისთვის “მზე, მთვარე და პურის ყანა”. ამავე ნომინაციაში მეორე პრემიაც გაიცა, რომელიც ნილს სიმეონმა, იგივე ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მხატვარმა და რეჟისორმა გიორგი მასხარაშვილმა მიიღო, საბავშვო წიგნისათვის “14 კრისტალის თეორია”.
ასევე 2 პრემია გაიცა ნომინაციაში “საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”. ლიტერატურული პრემია “საბა” გადაეცათ სულხან სალაძეს წიგნისთვის “უცნობი ძველი აჭარა” და ნინო ლომაძეს არაჩვეულებრივი ტექსტისთვის “ვაშლის ბაღები”.
2019 წლის საუკეთესო პიესად საბას ჟიურიმ ალექსანდრე ლორთქიფანიძის “დისტოპიუსები” დაასახელა. პირველად “საბას” ისტორიაში ყველაზე მეტი, 111 წიგნი იყო წარმოდგენილი ნომინაციისათვის – „უცხოური ნაწარმოების წლის საუკეთესო ქართული თარგმანი“. ამ კატეგორიაშიც 2 ჯილდო გაიცა. პრემია “საბა” გადაეცათ – ნანა ტონიას ევრიპიდეს “პეკაბესთვის” და ლელა დუმბაძეს ვირჯინია ვულფის “ორლანდოსთვის”.
წლის “საუკეთესო ლიტერატურული კრებულისათვის” “საბა” გადაეცა მწერალ ზაალ სამადაშვილს წიგნისთვის “ოსტატთან შეხვედრა”.
წლის “საუკეთესო პოეტურ კრებულად” დასახელდა ზაზა ბიბილაშვილის “ფაზლი”.
“საბამ” წლის საუკეთესო რომანად აკა მორჩილაძის “კუპიდონი კრემლის კედელთან” აღიარა.
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცა მსოფლიო ლიტერატურული შედევრების ერთ ერთ საუკეთესო მთარგმნელს მანანა გიგინეიშვილს.
პრიზები გამარჯვებულებს ჟიურის წევრებმა: თეა თოფურიამ, გიორგი კეკელიძემ, რუსუდან რუხაძემ, ზაალ ანდრონიკაშვილმა და ხათუნა ცხადაძემ გადასცეს.
დაჯილდოებას ნომინანტები, მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურის კრიტიკოსები და მოყვარულები დაესწრნენ.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ვიზუალური სტილი წელს გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატებით და 1924 წელს დაარსებული ფუტურისტული ჟურნალით – H2SO4 იყო შთაგონებული.
საღამოს არაჩვეულებრივი მუსიკალურ ნაწილს გიორგი ცაგარელი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ნანუკა გოლიაძესთან ერთად წარუძღვა.
შესრულდა ლეგენდარული კომპოზიტორის კომპოზიციები “მეგობრებისადმი მიძღვნილი წერილებიდან”. გაიზარდა „საბას“ საპრიზო ფონდიც. 7 კატეგორიაში 4,000-ის ნაცვლად ჯილდოდ 6,000 ლარი გაიცა, ხოლო ნომინაციის „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გამარჯვებულმა 8,000 ლარის ნაცვლად 10, 000 ლარი მიიღო.